ახალი ამბები

ჯაღმაიძე: საპატრიარქოს არ ევალება პრეზიდენტის გამონათქვამების კომენტირება

6 იანვარი, 2020 • 1227
ჯაღმაიძე: საპატრიარქოს არ ევალება პრეზიდენტის გამონათქვამების კომენტირება

“საპატრიარქოს არ ევალება პრეზიდენტის გამონათქვამების კომენტირება, ჩვენ ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ”, – ასე უპასუხა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტების კითხვას პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, არ შეიწყალოს დეკანოზი გიორგი მამალაძე. 

მისივე თქმით, როდესაც საპატრიარქო შუამდგომლობით მიმართავს შეწყალებაზე, 100-დან 95 შემთხვევაში არის უარი. 

“5%-ზე ნაკლებია ჩვენგან გაწეული შუამდგომლობები დაკმაყოფილებული”, – ამბობს ჯაღმაიძე და სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 5 იანვარს სალომე ზურაბიშვილმა და ილია მეორემ შეხვედრის დროს ამ თემაზე ისაუბრეს. 

რაც შეეხება დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრების განცხადებას პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, დეკანოზი ჯაღმაიძე ასე პასუხობს: 

“მე მესმის ძალიან ალოგიკური განცხადებები მათი მხრიდან [მამალაძის ოჯახის წევრების მხრიდან]. რამდენჯერმე იყო თარიღი დათქმული მათი მხრიდან, რომ თუ ამა და ამ დღეს არ გაათავისუფლებენ, ამ შემთხვევაში გავასაჯაროებთ [რაღაც ინფორმაციას] და ახლა გვეუბნებიან, რომ თუ გაათავისუფლებთ, მაშინ გავასაჯაროებთ. რაღაც არ ემთხვევა ერთმანეთს ეს ლოგიკა.  ჩვენ ან უნდა გვეშინოდეს იმის, რომ თუ დარჩება პატიმრობაში, რაღაცას გაასაჯაროებენ, ან იმის, რომ თუ გაათავისუფლებენ – მაშინ, და არცერთი არგუმენტი არ მუშაობს. რამდენჯერმე მოვუწოდეთ, რომ გამოაქვეყნონ და გაასაჯაროონ. ამ მსჯელობას უკავშირებდნენ რაღაც შიშებს, თითქოს რაღაცის გვეშინია. თუ ადამიანს რეალურად აშანტაჟებ და თუ მართლაც ეშინია ამ შანტაჟის, ხომ უნდა წამოგყვეს. აქამდე არის მხოლოდ და მხოლოდ უსაფუძვლო ბრალდებები”. 

მისი თქმით, მისაღები იქნებოდა, რომ გათავისუფლებულიყო დეკანოზი, თუნდაც იმის გამო, რომ ეკლესიის წინააღმდეგ “ეს პერფომანსი” [თორნიკე მამალაძის განცხადებები] დამთავრებულიყო. 

6 იანვარს პრეზიდენტმა უარი თქვა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე. შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 8 ნოემბერს მიმართა. 

„ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი მამალაძის საქმეზე“ – ზურაბიშვილი

„ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი მამალაძის საქმეზე“ – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი