ახალი ამბები

ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ენმ-ის ფრაქციას ტოვებენ

17 მაისი, 2023 • 1442
ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ენმ-ის ფრაქციას ტოვებენ

ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციას ტოვებენ. განცხადება ამის შესახებ ნიკა მაჭუტაძემ და ნატო ჩხეიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

ნიკა მაჭუტაძე ადასტურებს, რომ კენჭისყრაში მან, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა მონაწილეობა მართლაც მიიღეს, თუმცა ამას მის პირად პოლიტიკურ შეცდომად აფასებს და ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაციის ნაკლებობას უკავშირებს. მაჭუტაძის თქმით, მათთვის არ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის არ მიღება ოპოზიციის საერთო პოზიცია იყო, „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე სახის კონსულტაციებს კი უარყოფს:

„აქვე ვადასტურებთ, რომ ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებთ და მიუხედავად იმისა რომ ადამიანები საუბრობდნენ დამალვაზე და გარკვეულ ბრალდებებს წამოგვიყენებდნენ ხოლმე… ჩვენ არსად დავიმალებით.

აქ იყო საუბარი ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან რომ… საუბარია გარიგებაზე. ეს არის უსინდისო ტყუილი. ჩვენ არავის გავრიგებივართ. არცერთ ჩვენგანს არ გქონია არავითარი კომუნიკაცია “ქართულ ოცნებასთან”. ჩვენ არ გვქონია არცერთი შეხვედრა ან ზარი “ქართულ ოცნებასთან”. ჩვენ არაფერი გვაკავშირებს კლანთან, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მტკიცედაა ჩამჯდარი და ისედაც უმრავლესობა აქვთ. მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში კატეგორიულად ვემიჯნებით იმ სასამართლო კლანს, რომელიც არსებობს ქვეყნის სასამართლო სისტემაში და საერთაშორისოდ არის დადასტურებული,“ — აცხადებს ნიკა მაჭუტაძე.

მაჭუტაძის ინფორმაციით, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას სხვადასხვა მოდელებსა და ფორმულებზე ესაუბრებოდა შესათანხმებლად. მათ შორის: 5 ვაკანტურ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი 3 წევრის დანიშვნა, ხოლო 2 – ოპოზიციის. მეორე მოდელის მიხედვით კი, როგორც მაჭუტაძე აცხადებს, თანაფარდობა 4/1-ზე უნდა ყოფილიყო:

„ჩვენ ვიცოდით, რომ ეს მოლაპარაკებები მიდიოდა, ოღონდ არ ვიყავით პირადად ჩართული მასში. ვიცოდით, რომ საკითხი აქეთ უნდა წასულიყო, იმიტომ, რომ გარკვეული კანდიდატები ჩვენს კოლეგებთან ერთად დღეს გავიარეთ ოპოზიციაში. არავის განუცხადებია ჩვენთვის, რომ ხმა არავისთვის მიგვეცა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ არც ინფორმირებული და არც გაფრთხილებული არ ვყოფილვართ. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ რაკიღა ეს ევრორეკომენდაციების საკითხია… მივცემდით ხმას სიას, რომელიც იყო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. მაგრამ, იმდენად რამდენადაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებში არ ჩავრთულვართ, ეს შეცდომა მოხდა. ამას მე ვცნობ პირად პოლიტიკურ შეცდომად,“ — აცხადებს ნიკა მაჭუტაძე.


საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე 3 წევრი დაამტკიცა.

ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს.

კენჭისყრა ფარულია, შესაბამისად ცნობილი არაა თუ რომელმა დეპუტატებმა გამოუცხადეს მხარდაჭერა აღნიშნულ კანდიდატებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამი კანდიდატის დამტკიცების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვეს, რის გამოც სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

საუბარია 5 ოპოზიციონერ დეპუტატზე, რომლებმაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს ხმა მისცეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება. 90 დეპუტატი კი არც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობაშია („ევროპელი სოციალისტების“ დამატებით) და არც ოპოზიციაში.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია, „ევროპელი სოციალისტები“ კი პარლამენტში 4 დეპუტატით არიან წარმოდგენილი. ამრიგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა სჭირდებოდათ.

გამოდის, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და “ევროპელი სოციალისტების” გარდა “ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს ხმა 5-მა ოპოზიციონერმა მისცა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი