ახალი ამბები

600 ბავშვი დაიღუპა, 1800 დაობლდა – რუსეთის ომის გავლენა უკრაინელ ბავშვებზე

28 მარტი, 2024 • 703
600 ბავშვი დაიღუპა, 1800 დაობლდა – რუსეთის ომის გავლენა უკრაინელ ბავშვებზე

რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში თითქმის 1800 უკრაინელი ბავშვი დააობლა, — განაცხადა უკრაინის ეროვნულმა სოციალურმა სამსახურმა Kyiv Independent-ისთვის მიცემულ კომენტარში.

გაეროს უახლესი მონაცემებით, მთელი უკრაინის მასშტაბით თითქმის 600 ბავშვი დაიღუპა და 1200-ზე მეტი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული 10 000-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, თუმცა Kyiv Independent ვარაუდობს, რომ მშვიდობიანი მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება, რადგან ეს სრულად არ ითვალისწინებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ფრონტის დასახლებებში არსებულ რაოდენობას.

რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ასევე გაანადგურა ან დააზიანა ყოველი მეშვიდე სკოლა უკრაინაში და აიძულა 1,6 მილიონი სკოლის მოსწავლე, სწავლა მიეტოვებინა.

Kyiv Independent-ის ცნობით, თებერვალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, უკრაინელი ბავშვების 20%-ზე მეტი დისტანციურად სწავლობს, რადგან ფუნქციონირების უფლება მხოლოდ ბომბის თავშესაფრებით აღჭურვილ სკოლებს აქვთ.

UNICEF-ის ინფორმაციით, დაახლოებით 1,5 მილიონი უკრაინელი ბავშვი დადგა დეპრესიის, შფოთვის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკის ქვეშ, პოტენციური გრძელვადიანი შედეგებით.

რუსეთი ასევე ახორციელებს უკრაინელი ბავშვების მასობრივ დეპორტაციას. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, დადასტურებულად 20 000-მდე ბავშვის უკანონო დეპორტაცია განხორციელდა. მათგან 400-ზე ნაკლები დაბრუნდა სახლში.

საერთაშორისო სამართალი ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების ძალადობით გადაცემას გენოციდად განიხილავს.

სწორედ ბავშვების დეპორტაცია დაედო საფუძვლად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ. დაკავების ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის თანამდებობა უკავია.

 

ამ თემაზე:

როგორ იტაცებს რუსეთი უკრაინელ ბავშვებს — ინტერვიუ გამომძიებელ ჟურნალისტთან

მასალების გადაბეჭდვის წესი