ახალი ამბები

შემდეგ პროცესზე ბავშვებს ჩააცმევენ ფორმას და დააყენებენ? – უდუმაშვილი ქალ პოლიციელებზე

20 დეკემბერი, 2018 • 1851
შემდეგ პროცესზე ბავშვებს ჩააცმევენ ფორმას და დააყენებენ? – უდუმაშვილი ქალ პოლიციელებზე

“დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქალბატონები ჩაამწკრივეს წინა რიგში, შემდეგ პროცესზე რას უნდა ველოდოთ, პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს და მათ დააყენებენ?! ამათ ფანტაზიას ზღვარი არ აქვს” – ეს განცხადება დღეს გურჯაანში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციის აქციაზე ქალი პოლიციელების კორდონის შესახებ გააკეთა.

გურჯაანში, დავით კირკიტაძის სასამართლოს პარალელურად, სასამართლოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე წინა რიგებში ქალი პოლიციელების კორდონი იდგა. “რადიო თავისუფლების” ცნობით, ქალ პოლიციელებს აქციის ორგანიზატორებმა მიხაკები მიუტანეს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს ყვავილები იმის ნიშანია, რომ მათ სურთ მშვიდობა და არ სურთ დაძაბულობა.

ფემინისტები აქციის წინა ხაზზე მხოლოდ ქალი პოლიციელების დაყენებას სექსისტურად აფასებენ. როგორც ქალთა უფლებადამცველი ანა კამლაძე ამბობს, ეს შსს-ს სექსისტური და იაფფასიან ტექნიკაა.

ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია კი მიიჩნევს, რომ გურჯაანის სასამართლოსთან ოპოზიციის აქციის წინა ხაზზე მხოლოდ ქალი პოლიციელების დაყენება შსს-ს მხრიდან შინაარსობრივად სექსისტური და პრობლემატურია.

ფემინისტები ოპოზიციასაც აკრიტიკებენ, რომლებმაც ქალ პოლიციელებს ყვავილები გადასცეს. ანა კამლაძე მიიჩნევს, რომ ორივე ჩემთხვევაში ქალის ობიექტივიზაცია ხდება:

“ეს იაფფასიანი ტაქტიკა, რომელიც იმისთვის დაიგეგმა, რომ ორივე შემთხვევაში მოგება ძალაუფლების მხარეს ყოფილიყო – თუ ამ ქალებს შეეტაკებიან, მერე ქალზე ძალადობად გავყიდით და თუ ყვავილებს მიართმევენ, მაგას- პოზიტიურად და ყველა ვიხეირებთ, ქალის ობიექტივიზაციის მეტი არაფერი არაა” ,- ამბობს კამლაძე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ეს შეგნებულად იყო თუ არა გაკეთებული. მეზვრიშვილის თქმით, ამ საკითხით პირადად დაინტერესდება:

რაც შეეხება მეორე  შეკითხვას, იყო თუ არა ეს შეგნებულად გაკეთებული? – “არ ვიცი, ვერ გეტყვით, დილიდან კონფერენციაზე ვიმყოფები. ეს თუ არ იყო უბრალოდ დამთხვევა, ვინაიდან კახეთში საკმაოდ მეტი რაოდენობის პოლიციელი ქალი მუშაობს და ამის მიღმა რაღაც სექსისტური მოტივაცია იყო, რაზეც ზოგიერთები მიუთითებენ, ამ საკითხით პირადად მე დავინტერესდები. თუმცა, მე ვფიქრობ, ალბათ, ეს თემა არ უნდა იყოს იმიტომ, რომ ჩვენ საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა გვაქვს ამ მიმართულებით სამინისტროში”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი