ახალი ამბები

მამალაძის სასამართლო ციხეში გაიმართება, რაც ხელისუფლებას აწყობს – ძმა

27 თებერვალი, 2020 • 1669
მამალაძის სასამართლო ციხეში გაიმართება, რაც ხელისუფლებას აწყობს – ძმა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო მოსმენა გაიმართა. პროცესზე გადაწყდა, რომ პროცესი ციხეში გაგრძელდება.

სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, გადავადდება თუ არა დეკანოზის მიერ სასჯელის ციხეში მოხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

მამალაძის მხარე, მათ შორის, მისი ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ პროცესის ციხეში ჩატარება ხელისუფლებას აწყობს, ვინაიდან მედია საქმის გაშუქებას ვეღარ შეძლებს.

„ქართული ოცნების“ მთავრობას არ სურს, რომ მედიამ გააშუქოს და საზოგადოებამ დაინახოს, თუ რა მდგომარეობაში არის ჩემი ძმა.

არაერთი ექსპერტიზა, თავად ციხის ადმინისტრაციის ექიმი, მკურნალი ექიმები, რომლებიც ჩემს ძმას კურნალობენ, ადასტურებენ… ოქმებში ასახულია, რამდენად არის დამოკლებული პარალიზებული ფეხი. აქედან გამომდინარე, არ სურთ, მედიამ გააშუქოს, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდეს,“ – ამბობს თორნიკე მამალაძე.

მამალაძე აცხადებს, რომ ლილი მსხილაძე – ამ საქმის მოსამართლე, საპატრიარქოსთან დაახლოებული პირია, ვინაიდან, წლების განმავლობაში მუშაობდა საპატრიარქოს უნივერსიტეტში.

„მათ სურთ, რომ ჩემი ძმა სამი წლის წინ თქმული სიმართლის გამო კიდევ ერთხელ დასაჯონ, ამჯერად პარალიზებული ადამიანი საპყრობილეში დატოვონ, არ სურთ, რომ ელემენტარული მკურნალობაც ჩაუტარონ,“ – ამბობს მამალაძე და დასძენს რომ ამ დღეებში, მათ შესაძლოა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის ამსახველი ოქმები გაასაჯაროვონ.

რაც შეეხება სასამართლოზე გაჟღერებულ განცხადებას, თითქოს, დეკანოზ მამალაძეს თავად უნდოდა სხდომები სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ჩატარებულიყო, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ეს ტყუილია.

საპირისპიროდ, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ მამალაძემ თავად განაცხადა უარი გადაადგილებაზე და მუდმივად იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში. მისი ღირსებისა და ინტერესების დაცვის მოტივით კი სამსახურმა სასამართლოს ზემოხსენებული შუამდგომლობით მიმართა.

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი