სამტრედიაში ავარიას ქვეითად მოსიარულე ბავშვი ემსხვერპლა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში VI საარტილერიო ბრიგადის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი ა. ჩ. სამტრედიიდან ხონის მიმართულებით სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, გარდაცვლილი 11 წლის იყო.

სამინისტროს ცნობით, უკვე გამოკითხულია მძღოლი და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.”

გამოძიებას იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.