ახალი ამბები

2 აპრილს სამტრედიაში კაცი ცოლის ძმამ მოკლა, დანაშაული მოკლულის ცოლმა დაიბრალა – პროკურატურა

6 აპრილი, 2024 • 1059
2 აპრილს სამტრედიაში კაცი ცოლის ძმამ მოკლა, დანაშაული მოკლულის ცოლმა დაიბრალა – პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, 2 აპრილს სამტრედიაში კაცი ცოლის ძმამ მოკლა, დანაშაული კი მოკლულის ცოლმა დაიბრალა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის მოკლული კაცის ცოლს წარედგინა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული სამმა პირმა, კერძოდ ცოლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს.

პროკურატურის თანახმად, ნაცემი კაცი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებას აპირებდა, რის გამოც ცოლის ძმამ მას მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, შემთხვევის ადგილზე მყოფმა კიდევ ორმა პირმა, მათ შორის მოკლულის ცოლმა მომხდარის თაობაზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიწოდეს. კერძოდ, მოკლულის ცოლმა პირველ ჩვენებაში მის მიერ არჩადენილი დანაშული – ქმრის მკვლელობა დაიბრალა და თავად აღიარა.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცავებმა, მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, 4 პირი 5 აპრილს დააკავეს.

„განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჯგუფურად) და 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე), ხოლო კიდევ ერთ პირს – ასევე 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს პროკურატურა.

რაც შეეხება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ მოკლული პირის ცოლს, მას სსკ-ის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარდგენილი ბრალდება მოეხსნა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე) გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი