ახალი ამბები

ერთი ბავშვია 13 წლის, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, ვერაფერს ვუზამთ —  გომელაური

20 მარტი, 2024 • 1958
ერთი ბავშვია 13 წლის, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, ვერაფერს ვუზამთ —  გომელაური

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, ბავშვთა დანაშაულის პრობლემა რეალურია.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, მუშაობს ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს დანაშაულის ჩამდენი ბავშვების იზოლირებულ საცხოვრებელში მოთავსებას.

„ბოლოს შევჯერდით გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება“, — განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, ბავშვთა სახლისგან განსხვავებით, აღნიშნული დაწესებულების დატოვების უფლება მოსამართლის ნებართვის გარეშე ბავშვებს არ ექნებათ.

„ეს იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები: სკოლა, მასწავლებლები, აღმზრდელები, განათლება, სპორტი… შეიძლება იყო სამთვიანი, ექვსთვიანი, ერთწლიანიც. ამ მოდელზე აქტიურად ვმუშაობთ იუსტიციასთან. სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ“, — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შს მინისტრის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები თავს ესხმიან ტურისტებს და ძარცვავენ მათ. ასევე, მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან არასრულწლოვანები საბუთების გარეშე, მათ არ ჰყავთ მეურვე და შს თანამშრომლებს ხშირად უწევთ, თავად დააბრუნონ ბავშვები სამშობლოში.

„არასრულწლოვანების პრობლემა ნამდვილად არის. მეც არ მინდა, რომ ეს ბავშვები დავაკავოთ და ციხეში ჩავსვათ, მით უმეტეს, 15 წლამდე. მაგალითად, ერთი ბავშვია, გვარს არ დავასახელებ, 13 წლის არის, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი — აფთიაქში, დანით შესვლა, წართმევა და ა.შ. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ არის და მე მგონი, უცხოეთშიც არ იქნება და არც რუსეთში. მთელი პოლიცია იცნობს, მეც ვიცნობ ამ ბავშვს უკვე. მოვიყვანთ, მოვა დედა, დაწერს განცხადებას, ბოდიში, ტირილი, და ვუშვებთ. ვერაფერს ვერ ვუზამთ“, — განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანების მიერ ძარცვას უფროსები უწევენ ორგანიზებას. ორ შემთხვევაში ორგანზიატორობისთვის სრულწლოვანი პირი დააკავეს.

საქართველოს კანონმდებლობა 14 წლამდე მოზარდისთვის არ ითვალისწინებს რაიმე სახის სასჯელს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი