ახალი ამბებიკომენტარი

ანა კამლაძე: ქალი პოლიციელების წინა რიგებში დაყენება იაფფასიანი სექსისტური ტექნიკაა

20 დეკემბერი, 2018 • 3244
ანა კამლაძე: ქალი პოლიციელების წინა რიგებში დაყენება იაფფასიანი სექსისტური ტექნიკაა

ფემინისტი ანა კამლაძე გურჯაანში, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე, წინა რიგებში ქალი პოლიციელების დაყენებას შსს-ს სექსისტურ და იაფფასიან ტექნიკას უწოდებს.

ანა კამლაძის თქმით, აუდიტორია #115-ის აქციაზე სტუდენტებსაც გამოუყენებიათ მსგავსი ტაქტიკა, რასაც დღევანდელი გადმოსახედიდან უარყოფითად აფასებს:

“მახსოვს, აქციების პერიოდი რომ იყო გადაბმულად, ტყიბული, აუდიტორია #115, გაფიცვები და ა.შ. და შეხლა-შემოხლა იწყებოდა ხოლმე, ქალებს გვქონდა ასეთი დევიზი – “გოგოები წინ”. არავინ იცის, რატომ გაჩნდა, ვინ ახსენა პირველად მაშინ ეგ, მაგრამ გვეგონა, რომ მართლა არ დაგვარტყამდნენ და გადაგვივლიდნენ და ამით ავიცილებდით რაღაცებს. დღევანდელი გადმოსახედიდან ეგ იყო აბსურდი, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ბევრი მომხვდა გვერდებში.”

როგორც ანა კამლაძე ამბობს, ქალად ყოფნის პრივილეგია ან სიძლიერე ის არ არის, რომ ქალების ჯაჭვი გაკეთდეს კრიზისულ პერიოდში და ფიზიკურად დაიცვან კაცები ან საზოგადოება:

“და ეს მანდილის ჩაგდების პოზიცია ახლა, რომ ქალ პოლიციელებს ჩავაყენებთ წინა ხაზზე მთლიანად, იმათ შერცხვებათ, დაუჩოქებენ და ყვავილებს მიართმევენ, ძალიან სამწუხაროა.

ქალ პოლიციელს შეიძლება არანაირად არ ჰქონდეს კაც პოლიციელზე ნაკლები პროფესიული უნარები, მაგრამ ეს იაფფასიანი ტაქტიკა, რომელიც იმისთვის დაიგეგმა, რომ ორივე შემთხვევაში მოგება ძალაუფლების მხარეს ყოფილიყო – თუ ამ ქალებს შეეტაკებიან, მერე ქალზე ძალადობად გავყიდით და თუ ყვავილებს მიართმევენ, მაგას- პოზიტიურად და ყველა ვიხეირებთ, ქალის ობიექტივიზაციის მეტი არაფერი არაა.”

ანა კამლაძე. ფოტო: ქალთა მზერა

გურჯაანში, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიციის დაანონსებული საპროტესტო აქციის გამო, დილის 09:00 საათიდან ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე შსს ზღუდავს ავტოტრანსპორტის მოძრაობასა და პარკირებას, კერძოდ: დ. გურამიშვილის, შ. რუსთაველის, ი. ნონეშვილის და თავისუფლების ქუჩებზე.

როგორც შსს აცხადებს, ქუჩები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადაკეტეს, სადაც ავტომანქანების მოძრაობა აქციის დასრულებისთანავე სრულად აღდგება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მოუწოდებს ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

რადიო თავიუსლფების ცნობით, ქალ პოლიციელებს აქციის ორგანიზატორებმა მიხაკები მიუტანეს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს ყვავილები იმის ნიშანია, რომ მათ სურთ მშვიდობა და არ სურთ დაძაბულობა.

ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა განმარტებებისთვის ქალი პოლიციელების პირველ რიგებში დაყენებასთან დაკავშირებით, რომლის პასუხსაც მიღებისთანავე გაცნობებთ.

იხილეთ, ასევე:

კორდონის წინა ხაზზე მხოლოდ ქალი პოლიციელების დაყენებას ბაია პატარაია სექსისტურად მიიჩნევს

მასალების გადაბეჭდვის წესი