თბილისის ნაძვის ხე. ფოტო: თბილისის მერია

წელს თბილისის ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება

თბილისის მთავარ ნაძვის ხეს, წელს, პირველი რესპუბლიკის(ყოფილი ვარდების რევოლუციის) მოედანზე დადგამენ და 22 დეკემბერს აანთებენ. ადგილზე კონსტრუქციას უკვე აწყობენ.

მოედანზე 15 დეკემბრის ღამით იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ აქვე მოეწყობა ე.წ. საახალწლო სოფელიც.

თბილისის მერის მოადგილის, ფოტო ხუნწარიას განცხადებით კი, ნაძვის ხის განთავსება და საახალწლო ღონისძიებების მოწყობა მომდევნო წლებშიც ვარდების მოედანზე იგეგმება და ეს ტრადიციად იქცევა.

გასულ წლებში, საახალწლო ნაძვის ხეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დგამდნენ.

დავა ნაძვის ხის ადგილმდებარეობის გარშემო

ნაძვის ხის ადგილმდებარეობის საკითხი დღის წესრიგში მიმდინარე წლის ნოემბერში დადგა. პარლამენტის წინ, იქ, სადაც მერია კონსტრუქციას ამ დრომდე ათავსებდა, შვილმოკლული მამების – ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია მიმდინარეობს.

9 ნოემბერს  ზაზა სარალიძისთვის გაგზავნილ წერილში მერია მას საახალხლო ნაძვის ხის დადგმისა და დაგეგმილი ღონისძიებების გამო აქციის ადგილმდებარეობის შეცვლას სთხოვდა, რაზეც ის უარს აცხადებდა. აღნიშნულს წინ უძღოდა სარალიძის წერილი, რომლითაც მან მერიას 1 ნოემბერს მიმართა და აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელება სთხოვა.

მერიის ზემოაღნიშნული მოთხოვნა, კარვების გაშლაში პოლიციის მიერ ხელშეშლის შეწყვეტასთან ერთად, პარლამენტის წინ 10 ნოემბერს გამართული აქციის ერთ-ერთი მოტივი იყო. აქცია არეულობასა და შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

მაშინ თბილისის მერი ამბობდა, რომ გაუგებარი იყო, ვინ დასვა ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის, როცა, მისი თქმით, მერიის საპასუხო წერილში “მსგავსი ინტერპრეტაციის არანაირი საფუძველი არ არსებობს”.

მაშინ სარალიძისადმი მერიის მოთხოვნის გასაპროტესტებლად ონლაინ პეტიციაც შეიქმნა, სახელწოდებით “უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!”, რომელსაც ხელი 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი



ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან