ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს, 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინცზე განაცხადა.

როგორც დეპუტატი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ განწესების პროცესს უკავშირდება:

“ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა და ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმაართლებელ პროცესს”, – ამბობს დეპუტატი.

მისი თქმით, პარლამენტისთვის წარდგენილი სია უკან უნდა გაიწვიონ:

“სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული, და ყველა პროცედურა უნდა იყოს გაწერილი. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმეების მოსამართლეები იყვნენ, სიაში არიან ადამინებიც, რომლებიც ჩემი თანაგუნდელების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები”, – ამბობს ბესელია.

ბესელიას თქმით, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერილი აქვს მის მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილსაც. როგორც დეპუტატი ამბობს, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება გუშინვე ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მაშინ ზარდიაშვილს განცხადება დაწერილი არ ჰქოდნა და ამ თანამდებობის მისთვის დატოვება არ სურდა:

“რატომ არ გავაკეთე ეს განცხადება გუშინ? მე ველოდებოდი და დღეს მივიღე ეს განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე მას ვერ დავუტოვებდი.

ნებისმიერი სპეკულაცია რომ გამოირიცხოს და არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვები პარტის ლიდერთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ვამბობ პირდაპირ და ღიად – ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა პოზიცია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს სამართლინად, პროცედურის და კანონის დაცვით და გადაწყვეტილების მიღების დროს ყველას აქვს თავისუფალი ნება. ეს იყო მისი პოზიცია”, – თქვა დეპუტატმა.

ბესელიას მიერ კომიტეტის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. პირველი არხის ინფორმაციით, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება იურიდიული კომიტეტის თამჯდომარის მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილსაც აქვს დაწერილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.