ახალი ამბები

მზად ვართ, მტკივნეული გადაწყვეტილებები მივიღოთ – მინისტრი ფედერაციაში გამოძიებაზე

18 იანვარი, 2019 • 2704
მზად ვართ, მტკივნეული გადაწყვეტილებები მივიღოთ – მინისტრი ფედერაციაში გამოძიებაზე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ სამინისტრო მზად არის “ნებისმიერი, მათ შორის მტკივნეული გადაწყვეტილებებიც” მიიღოს მას შემდეგ, რაც დასრულდება ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის საქმის გამოძიება.

ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი რკინის ბლაგვი საგნით თავის გატეხვასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს და კოლეგებს მოუწოდებს, ღიად ისაუბრონ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში არსსებულ პრობლემებზე.

მინისტრმა 18 იანვარს განაცხადა, რომ “ამასთან დაკავშირებით … შიდა სამუშაო შეხვედრა” ჰქონდათ.

“ეს არ შეეფერება ქართულ სპორტს და იმ წარმატებებს, რომელიც გასულ წელს გვქონდა. ასეთი ფაქტები ჩრდილს აყენებს არა მარტო ამ სფეროს, არამედ ზოგადად სპორტს”, – თქვა ბატიაშვილმა.

“გამოძიების შემდეგ მზად ვართ ნებისმიერი, მათ შორის მტკივნეული გადაწყვეტილებებიც მივიღოთ”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დათუნაშვილისა და გეგეშიძის საქმის დეტალების გაცნობა აქ შეგიძლიათ:

ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინა ჩამარტყა – მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი