ახალი ამბები

ეგვიპტის თქმით, რამდენიმე მესაზღვრე დაშავდა ისრაელის ტანკის შემთხვევითი ცეცხლის შედეგად

22 ოქტომბერი, 2023 • 1354
ეგვიპტის თქმით, რამდენიმე მესაზღვრე დაშავდა ისრაელის ტანკის შემთხვევითი ცეცხლის შედეგად

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელურმა ტანკმა შეცდომით ეგვიპტურ საგუშაგო პოსტს გაუხსნა ცეცხლი. ეგვიპტის თანახმად, შედეგად რამდენიმე მესაზღვრე “მსუბუქად დაშავდა”.

საუბარია საგუშაგოზე, რომელიც ეგვიპტე-ღაზის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

“მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და მისი დეტალების შესწავლა მოხდება. ისრაელის თავდაცვის ძალები წუხს ინციდენტის გამო”, — აცხადებს ისრაელის ძალების არაბულენოვანი სპიკერი აფიხაი ადრაყი.

მოგვიანებით, ეგვიპტის შეიარაღებული ძალების სპიკერმა თქვა, რომ ინციდენტის შედეგად მესაზღვრეები დაშავდნენ, თუმცა დაშავებულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

“…დღეს, კვირას, 22 ოქტომბერს, ეგვიპტის სასაზღვრო საგუშაგო კოშკს შემთხვევით მოხვდა ისრაელის ტანკის ჭურვის ფრაგმენტები, რის შედეგადაც რამდენიმე მესაზღვრე მსუბუქად დაშავდა.

ისრაელის მხარემ დაუყოვნებლივ გამოთქვა მწუხარება მომხდარის გამო და დაიწყო ინციდენტის გარემოებების გამოძიება”, — აღნიშნულია განცხადებაში.

ეგვიპტე ესაზღვრება როგორც ისრაელს, ისე ღაზის სექტორს. ისრაელი ღაზას ინტენსიურად ბომბავს 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა სექტორში მოქმედი “ჰამასის” წევრები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. თავდასხმას 1 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი პირი კი მძევლად აიყვანეს.

“ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმებს იქ უკვე 4 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

საჰაერო დარტყმების პარალელურად, ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაციასაც ელიან.

გარეკანის ფოტო: AP/Ohad Zwigenberg

მასალების გადაბეჭდვის წესი