ახალი ამბებისამართალი

ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინა ჩამარტყა – მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი

17 იანვარი, 2019 • 4496
ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინა ჩამარტყა – მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი და ორგზის ევროპის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს რკინის ბლაგვი საგნით თავის გატეხვასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს და კოლეგებს მოუწოდებს, ღიად ისაუბრონ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში არსსებულ პრობლემებზე.

ნაკრების კაპიტანმა სპორტის სასახლეში მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე 16 იანვარს გაავრცელა განცხადება. ის მადლობას უხდის კოლეგებს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.

ზურაბ დათუნაშვილის განცხადება და ბრალდებები - დააკლიკეთ
გამარჯობა, მეგობრებო. პირველ რიგში მინდა თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადაგიხადოთ როგორც ზოგადად, ასევე ბოლო დღეებში გამოჩენილი თანადგომისთვის. ჩემთვის თქვენი დამოკიდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა თქვენი წერილი და გამამხნევებელი სიტყვა მაძლიერებს და ვხვდები, რომ არ მაქვს უფლება იმედი გაგიცრუოთ, ან სიტუაციაში არ გაგარკვიოთ. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს ვეტერან მოჭიდავეებს, რომლებიც ჩემ გვერდით არიან და მიცხადებენ მხარდაჭერას.

ჭიდაობის გულშემატკივარმა გაიგო იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რაც საქართველოს ჩემპიონატზე 11 იანვარს მოხდა და რომელსაც ჰყავს უამრავი თვითმხილველი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, ჩემსა და ჩემს უახლოეს მეგობარს, რობერტ კობლიაშვილს შორის მიმდინარე ფინალში ორი მსაჯის მიერ ჩემ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მესამემ დაბლოკა, რასაც ჩემი მხრიდან მოჰყვა პროტესტი. მესმის, რომ გულშემატკივრისთვის და ტელემაყურებლისთვის, შესაძლოა, რთული აღსაქმელი იყოს ჩემგან ეს ქმედება, თუმცა, როდესაც ხდები არასამართლიანი გადაწყვეტილების მსხვერპლი და შენს წლების ნაშრომს პირადი მოტივების გამო გიყრიან წყალში, დამეთანხმებით, რთულია თავის შეკავება. აქვე მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ჩემი პროტესტი არ იყო მიმართული რობერტ კობლიაშვილის მიმართ და მომხდარს ჩვენს მეგობრობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. კითხვები გამიჩნდა ზემოთ ნახსენებ მსაჯთან. ამის შემდეგ ჩვენს საუბარში ჩაერივნენ ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, ხოლო ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არა აქვთ ჭიდაობის ოჯახთან, თუმცა არიან ხელმძღვანელობასთან დაახლოებულნი, ჩემს ძმას, რომელიც იმ მომენტში ჩემი სეკუნდანტიც იყო, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ უკვე თავად ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაერია ჩხუბში და თავში ორჯერ ჩამარტყა რკინის ბლაგვი საგანი. მინდა აღვნიშნო, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა გულშემატკივარს შორის. ჩემსა და კობლიაშვილის გულშემატკივარს გასაყოფი არაფერი ჰქონდათ. უფრო მეტიც, ბევრი საერთო გულშემატკივარიც კი გვყავს. ის გულშემატკივარი, რომელიც დაპირისპირებაში ჩაერია, ასრულებდა გამშველებლის ფუნქციას და ცდილობდა, მე და ჩემი ძმა დავეხსენით იმ გაურკვეველი ჯგუფისგან, რომელიც ფედერაციას სწორედ მათთვის არასასურველ პირებთან მსგავსი მეთოდებით ანგარიშსწორებისთვის ჰყავს.

ჭიდაობის გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ ჩემსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის აზრთა შეუთანხმებლობა აქამდეც არსებობდა და გარკვეული ტიპის კონფლიქტს ადგილი ზაფხულშიც ჰქონდა. მომხდარის მიზეზი გახდა ის არასამართლიანი გადაწყვეტილებები, რასაც სამწვრთნელო შტაბი იღებდა და რაზეც მე ჩემს პოზიციას შეკრებებსა და შიდა განხილვებში ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი. საქმე ეხება სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების მიერ პირადი მოწაფეების ყოლას. კერძოდ, სპორტსმენებს ხდიან იძულებულს, შეიცვალონ პირადი მწვრთნელი, ან ჩაწერონ მეორე მწვრთნელად ფედერაციაში მომუშავე რომელიმე ტრენერი, რითაც შემდეგ პრემიალური თანხების წილში უჯდებიან მოჭიდავეების აღმზრდელ მწვრთნელებს. ასევე, აღმზრდელი მწვრთნელები საკუთარ მოსწავლეებს თავადვე უგზავნიან ფედერაციის სამწვრთნელო შტაბს, რაც არის ჭიდაობისთვის დამღუპველი გარემოება.

აღნიშნული ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. ფედერაციის პრეზიდენტის ძმა, ვლადიმერ გეგეშიძე, რომელიც ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კონსულტანტად არის გაფორმებული, პირდაპირ ეუბნება სპორტსმენებს, რომ თუკი ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ისინი საქართველოს ჩემპიონატზე ვერ მოიგებენ ვერც ერთ შეხვედრას და, შესაბამისად, ვერ მოხვდებიან ვერანაირ საერთაშორისო ტურნირზე. ჩემმა გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ მე თავად ეროვნულ ნაკრებში ყოფნის დღიდან საქართველოს არცერთი ჩემპიონატი არ მაქვს გამოტოვებული და არასდროს მქონია ამბიცია და მოთხოვნა, ჩემი ტიტულების გამო ვყოფილიყავი წონის უპირობო პირველი ნომერი. მიმაჩნია, რომ ყოველწლიურად სწორედ შიდა ჩემპიონატზე უნდა ყოფილიყო ჯანსაღი კონკურენცია და ყველას გვქონოდა თანაბარი შანსი. თუმცა ბოლო პერიოდში, ზემოთ ნახსენები დამკვიდრებული პრაქტიკის გამო, ფედერაცია სპორტსმენებს გვართმევს შესაძლებლობას ხალიჩაზე სამართლიან დაპირისპირებაში გამოვავლინოთ საუკეთესო. გასულ ზაფხულსაც ჩემი სამწვრთნელო შტაბთან დაპირისპირების მიზეზი გახდა სწორედ მათი არასამართლიანი გადაწყვეტილება, კერძოდ, სულ სხვა წონაში ცდილობდნენ დაეჩაგრათ ის, ვინც არსებული წესით იმსახურებდა მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას და მის მაგივრად ჩაესვათ საკუთარი მოსწავლე. მწვრთნელების გაღიზიანება გამოიწვია ჩემ მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ არ მომხდარიყო სპორტსმენების ამ ნიშნით არჩევა და ზოგადად ნაკრების სამწვრთნელო შტაბს არ უნდა ჰყოლოდა პირადი მოწაფეები, რადგან ეს ბუნებრივად ტოვებდა არასამართლიანი დამოკიდებულების განცდას სპორტსმენებში.

მინდა, ნაკრების წევრებს, რომლებიც გასულ ზაფხულსაც და ახლაც დამიდგნენ გვერდში და მიცხადებდნენ მხარდაჭერას, მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ ის სიტუაცია, რაც დღეს ფედერაციაშია, არ მოსწონს არავის და მინდა ყველას ვთხოვო, არ შეეშინდეთ ამ თემაზე ხმამაღლა საუბრის.
ასევე მინდა მივმართო იმ მწვრთნელებს, რომლებსაც ართმევენ თავიანთ გაზრდილ მოსწავლეებს და სხვა მხრივაც ბევრი კუთხით ავიწროებენ, ისაუბრონ ამ თემაზე.

მინდა მივმართო ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს ჭიდაობის ფედერაციიდან და მათ ნაცვლად დაასაქმეს გაურკვეველი ხალხი, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ ჭიდაობის სამყაროსთან, ისაუბრონ ამ თემაზე ღიად.

მინდა აღვნიშნო, რომ ნახსენები პრობლემები არის მხოლოდ იმ უსამართლობების ზედაპირი, რაც ფედერაციაში ხდება. სიღრმეებში ჩასვლისა და საჯაროდ ყველა დეტალის განხილვისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, თუმცა მინდა ზემდგომ ორგანოებს – სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის დეპარტამენტს- ვთხოვო, დაინტერესდნენ ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებით და გაერკვნენ სიტუაციაში დეტალურად, რადგან ბევრი მოჭიდავისა თუ დამსახურებული მწვრთნელისთვის აუტანელია ის გარემოებები, რაც ხდება. მინდა, ცალსახად გავუსვა ხაზი, რომ ვარ აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი და არასდროს არანაირ პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილება არ მიმიღია. ჩემი საქმიანობა ყოველთვის შემოიფარგლებოდა სპორტითა და ვარჯიშით და ამჯერადაც ერთადერთ სურვილსა და მიზანს წარმოადგენს ის, რომ ფედერაციას ჰყავდეს ისეთი ხელმძღვანელობა, როგორსაც იმსახურებს ჭიდაობა და რომელიც შეგვიქმნის ჯანსაღ გარემოს სპორტსმენებს.

მიმაჩნია, რომ ამდენი დუმილი მიგვიყვანს კიდევ უფრო უარეს შედეგებამდე და მივიღებთ იმაზე უფრო წარმოუდგენელ სიტუაციებს, რაც მოხდა 11 იანვარს ქვეყნის მთავარ სპორტულ დარბაზში. როგორც იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა დაინახა, ფედერაციის ხელმძღვანელობა უკვე დაუფარავად ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება მისთვის არასასურველ პერსონებს, ასეთი კი ნებისმიერ დროს ნებისმიერი სპორტსმენი თუ მწვრთნელი შეიძლება გახდეს.

მინდა, ყველას, მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს, გულშემატკივარს, ფედერაციის ზემდგომ ორგანოებს მოვუწოდო, დავდგეთ ერთად და ჭიდაობის სამყაროში დავასრულოთ ის განუკითხაობა, რაც სუფევს. ახლა კვლავ დუმილი არის დამღუპველი, ახლა გაჩუმებით, ფაქტობრივად, იმ მეთოდებზეც მწვანეს ვუნთებთ, რაც ჩემ მიმართ ამდენი გულშემატკივრის თვალწინ უკვე გამოიყენეს. აქამდე მიგვიყვანა სწორედ ამდენმა დუმილმა და ერთმანეთის ლოდინმა, რომ საჯაროდ ვინმე სხვა იტყვის, რომ ჩვენს პრობლემებზე ვინმე სხვა ისაუბრებს. ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ ჩვენ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ ჩვენ. პრობლემებზე საუბარი არაა სირცხვილი. სირცხვილი არის უსამართლობასთან შეგუება. დღეს გაჩუმება ნიშნავს ამ კლანური მმართველობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რამაც შესაძლოა სავალალო და გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

ჭიდაობის მთელ ოჯახს მოვუწდებ, დავდგეთ ერთად და მოვითხოვოთ, ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დატოვოს თანამდებობა, რათა ჭიდაობა დაუბრუნდეს ისევ ჩვენს სამყაროს და გათავისუფლდეს იმ გაურკვეველი ჯგუფისგან, რომელიც დიქტატურული მეთოდებით მართავს მას

ნეტგაზეთი ზურაბ დათუნაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განგვიცხადა, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელობის შესაცვლელად ბრძოლას გააგრძელებს და უსამართლობას არ შეეგუება.

მისი თქმით, ბევრი სპორტსმენია უკმაყოფილო მოქმედი ფედერაციის ხელმძღვანელობით, მაგრამ მათ რაღაც აბრკოლებთ და ღიად არსებულ პრობლემებზე არ საუბრობენ:

აბრკოლებთ არასწორი გარემოცვა. მოქმედ სპორტსმენებს შეიძლება იმის შიში აქვთ, რომ ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელების თვალში ცუდები გამოჩნდებიან და დაიბლოკებიან.”

როგორც ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, მოჭიდავეებმა იციან, რომ საწინააღმდეგო აზრს ფედერაციის ხელმძღვანელობა ვერ იტანს და შესაძლოა კარიერული თვალსაზრისით ისინი დაბლოკონ.

რა მოხდა სპორტის სასახლეში?

11 იანვარს, სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატის ფინალში 87 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი და ევროპის ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი შეხვდნენ ერთმანეთს. ორთაბრძოლა ხელჩართული ჩხუბის გამო არ დასრულებულა, თუმცა გამარჯვება რობერტ კობლიაშვილს მიენიჭა და ოქროს მედალიც მან მოიპოვა.

დაძაბული შეხვედრის ბოლოს დათუნაშვილმა მსაჯის ერთ-ერთი გადაწყვეტილება გააპროტესტა. სპორტის სასახლეში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

ცალსახად ვაფიქსირებ, რომ ჩემი პროტესტი არ იყო მიმართული რობერტ კობლიაშვილის მიმართ და მომხდარს ჩვენს მეგობრობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. კითხვები გამიჩნდა ზემოთ ნახსენებ მსაჯთან. ამის შემდეგ ჩვენს საუბარში ჩაერივნენ ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, ხოლო ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არა აქვთ ჭიდაობის ოჯახთან, თუმცა არიან ხელმძღვანელობასთან დაახლოებულნი, ჩემს ძმას, რომელიც იმ მომენტში ჩემი სეკუნდანტიც იყო, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ უკვე თავად ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაერია ჩხუბში და თავში ორჯერ ჩამარტყა რკინის ბლაგვი საგანი. მინდა აღვნიშნო, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა გულშემატკივარს შორის. ჩემსა და კობლიაშვილის გულშემატკივარს გასაყოფი არაფერი ჰქონდათ. უფრო მეტიც, ბევრი საერთო გულშემატკივარიც კი გვყავს. ის გულშემატკივარი, რომელიც დაპირისპირებაში ჩაერია, ასრულებდა გამშველებლის ფუნქციას და ცდილობდა, მე და ჩემი ძმა დავეხსენით იმ გაურკვეველი ჯგუფისგან, რომელიც ფედერაციას სწორედ მათთვის არასასურველ პირებთან მსგავსი მეთოდებით ანგარიშსწორებისთვის ჰყავს,” – აცხადებს დათუნაშვილი.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ პოლიციიდან დაურეკეს, თუმცა ჯერ არ გამოუკითხავთ.

ვინ მართავს ჭიდაობის ფედერაციას

ჭიდაობის ფედერაციას 2017 წლის დეკემბრიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის ყოფილი უფროსი გეგა გეგეშიძე ხელმძღვანელობს, ხოლო თავად ჭიკაიძე ფედერაციაში ამჟამად მისი მოადგილეა.

ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი პირველად 2016 წელს გაეხვა სკანდალში, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ კორცხელის დარბევის “მონაწილე პირების” შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და ფოტოები. ენმ-ის განცხადებაში სწორედ გეგა გეგეშიძეზე და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მოქმედ ხელმძღავნელებთან დაკავშირებული სხვა პირებზეც იყო საუბარი.

ნაკრების კაპიტნის ბრალდებებზე საპასუხო კომენტარისთვის ნეტგაზეთი გეგა გეგეშიძესთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა, როგორც ჭიდაობის ფედერაციაში გვითხრეს, მას საუბარი არ სურს.

ფედერაციაში გვითხრეს, რომ მიმდიანრეობს შიდა კვლევა, ხოლო მანამდე არავინ არაფერს იტყვის. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღავნელობა ზურაბ დათუნაშვილს, სავარაუდოდ, წერილობით გასცემს პასუხს.

ქავერის ფოტო: ჭიდაობის ფედერაცია / popsport.com

მასალების გადაბეჭდვის წესი