დეკანოზი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპატრიარქოსთან აქცია იმართება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან აქციას მართავენ. დაკავებული დეკანოზის ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც დეკანოზი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, მისი ძმა პატიმრობაში საპატრიარქოში არსებული დაჯგუფებების გამოა:

“ზუსტად ორი წლის წინ დააკავეს ჩემი ძმა უდანაშაულოდ. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. აქციას ვმართავთ საპატრიარქოსთან, რადგან ჩემი ძმა არის ეკლესიის წევრი, მაგრამ სამწუხაროდ, საპატრიარქოში არსებული დაჯგუფებების გამო ზის ჩემი ძმა დღეს ციხეში. ამიტომაც, ვითხოვთ საპატრიარქოსთან რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლობ ჩემი ძმა” – ამბობს თორნიკე მამალაძე ტელეკომპანია “პირველთან”.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან აქციას უკვე ერთი კვირაა მართავენ. მათ საპატრიარქოს შენობასთან კარავიც გაშალეს და დეკანოზის ზიარებას ითხოვდნენ. ამაზე საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ  ილია II-ის გადაწყვეტილებით, მსურველებს დეკანოზის ზიარება პირადი პასუხისმგებლობის ფარგლებში შეუძლიათ.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.