ეგვიპტის ხელისუფლებამ გახსნა ღაზის სექტორიდან გასასვლელი რაფაჰის გამშვები პუნქტი, იტყობინება „ბი-ბი-სი“.
რაფაჰის გამშვები პუნქტი, ფაქტობრივად, ერთადერთი გასასვლელია მცირე ფართობის მქონე და მჭიდროდ დასახლებული ღაზის სექტორიდან, რომელსაც თითქმის ერთი თვეა, ისრაელი ბომბავს „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ.
- „ღია ციხე“ — რა არის და როგორ ცხოვრობს ღაზის სექტორი
- გამქრალი ოჯახები, საერთო სამარხები და სასოწარკვეთა ღაზაში
მედიის ცნობით, პუნქტი ამჟამად გახსნილია, ხოლო მასთან შეკრებილია გადაკვეთის მსურველი ხალხი. თუმცა ყველა მსურველს საზღვრის გადაკვეთის საშუალებას არ მისცემენ. ეგვიპტე დათანხმდა მიიღოს ღაზაში მყოფი უცხოელები, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და დაჭრილები. კერძოდ, სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, ეგვიპტეში გადაიყვანენ 80-ზე მეტ დაჭრილს. მათთვის საზღვრიდან ახლოს საველე ჰოსპიტალია გაშლილი.
მთლიანობაში, დღიურად ღაზის დატოვებასა და ეგვიპტეში შესვლას წინასწარ შედგენილ სიაში შესული 500 ადამიანი შეძლებს.
ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს, განურჩევლად დახოცა 1400-მდე ადამიანი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები, 230-მდე კი გაიტაცა. მოკლულთა და გატაცებულთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები და შშმ პირები.
ისრაელმა საპასუხოდ „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია და მისი განუწყვეტელი დაბომბვა დაიწყო, მიზნად კი „ჰამასის“ განადგურება დაისახა. შედეგად, „ჰამასს“ დაქვემდებარებული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 8 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის, 3 ათასზე მეტი ბავშვია.