ახალი ამბები

გაუგებარია, ვინ დასვა ტოლობის ნიშანი შვილმოკლულ მამასა და ნაძვის ხეს შორის – კალაძე

11 ნოემბერი, 2018 • 2284
გაუგებარია, ვინ დასვა ტოლობის ნიშანი შვილმოკლულ მამასა და ნაძვის ხეს შორის – კალაძე

10 ნოემბრის საღამოს თბილისში, პარლამენტის წინ, სარალიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას ქალაქის მერი, კახა კალაძე ეხმაურება. მისი განცხადებით, მერიის მიერ შვილმკვდარი მამებისათვის გაგზავნილ წერილს აქციის ადგილმდებარეობის შეცვლის საჭიროებაზე გუშინდელ მოვლენებთან კავშირი არ ჰქონდა, ვინაიდან საახალწლო ღონისძიებები ადგილზე დეკემბრიდან იწყება.

“სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის. მაშინ, როცა მერიის საპასუხო წერილში მსგავსი ინტერპრეტაციის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

აღვნიშნავ, რომ გუშინდელი მოვლენებისას რიგი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ოპონენტები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს ნაძვის ხის და საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამო მომიტინგეებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევენ ნოემბრის დასაწყისში. ცხადია, ეს არის მტკნარი სიცრუე და თავად გამოხატვის პროცესის შეურაცხყოფა”, – აცხადებს კალაძე.

თბილისის მერის თქმით, აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ “სადაც და რა ფორმითაც სურთ” და ამის დაშვება ან აკრძალვა მერიის პრეროგატივა არ არის.

მისი განცხადებით, მერიას კანონი ავალდებულებდა, სამი დღის მანძილზე ეპასუხა ზაზა სარალიძისთვის, რომელიც მანამდე წერილობით ითხოვდა პარლამენტთან აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელების უფლებას.

“კანონი მავალდებულებს, რომ სამი დღის განმავლობაში გამეცა პასუხი, რადგან დეკემბრის თვეში დაგეგმილი იყო საახალწლო ღონისძიებები და ვიმოქმედეთ კანონის შესაბამისად…

საუბარი იყო დეკემბრის თვეზე და თუნდაც ამის გამო ვერ ექნებოდა მერიის წერილს გუშინდელ მოვლენებთან კავშირი”, – თქვა მან.

კალაძის თქმით, წინასაარჩევნოდ “ყველა თემის არასწორად ინტერპრეტაცია და ამისათვის მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების გამოყენება ხდება”.

“კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვხატავ ხორავას ქუჩაზე ტრაგიკული მოვლენების გამო, სრულად ვიზიარებ ოჯახის ტკივილს და ვიდრე თბილისის მერი ვარ, არ მივცემ პოლიტიკურ პარტიებს უფლებას, გამოიყენონ ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის”, – თქვა მან.

რატომ მოეწყო აქცია 10 ნოემბერს და რა ხდებოდა მანამდე?

9 ნოემბერს ზაზა სარალიძემ წერილი მიიღო თბილისის მერიისგან, რომლითაც ქალაქის მთავრობა აუწყებდა, რომ 7 დეკემრბიდან უნდა შეეცვალა აქციის ჩატარების ადგილი, რადგან პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხისა და ღონისძიებების მოწყობა იგეგმებოდა. აღნიშნულს წინ უძღოდა სარალიძის წერილი, რომლითაც მან მერიას 1 ნოემბერს მიმართა და აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელება სთხოვა.

პასუხად, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ არსად წასვლას აპირებდა, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ამავე დღეს, არასამავრობო ორგანიზაიცებმა ჩანიშნეს აქცია, რომელიც ორ საკითხს მოიცავდა:

  • ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე სარალიძისა და მაჩალიკაშვილისათვის პარლამენტის წინ, ტროტუარზე კარვის გაშლაში ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან.
  • მერიის მოთხოვნა შვილმოკლული მამებისათვის, საახალწლო ნაძვის ხის დადგმის გამო, შეეცვალათ აქციის ადგილმდებარეობა 7 დეკემბრამდე.

აქცია 10 ნოემბერს, 20:00-ზე დაიწყო და მალევე გადაიზარდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში. პოლიციელებმა ისევ სცადეს, დემონსტრანტებისთვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვები წაერთვათ, რასაც მოქალაქეთა წინააღმდეგობა მოჰყვა. გაწევ-გამოწევისას შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძე, მოგვიანებით კი მისი დედა. საბოლოოდ, ორივე მათგანის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიციის ქმედება უკანონოა და მოქალაქეებს უფლება აქვთ, ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციების კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი უფლებით – გაშალონ კარავი პროტესტის გამოსახატად. მოგვიანებით, მათ კარვები პარლამენტთან მაინც განათავსეს და განაცხადეს, რომ იქ მთელ ღამეს დარჩებოდნენ.

კარვის გაშლის შეზღუდვას გასული პერიოდის მანძილზე ეხმაურებოდა სახალხო დამცველიც, რომელიც სახელმწიფოს ამ ქმედებას შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში ჩარევად აფასებდა. ომბუდსმენმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც წარადგინა.

სახალხო დამცველმა ასევე გააკრიტიკა მერიის მოთხოვნა სარალიძე/მაჩალიკაშვილისადმი აქციის ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი კანონმდებლობის ნორმებს სცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი