ახალი ამბები

„სოვლაბი“ ეროვნული არქივის შენობაში ხანძრის შედეგებზე კომისიის შექმნას ითხოვს

9 სექტემბერი, 2023 • 1955
„სოვლაბი“ ეროვნული არქივის შენობაში ხანძრის შედეგებზე კომისიის შექმნას ითხოვს

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გუშინ, 8 სექტემბერს ეროვნული არქივის კინოსაცავში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, რომელმაც ისტორიული კინოფირები გაანადგურა, განცხადებას აქვეყნებს და კატასტროფის შედეგების შემსწავლელი ღია ფორმატის კომისიის შექმნას ითხოვს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დაზუსტებით არაა დადგენილი რა პერიოდის და რა მოცულობის მასალა დაიღუპა აუნაზღაურებლად, მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მეხსიერებისადმი სახელმწიფოს ზერელე, ხშირად კი დესტრუქციულ მიდგომას, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს არქივებზე წვდომას.

„სოვლაბის“ განცხადებით, წლების განმავლობაში, არქივებზე წვდომის ხელოვნური შეზღუდვების ზრდისა და მკვლევართათვის სისტემატური ხელის შეშლის ფონზე, ძნელია ნდობით მოვეკიდოთ მტკიცებას იმის შესახებ, რომ ყველა განადგურებული ფირი გაციფრულებულია.

„სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ: კატასტროფის შედეგების შემსწავლელი ღია ფორმატის კომისიის შექმნას, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების მაქსიმალურ კონტროლს, გამჭვირვალეობას და მოქალაქეთა ინფორმირებულობას; კატასტროფაზე როგორც ინდივიდუალური, ასევე სისტემური პასუხისმგებლობის დაკისრებას“ — ნათქვამია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მომხდარი ტრაგედია შეგვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ აიძულოს სახელმწიფოს საარქივო საცავების ადეკვატური მოვლა და, ასევე, აღნიშნავენ, რომ ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე დახურული და საზოგადოებასთან არმოთანამშრომლე სისტემიდან აუცილებელია გადაიქცეს ღია და საზოგადოებრივ კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო ინტერესის მომსახურე ინსტიტუციებად:

„ცნობისათვის, კომუნისტური პარტიის უზარმაზარი არქივი, რომელშიც უნიკალური წყაროებია თავმოყრილი, მუხიანში „სილქნეტის“ შენობის მეხუთე სართულზეა შეხიზნული სრულიად შეუფერებელ და სახიფათო პირობებში. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) არქივი, რომლის მნიშვნელობა განმარტებასაც არ საჭიროებს, პოლიციის აკადემიის ეზოში ყოფილ დამხმარე ნაგებობაშია მოთავსებული, მოქმედი სასროლეთის გვერდით. ასეთ რთულ პირობებშიც კი, მკვლევრებს სახელმწიფო უკრძალავს, დოკუმენტებს საკუთარი ტექნიკური საშუალებებით გადაუღონ ფოტოები და პერსონალური მონაცემების კანონის მავნებლური ინტერპრეტაციით, მათ განზრახ ხელს უშლის უახლესი წარსულის კვლევაში,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.

„სოვლაბის“ განცხადებაზე საპასუხო კომენტარისთვის „ნეტგაზეთი“ ეროვნულ არქივსაც დაუკავშირდა. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

რაც შეეხება გუშინდელი ხანძრის შედეგებს, ეროვნულ არქივში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით სპეციალისტებს ზარალის შეფასების შესაძლებლობა არ მიეცათ, რამდენადაც მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და იქ ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს:

„საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი გაჩნდა. შენობაში ინახებოდა ნიტროფუძიანი კინოფირები. ყველა ფირის ასლი კინოარქივში ინახება. ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“ — ვკითხულობთ ეროვნული არქივის მიერ გუშინ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი