ახალი ამბები

ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ამბობენ, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ

1 სექტემბერი, 2023 •
ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ამბობენ, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ

ოპოზიციონერი დეპუტატები: ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ მათ ნეტგაზეთს განუცხადეს.

დღეს, პირველ სექტმბერს, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

როგორც ნატო ჩხეიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“, რომლის წევრებიც ის და როსტომ ჩხეიძე არიან, „ქართული ოცნების“ ინიციატივისთვის მხარდაჭერას არ აპირებენ.

„რამდენიმე დღის წინ ბატონო მდინარაძემ კი თქვა, რომ უაზრობაა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაო, რადგან ხმები არ გვყოფნისო, მაგრამ მას შემდეგ, ეტყობა, რაღაც აზრი შეიძინა მათთვის ამ უაზრო პროცესმა და მაინც აპირებენ დაიწყონ. თუმცა ძალიან საინტერესოა სარჩელში რას მიუთითებენ, რადგან ერთია რაზე საუბრობ მიკროფონიდან და მეორე, იურიდიულად ამას როგორ შეადგენ.

ევროპაში გამგზავრება კონსტიტუციის დარღვევად არ უნდა მიიჩნეოდეს. ამიტომ წასაკითხი იქნება ის სარჩელი, თუ რას მიუთითებენ. სხვა მხრივ კი ნამდვილად უაზრო იქნება თუ ასე გაგრძელდება, რადგან შედეგი არ ექნება. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი მხარს არ დაუჭერს.

მე არ მგონია, რომ 100 ხმის მოგროვების იმედი ჰქონდეთ. მე უფრო მგონია, რომ ეს სხვა მწვავე თემების გადაფარვის მცდელობაა. მეორე ისაა, რომ ეს მათი პოლიტიკური მსვლელობის შესაფერისი ნაბიჯია“, – განუცხადა ნეტგაზეთს ნატო ჩხეიძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას უადგილოსა და მიუღებელს უწოდებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნიკა მაჭუტაძე.

„რასაკვირველია, მხარს არ დავუჭერ მხარს [იმპიჩმენტს], რადგან ეს არის აბსოლუტურად უადგილო და მიუღებელი ამბავი. ეს დაკავშირებულია ქალბატონი პრეზიდენტის ბოლოდროინდელ აქტივობებთან, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს გაუწიოს ის წარმომადგენლობითობა, რომელიც მას მიეხმარება კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში“, – განუცხადა ნეტგაზეთს ნიკა მაჭუტაძემ.


„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 1 სექტემბერს განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.

თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი