ქალისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრობა მეტისმეტად მძიმე ტვირთია – დეპუტატის სექსისტური განცხადება

პარლამენტის წევრის, ნატო ჩხეიძის თქმით, “ქალისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრობა მეტისმეტად მძიმე ტვირთია”.

ეს სექსისტური განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა, სადაც დეპუტატები ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს უსმენენ.

“მივესალმები მნიშვნელოვან პოსტებზე ქალების დანიშვნას, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამხელა მთავრობაში ისეთი რთული სამინისტროს განპირობება ქალზე, როგორიც ინფრასტრუქტურის სამინისტროა, მეტისმეტად მძიმე ტვირთია ქალისთვის. გგულშემატკივრობთ კიდეც, როგორც ქალ,მ ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში,” – ამბობს ნატო ჩხეიძე.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ენციკლოპედიური ლექსიკონის მიხედვით, სექსიზმის არაერთი განსაზღვრება არსებობს, მათ შორის, “უპირატესობები და მოქმედებები, რომლებიც აშკარად ან შენიღბულად ახდენენ ქალთა და მამაკაცთა დისკრიმინაციას მათი სქესის ან გენდერის საფუძველზე”.


განახლება

დეპუტატი ნატო ჩხეიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მისი განცხადება სექსისტურია. ის მიიჩნევს, რომ ეს “ბრალდება ან უმწიფარი გონების ნაყოფია და ან გამიზნული შარისა”. ამის შესახებ ის ფეისბუკზე წერს:

“მე ვთქვი, რომ ამხელა მთავრობაში ისეთი რთული სამინისტროს განპირობება ქალისათვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია და გგულშემაგტკივრობთ ამ ტვირთის ზიდვაში – მეთქი.

აბა, ლიბერალებო, ამიხსენით რომელი სიტყვაა ამ ფრაზაში დისკრიმინაციული?

მძიმე ტვირთი რომ არის ინფრასტრუქტყრის სამინისტრო, ის, თუ მძიმე ტვირთს რომ ზიდავს ქალი და რომ ვგულშემატკივრობ?

ამხანაგო ლიბერალებო, დისკრიმინაცია არის დამცირება და უპატივცემლობა, ხოლო გულშემატკივრობა არის თანადგომა და პატივისცემა.

როგორც რუსთველი იტყოდა, შუა უდევს დიდი მზღვარი!..

ამიტომაც დისკრიმინაციის და სექსიზმის ბრალდება ყოვლად უადგილოა”, – წერს ნატო ჩხეიძე ფეისბუკზე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.