ახალი ამბები

ტურისტების ავტობუსის აფეთქების შემდეგ, ეგვიპტის პოლიციამ 40 შეიარაღებული პირი მოკლა

29 დეკემბერი, 2018 • 2096
ტურისტების ავტობუსის აფეთქების შემდეგ, ეგვიპტის პოლიციამ 40 შეიარაღებული პირი მოკლა

გიზის პირამიდებთან ტურისტების ავტობუსის აფეთქების შემდეგ, ეგვიპტის პოლიციამ ათეულობით შეიარაღებული პირი მოკლა. ჩატარებული რეიდების შესახებ ინფორმაციას BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერაციის შედეგად, 40 “ტერორისტი” დახოცეს: აქედან, 30 შეიარაღებული გიზაში მოკლეS, 10 კი – ქალაქ ალ-არიშში, ჩრდილოეთ სინას პროვინციის დედაქალაქში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ მოკლულები გეგმავდნენ ტერაქტების სერიას ტურისტულ ადგილებში, ეკლესიებსა და სამხედრო ობიექტებზე.

პოლიციამ, ოპერაციის დროს, ბომბების დამზადებისათვის საჭირო მასალა და დიდი ოდენობით საბრძოლო იარაღიც ამოიღო.

ბომბი ტურისტების ავტობუსთან, გიზის პირამიდებთან ახლოს, გუშინ, 28 დეკემბერს, ადგილობრივი დროით, 18:15-ზე აფეთქდა. შედეგად, ბოლო მონაცემებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა: სამი ვიეტნამელი ტურისტი, ერთი კი – ეგვიპტელი გიდი. აფეთქებისას თერთმეტი ადამიანი დაშავდა.

ტურიზმი ეგვიპტის ეკონომიკისათვის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. BBC-ის ცნობით, ტურისტების მოზღვავების პიკი ქვეყანაში 2010 წელს აღინიშნა, თუმცა 2011 წლის არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მკვეთრად დაეცა. აღნიშნული სექტორისათვის მნიშვნელოვნად შემაფერხებელი აღმოჩნდა  რუსული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებაც 2015 წელს, რა დროსაც 224 ადამიანი დაიღუპა.

თუმცა, ბოლო წლებში, ქვეყანაში ტურიზმის აღმავლობა შეინიშნება. FT-ს ცნობით, 2017 წელს ეგვიპტეს 8.3 მილიონი ადამიანი ეწვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი