სარალიძე არ იზიარებს გახარიას პოზიციას მ.კ-ს ბრალეულობის საფუძვლებთან დაკავშირებით

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე არ იზიარებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ჩხუბის მონაწილის, მ.კ-ს მიმართ “კონკრეტული ბანიჯების გადასადგმელად” საკმარისი საფუძველი არ არსებობს.

სარალიძის თქმით, მ.კ-ს შემთხვევაში სამართლებრივი დევნის დაწყებას მხოლოდ კეთილი ნება სჭირდება.

“იმ ნაწილში მინისტრს ვერ დავეთანხმები, რომ [მ.კ] არ არის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი. სრული საფუძველი გააჩნიათ, უბრალოდ, უნდა ვიღაცის კეთილი ნება და ეს არ ვიცი, ვინ არის და ვინ უნდა ინებოს კეთილი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ფაქტია, უფრო სწორად, მე ასე ვთვლი, რომ პროკურატურა და მინისტრი რაღაცაზე შეთანხმებულე არიან. რაზე არიან შეთანხმებულნი, ვერ გეტყვით, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ მანამ, სანამ არ იქნება ჭეშმარიტება დადგენილი”, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება გახარიას კიდევ ერთ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქმესთან დაკავშირებით სამოხელეო გადაცდომაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, სარალიძემ აღნიშნა, რომ “ეს მართლაც სიახლეა”, თუმცა აქამდეც ანალოგიურს ითხოვდა.


ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს მოსწავლეებს შორის მომხდარ ჩხუბს ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგაც მოკლული დავით სარალიძის მამა საქმის სათანადო გამოძიებასა და მკვლელობაში ბრალდებულის გამოვლენასა და დასჯას უშედეგოდ ითხოვს.

საქმის სათანადო გამოძიების მოთხოვნით თბილისში მრავალათასიანი დემონსტრაციებიც იმართებოდა. პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისიაც, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით დასკვნები მოამზადა. საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, კომისიამ მიიჩნია, რომ კონფლიქტის მონაწილე მ.კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს განზრახ ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან