აშენდება თუ არა კორპუსები “მაღლივის” უკან მწვანე ზოლში, სავარაუდოდ, ტყვეების საფლავებზე

ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოს დამცველები უნივერსიტეტის ე.წ მაღლივ კორპუსთან მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

მათი ძირითადი არგუმენტები ასეთია: ტერიტორია სარეკრეაციო ზონაშია და არ შეიძლება, სტატუსი შეეცვალოს; გახშირებული მშენებლობების პარალელურად, ეს ადგილი საბურთალოს ბოლოში დარჩენილი თითქის ერთადერთი მწვანე ზოლია, რომელთანაც ემოციური ბმაც აქვთ; და, ბოლოს — ამ ადგილას II მსოფლიო ომის დროინდელ ტყვეთა საფლავებია შემორჩენილი, — ქალაქის მეხსიერების ნაწილი, რომელსაც მშენებლობა გაქრობით ემუქრება.

რა სურს “ემ კვადრატს”?

სადავო ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 კორპუსს (“მაღლივი”) და პეტრე ქავთარაძის ქუჩას შორის მდებარეობს. კომპანია, რომელსაც ოთხი 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება სურს, m²-ია (“ემ კვადრატი). მშენებლობა თითქმის ორ ჰექტარ (19,614 კვადრატულ მეტრ) მიწას მოიცავს. ამ კომპლექსის მისამართი, თუკი აშენდა, იქნება მიხეილ შავიშილის #2.


m² სარეკლამო ბუკლეტში წერს, რომ კორპუსებთან ერთად, პროექტ “ოპტიმა საბურთალოს” ფარგლებში, ააშენებს სტადიონსა და საბავშვო ბაღს; პირობას დებს, რომ მოაწყობს მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომს, ღია და დახურულ საბავშვო გასართობ სივრცესა და სკვერს; დებს ეკლესიის აშენების პირობასაც, რომლის დასრულების შემდეგაც საპატრიარქოსთვის აპირებს 725 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემას.

ეკლესია m2-ის პროექტში. წყარო: www.os.ge (m2-ის ვებსაიტი)

m²-ის გეგმები უფრო შორსაც მიდის: კომპანია აცხადებს, რომ “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებას გეგმავს. “ხრუშჩოვკები”, რომლის სახელიც ცკ-ს პირველ მდივან ნიკიტა ხრუშჩოვს უკავშირდება, 1960-80-იან წლებში აშენებული 3-5-სართულიანი, დაბალჭერიანი ბინების კომპლექსებია. იმ ადგილის უკან, სადაც კომპანია 4 კორპუსის აშენებას გეგმას, სულ “ხრუშჩოვკებია” ჩამწკრივებული, თუმცა ეს კონკრეტული პროექტი ამ “ხრუშჩოვკების” წინ გულისხმობს მშენებლობას და უშუალოდ ახლომდებარე “ხრუშჩოვკებს” არ ეხება.

მწვანედ მონიშნულია დაახლოებით 2 ჰექტარი ტერიტორია, სადაც m² გეგმავს მშენებლობას. ფოტო: Maps.tbilisi.gov.ge/ნეტგაზეთი

ამის მიუხედავად, კომპანია სარეკლამო ბროშურაში წერს, რომ “m² უძრავი ქონება” მზად არის, “განახორციელოს ჩანაცვლების ეტაპობრივი პროცესი”:

“პირველ ეტაპზე, შავიშვილის #2-ის განაშენიანების შემდეგ, მოხდება მინიმუმ 70 ოჯახის გადასვლა ახალ კორპუსში (ერთი “ხრუშჩოვკის” დაცლა), გამოთავისუფლებული შენობა კი დაინგრევა და მის ადგილას აშენდება ახალი კორპუსი, სადაც სურვილის შემთხვევაში გადმოვლენ მომდევნო “ხრუშჩოვკის” მაცხოვრებლები და ა.შ, ჯაჭვური რეაქციით”.

მანამ, სანამ მერია შავიშვილის #2-ის პროექტს განიხილავს, ადგილობრივები და გარემოდამცველები მათ მოუწოდებენ, არ მისცენ m²-ს მშენებლობის უფლება. ერთ-ერთი არგუმენტი, რასაც ისინი იშველიებენ, ასეთია: მშენებლობა სამუდამოდ მიივიწყებს და დაფარავს მეორე მსოფლიო ომის დროინელი ტყვეების საფლავებს.

ტყვეთა საფლავების მეხსიერებიდან ამოშლის რისკი

სადავო ადგილას, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გერმანელი ტყვეების საფლავებია შემონახული წინა საუკუნიდან. მართლია, ამჟამად აქ არც საფლავის ქვები ან სხვა მანიშნებლები არ არის, თუმცა ამას ზეპირი გადმოცემები ადასტურებს. მიხო იაშვილი, სტუდენტი, რომელიც “მაღლივთან” ახლოს ცხოვრობს, ნეტგაზეთთან საუბრისას იხსენებს, რომ მისი მშობლების თაობის ხალხისგან ხშირად გაუგონია, როგორ პოულობდნენ ამ ადგილას ჩონჩხების ნაწილებს.

ირაკლი ხვადაგიანი, “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” (SovLab) მკვლევარი, მოგვითხრობს: “დაზუსტებული კვლევა არ არის ჩატარებული, მაგრამ რა მასალაც გვაქვს — ძველი ტოპოგრაფიული გეგმები და აერო-ფოტო გადაღებები — ადასტურებს იმ ზეპირ გადმოცემებს, რაც აქაურებმა იციან — აქ ომის ტყვეთა სასაფლაო იყო”.


მისი თქმით, ზუსტად არავინ იცის, თუ რა ეროვნებისანი იყვნენ სამხედრო ტყვეები, — ავსტრიელები, გერმანელები, პოლონელები, რუმინელები თუ სხვა. “საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მხარეს იბრძოდა და აღმოჩნდნენ თბილისში, შრომა-გასწორების კოლონიებსა და ტყვეთა ბანაკებში”.

საბურთალოს განაშენიანება, როგოც ირაკლი ხვადაგიანი გვიხსნის, 1940-იანი წლების ბოლოს, 1950-იანი წლებიდან იწყება, აღნიშნული ტერიტორიის სიახლოვეს ფუნქციონირებდა ქარხნები და კარიერები, სადაც სამშენებლო მასალებს ამზადებდნენ, და, სავარაუდოდ, სწორედ აქ იყო ტყვეთა კონტიგენტი მიმაგრებული. აქ რამდენიმე ასეული ადამიანი მაინც იქნება დაკრძალულიო, ვარაუდობს ხვადაგიანი.

რა მნიშვნელობას ატარებს ტყვეთა სასაფლაო? რატომ მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება მათი დავიწყება? ხვადაგიანი გვიხსნის: “კულტურისა და ეთიკის ამბავია — ეს არის ომის მსხვერპლთა სასაფლაო. არა აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს იბრძოდნენ. ომის მსხვერპლი რიგითი ჯარისკაცი იმსახურებს, რომ მისი საფლავი არ იყოს შეურაცხყოფილი”.

“მართალია, თითოეულ ჯარისკაცს ეკისრება პასუხისმგებლობა, რადგან მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში, შეიძლება კონკრეტული დანაშაულებშიც; თუმცა რიგითი ჯარისკაციც ამ კატასტროფული ომის მსხვერპლია; ამას გარდა, საბჭოთა კავშირის დაქვემდებარების ზონებში მოხვედრილი ტყვეები “კანონგარეშე” იყვნენ, არანაირი კონვენცია მათ არ იცავდა, თავდაცვის საშუალება არ ჰქონდათ, არ განიხილებოდნენ ადამიანებად, რომლებსაც მინიმალური უფლებები აქვთ; მათი ყოფნა ამ შრომა-გასწორების კოლონიებსა და ბანაკებში წამებას უდრიდა. თუ შევადარებთ, როგორ ეპყრობიან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევრპის ქვეყნები მათ ტერიტორიაზე არსებულ საბჭოთა (და არამხოლოდ) ტყვეთა სასაფლაოებს, ბანაკებს, — ეს არის მათთვის ისტორიის, მეხსიერების და ხსოვნის ელემენტარული შემადგენელი ნაწილი: ომში დაღუპულ ადამიანს პატივი უნდა მიაგო”.

“ბეტონის ჯუნგლების” წინააღმდეგ

“გახედეთ ამ ადგილიდან ნუცუბიძის ფერდობს. რას ხედავთ? ეს პოსტ-აპოკალიფსური ქალაქია. იგივეს მივიღებთ ამ მხარესაც, თუ ხალხმა არ დაიცვა თავი”, — გვებნება ელენე დოლაბერიძე, რომელიც ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალში ცხოვრობს. ის ამ გამწვანებული ზოლის არსებობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, განსაკუთრებით ქალაქში გაცხოველებული მშენებლობების პარალელურად.

საბურთალოს ხედი მაღლივის “გორის” მიმდებარე ტერიტორიიდან. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

“ეს პირდაპირ ეხება ჩვენს ჯანმრთელობას. როგორ გავზრდით აქ შვილებს? შემდეგ, შეიძლება, დაფიქრდეთ კიდეც, გინდათ თუ არა შვილების გაჩენა ამ ჯუნგლებში. წინასწარ იცით, რომ ნორმალურ ჰაერს ვერ ისუნთქავს, გარეთ ვერ გაუშვებთ, სოციალური ურთიერთობები აღარ იქნება. ქალაქი სრული კოლაფსის მდგომარეობაშია”, — გვეუბნება იგი.

მიხო იაშვილიც ამ აზრზეა: “საბურთალოს ბოლოში, ერთადერთი მწვანე სივრცედ ეს ადგილია დარჩენილი. ზოგადად, ძალიან არ მომწონს ის ტენდენცია, რომ სადაც კი მწვანე სივრცე დარჩა — ვაკის პარკი, მაღლივის მიმდებარე ტერიტორიები — ყველგან რომ კორპუსებს აშენებენ. ვემიჯნები და ვეწინააღმდეგები ამას. თანაც, ამ ადგილს, გარდა იმისა, რომ რეკრეაციული ფუნქცია აქვს, ემოციურად ძვირფასია ჩვენთვის, აქაურებისთვის… აქ გვაქვს გატარებული მთელი ბავშვობა”.

საპროტესტო აქცია “მაღლივის” უკან მშენებლობის წინააღმდეგ. 09.02.2019. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ელენე დოლაბერიძისა და მიხო იაშვილის აზრებს ბევრი იზიარებს. 9 თებერვალს, ზუსტად იმ ადგილას, სადაც m² კორპუსის აშენებას აპირებს, ათობით ადამიანი შეიკრიბა მშენებლობის გასაპროტესტებლად. სიტყვით გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე — გარემოს დამცველები და მერიას მოუწოდეს, ნუ მისცემენ კომპანიას მშენებლობის ნებართვას.

საპროტესტო აქცია “მაღლივის” უკან მშენებლობის წინააღმდეგ. 09.02.2019. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

კიდევ ერთი არგუმენტი, — სამართლებრივი არგუმენტი, — რასაც მშენებლობის მოწინააღმდეგეები ეყრდნობიან, აღნიშნული ტერიტორიის ზონალური სტატუსია.

“საცხოვრებელი ზონა”?

იურისტი ანანო ცინცაბაძე, რომელიც წარმოადგენს “ინიციატივას საჯარო სივრცისთვის”, “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ტერიტორიას, სადაც მშენებლობა იგეგმება, სარეკრეაციო ზონა 1-ის სტატუსი აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ კანონით აქ დაუშვებელია ნებისმიერი სახის მშენებლობა.

“ხრუშჩოვკა” დაგეგმილი მშენებლობის საიტის უკან. ფოტო: თბილისის არქიტექტურის სამსახურის ფაილებიდან

m² საწინააღმდეგოს აცხადებს: მათ თანახმად, ჯერ კიდევ 2008 წელს შეთანხმებული განაშენიანების რეგულარუგი გეგმის (გრგ) შესაბამისად, სადავო ტერიტორიას მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონის სტატუსი მიენიჭა, რითაც აქ მრავალბინიანი კორპუსების შესაძლებლობა დადგინდა;

2009 წელს, მათივე ცნობით, საკრებულომ დაამტკიცა “პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა”, რის შესაბამისადაც 2008 წლის დამტკიცებულ გრგ-ის არსებობის მიუხედავად, ამ ადგილს ფუნქციურ ზონად განესაზღვრა სარეკრეაციო ზონა.

2015 წელს, m²-ის ვერსიით, საკრებულომ შეცვალა 2008 წლის გრგ და დაადგინა ახალი ზონირების რუკა ამ ტერიტორიისთვის. კომპანიის ვერსიითვე, “შესაბამისად, შეიცვალა 2009 წელს დამტკიცებული პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმით დადგენილი ფუნქციური ზონები და განისაზღვრა მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონის სტატუსი ამ ტერიტორიისთვის”.

ხედი “გორიდან”. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ამგვარად, m² აცხადებს, რომ “სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეცვლილია 2015 წელს კორექტირებული გრგ-ით, თუმცა ის ტექნიკურად არაა ასახული თბილისის გენერალური გეგმის ინტერაქციულ რუკაზე”.

ნეტგაზეთმა თბილისის მერიას ჰკითხა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს m²-ის ეს ბოლო ცნობა — ანუ არის თუ არა სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეცვლილი 2015 წელს კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმით და უბრალოდ ტექნიკურად არაა ასახული გენგეგმის ინტერაქტიულ რუკაზე. მერიიდან ასეთი განმარტება მივიღეთ:

“2015 წელს დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმით (რაც არის 2008 წლის გრგ-ის კორექტირება), ზონა შეცვლილია საცხოვრებელ ზონად. გრგ ინდივიდუალური აქტია, ხოლო გენერალურ გეგმაში ზონის ცვლილება სხვა ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, გრგ დამტკიცებულია, ხოლო გრგ-ის საფუძველზე ზონის ცვლილება გენერალურ გეგმაში არ განხორციელებულა”.

როგორც “ინიციატივა საჯარო სივრცისათვის” წერს, განაშენიანების რეგულირების გეგმით ზონა ვერ შეიცვლება: “ზონას ადგენს ქალაქის გენ.გეგმა და ის უნდა შეცვალოს დამოუკიდებელი წარმოებით, თუ ამას დაეთანხმება საკრებულო”.

“სარეკრეაციო ზონა და არა საცხოვრებელი”

ამჟამად თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებულ, მოქმედ გენერალურ გეგმაში სადავო ტერიტორია სარეკრეაციო ზონა 1-ად არის განსაზღვრული.

ამავე ვებგვერდზე ხელმისაწვდომია გენ.გეგმის 2018 წლის ნოემბრით დათარიღებული პროექტი, რომელშიც აღნიშნული ტერიტორია სარეკრეაციო ზონა 2-ად არის მონიშნული, რაც უფრო მსუბუქი კატეგორიაა და გამონაკლის შემთხვევებში მშენებლობას უშვებს. ეს პროექტი ძალაში შესული არ არის.

ნეტგაზეთს ამასთან დაკავშირებით მერიიდან მისწერეს, რომ “ერთ-ერთ ბოლო რედაქციაშია m²-ის ტერიტორია მოაზრებულია სარეკრეაციო ზონა 2-ად, ნაცვლად დღეს არსებული სარეკრეაციო ზონა 1-სა. გენერალური გეგმა ჯერ დამტკიცებული არ არის. შესაბამისად, შესაძლოა კიდევ შევიდეს კორექტირებები ფუნქციურ ზონებში”.

იურისტი ანანო ცინცაბაძე, “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს:

“ამ ტერიტორიას ადევს მკაცრი დაცვის ზონის სტატუსი — სარეკრეაციო ზონა 1, რაც ნიშნავს, რომ არანაირი, მით უმეტეს ფართომასშტაბიანი, მშენებლობა ამ ტერიტორიაზე არ დაიშვება. არც ამ ზონის შეცვლა არ დაიშვება, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საგამონაკლისო პირობები, რასაც კანონი ადგენს”.

ეს პირობები, მისი განმარტებით, ასეთია: უნდა არსებობდეს ქალაქდაგეგმარების გადაუდებელი და აუცილებელი საჭიროება; ამ მშენებლობას არ უნდა უპირისპირდებოდეს საჯარო ინტერესი; უნდა არსებობდეს კონკრეტული საკომპენსაციო ღონისძიებები, რაც, თუ ქალაქგეგმარებითი აუცილებლობა არსებობს, დააბალანსებდა ასეთი მშენებლობის განხორციელებას;

არცერთი პირობა სახეზე არა გვაქვს, შესაბამისად, საკანონმდებლო კუთხითაც გამორიცხულია ამ ზონის ცვლილებაო, გვეუბნება იგი.

მისივე თქმით, მერიას მშენებლობის მოწინააღმდეგეების არგუმენტები “დეტალურად აქვს მოსმენილი. ისეთი განწყობა იქმნებოდა [მერიასთან შეხვედრებიდან], რომ არ არსებობს სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც დაუშვებს ამ მშენებლობას. მიუხედავად ამისა, მაინც ფრთხილად ვართ და ამ აქციით კიდევ ერთხეულ ვეუბნებით მერიას, რომ ძალიან მსხვილი საჯარო ინტერესი უპირისპირებდა”, გვითხრა ანანო ცინცაბაძემ.

მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ახლო მომავალში მიიღებენ.

“მაღლივი” კორპუსის უკან. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com