გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი, 26 დეკემბერს გახდება ცნობილი

გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი, 26 დეკემბერს გახდება ცნობილი. სემეკს ახალი სამომხმარებლო ტარიფის დასადგენად სამმა გაზმომარაგების კომპანიამ- “ყაზტრანსგაზ-თბილისმა”; “საქორგაზმა” და “სოკარ ჯორჯია გაზმა” მიმართა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ახალი ტარიფის დასადგენად კომპანიებმა მარეგულირებელს 180 დღით ადრე, 2018 წლის ივლისში მიმართეს.

“სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად, სამმა კომპანიამ მოგვმართა გეგმური ტარიფის დადგენის მიზნით. ამ კომპანიებს მოქმედი ტარიფი დადგენილი აქვთ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შესაბამისად, მათ 2019 წლისთვის სჭირდებათ ახალი ტარიფის დადგენა. ეს არის სატარიფო მეთოდოლოგიიით განსაზღვრული გეგმური პროცესი. ჩვენ 31 დეკემბრამდე გვაქვს ვადა, ამ კომპანიებს 2019 წლის ტარიფი დავუდგინოთ,”-აცხადებენ სემეკში.

მარეგულირებელში განმარტავენ, რომ სატარიფო მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს კომპანიების მხრიდან რაიმე კონკრეტული საფასურის დასახელებას. მათივე მტკიცებით, გაზის მომწოდებლები არც ტარიფის ზრდის ან კლების მოთხოვნას აფიქსირებენ.

“ისინი წარმოადგენენ აბსოლუტურად ყველა მონაცემს. ეს იქნება ხარჯვითი ნაწილი და სხვა. ამ დოკუმენტაციის საფუძველზე კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი ანგარიშობს, ხოლო შემდეგ უკვე პროექტის სახით კომისიის ჩამოყალიბებულ პოზიციას საჯარო სხდომაზე წარმოადგენს,” – ამბობენ სემეკში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.