ახალი ამბები

მიწისძვრა ალასკაზე: დანგრეული გზები, დაზიანებული შენობები და ქაოსი

1 დეკემბერი, 2018 • 4013
მიწისძვრა ალასკაზე: დანგრეული გზები, დაზიანებული შენობები და ქაოსი

7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ აშშ-ში, ალასკას შტატში, გზები დაანგრია, არაერთი საცხოვრებელი სახლი და შენობა კი დააზიანა. გუშინ, 30 ნოემბერს დაფიქსირებულ მიწისქვეშა ბიძგებს ცუნამის განგაშიც მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა.

CNN-ის ცნობით, ბოლო 37 წლის მანძილზე რეგიონში დაფიქსირებული ველაზე ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრი შტატის უდიდეს ქალაქ ანკორიჯიდან 10 მილის დაშორებით მდებარეობდა. მიწისძვრას არაერთი განმეორებით ბიძგი მოჰყვა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 5.7 მაგნიტუდისა იყო. სეისმოლოგები ე.წ. აფთერშოკებს მომდევნო დღეებსა და კვირებშიც ელიან.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ რამდენად ძლიერი ეფექტი ჰქონდა ბიძგებს: პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები სახლებში, სკოლებში თუ სამუშაო ადგილებზე ცდილობდნენ, საიმედო თავშესაფარი მოეძებნათ მაშინ, როცა კედლებიდან და თაროებიდან სხვადასხვა ნივთები ცვიოდა.

სტიქიით გამოწვეული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ არაერთი საცხოვრებელი თუ სხვა შენობაა დაზიანებული. ერთ-ერთი მაგისტრალი კი, რომელიც ქალაქ ანკორიჯის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა, პოლიციის განცხადებით, “სრულიად განადგურდა”.

მიწისძვრის შედეგად ანკორიჯში მომუშავე მედიასაშუალებებიც დაზარალდნენ: ადგილობრივი ტელეკომპანია KTUU-ს მაუწყებლობა გარკვეული პერიოდის მანძილზე შეწყვეტილი იყო. კიდევ ერთი ტელევიზიის, KTVA-ს ოფისი კი იმდენად დაზიანდა, რომ თავდაპირველად, თანამშრომლები, სტუდიაში შესვლას ვერ ახერხებდნენ.

სტიქიის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა და ადგილობრივებს მოუწოდა, შესაბამისი უწყებების ინსტრუქციებს მიჰყვნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი