ახალი ამბები

საქართველო-საბრძნეთის მატჩის საჯარო ჩვენება რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა

24 მარტი, 2024 • 1064
საქართველო-საბრძნეთის მატჩის საჯარო ჩვენება რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 26 მარტს, 21:00 საათზე, საჯაროდ გაიმართება საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩის ჩვენება.

სწორედ ამ მატჩით გადაწყდება, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად, მოხვდება თუ არა ევროპის ჩემპიონატზე. თამაში დინამო არენაზე იმართება და ყველა ბილეთი გაყიდვის დაწყებიდან გუშინ მალევე დამთავრდა, რასაც ათიათასობით ადამიანის უკმაყოფილება მოჰყვა.

TKT.ge-ს ცნობით, ბილეთების ყიდვას 23 მარტს 500 ათასამდე ადამიანი ცდილობდა, იმაზე 10-ჯერ მეტი, რამდენი ადამიანიც დინამო არენაზე დაეტევა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადამიანები ბილეთის ყიდვას TKT.ge-ზე რამდენიმე მოწყობილობით ცდილობდნენ. TKT.ge არის ერთადერთი ლეგალური პლატფორმა საქართველოში, სადაც აღნიშნული მატჩის ბილეთის ყიდვა იყო შესაძლებელი.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ფეხბურთის საჯარო ჩვენება შეიძლება გაიმართოს თბილისის სხვადასხვა უბანსა და რეგიონებში.

შეცვლილი სატრანსპორტო მოძრაობა

თბილისის მერიის ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების გამო აღნიშნულ უბანში იცვლება ტრანსპორტის გადაადილების სქემა.

კერძოდ, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება და ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო
მონაკვეთში, 25 მარტის 08:00-დან 27 მარტის 12:00 საათამდე იმოქმედებს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით.

ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.

N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი