ბოკერია და ბაქრაძე “სტაბილურობის საწინააღმდეგო ნებისმიერ ნაბიჯს” ემიჯნებიან

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. როგორც ბოკერია განმარტავს, ამის შედეგია ის, რომ  საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები განსაკუთრებული კრიტიკულობით გამოირჩეოდა.

საარჩევნო პროცესს აკრიტიკებს “ევროპული საქართველოს” მეორე ლიდერი დავით ბაქრაძეც.

ბოკერია ამბობს, რომ “ევროპული საქართველო” ხვალ, 30 ნოემბერს სხდომას გამართავს, სადაც ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგიებზე იმსჯელებს. თუმცა ხაზს უსვამს, რომ მათ სტრატეგიაში არასდროს შევა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ მოწოდებები.

“ჩვენ ახლა ვიხილეთ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნა, მინდა გითხრათ, რომ შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება არც მე, არც არავის, ვინც ადევნებს ამას თვალყურს, ასეთი კრიტიკული შეფასებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, იმ ჯგუფებისგან, ვისი ფუნქციაც არის შეფასება საარჩევნო დემოკრატიის საქართველოში.

ეს არის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის საკითხში… კიდევ ერთი, ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ საქართველოს დემოკრატიისთვის. უმძიმესი დარტყმა მიაყენა მან საქართველოს დემოკრატიას გუშინაც და ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. დაშინება, მოსყიდვა, ფარულობის სისტემური დარღვევა ამ არჩევნებზე, აი, ამ სამი ფაქტორის ეს კომბინაციაა როგორც მთავარი გამოწვევა ამ არჩევნებისთვის და ქართული დემოკრატიისთვის,” – ამბობს გიგა ბოკერია.

მისი თქმით, დღეს დამდგარი პოლიტიკური რეალობა კიდევ უფრო ზრდის პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ შეიმუშაოს სტრატეგია, რათა ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. ბოკერია დასძენს, რომ ხვალ, 30 ნოემბერს პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ოპოზიცია ზემოხსენებულ საკითხებზე იმსჯელებს.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს სტრატეგიაში არცერთ შემთხვევაში არ იქნება მოწოდებები ჯარის ან სამართალდამცავი ორგანოების მიმართ დაუმორჩილებლობის თაობაზე, ან რაიმე იმ ტიპის ნაბიჯი, რაც საქართველოს სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს.

საქართველოს სტაბილურობის, დემოკრატიის მთავარი საფრთხე არის დღევანდელი ხელისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი. ეს დასტურდება იმ უმძიმესი შეფასებებიდანაც, რაც ვნახეთ ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლებისგან ამ არჩევნებზე,” – განმარტავს ბოკერია თავის განცხადებაში.

ბოკერიას თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ისედაც იცის, რომ მდგომარეობა ხარისხობრივად გაუარესდდა პირველ და მეორე ტურებს შორის. იგი ამბობს, რომ არჩევნებისა და ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მოსყიდვის, დაშინების და ფარულობის დარღვევის ფაქტები.

დავით ბაქრაძის განცხადებით კი, ხვალისათვის დაგეგმილ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე პარტია ‘’ევროპული საქართველო’’ ჩამოყალიბდება, თუ როგორია საბოლოო შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით და რა გზას აირჩევს პარტია სამომავლოდ მუშაობის მხრივ.

“რა თქმა უნდა, ის მძიმე შეფასებები, რომელიც გვქონდა გუშინ არჩევნების ხარიხსთან დაკავშირებით, ძალაშია და განვლილი ღამის განმავლობაში გამოჩნდა კიდევ უფრო მეტი დარღვევა, რაც ამტკიცებს ჩვენში იმ აზრს, რომ აღნიშნული არჩევნები შედგა დემოკრატიის დაზიანების ხარჯზე და შეიძლება მიჩნეული იქნას როგორც სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე ვისმჯელებთ სამოქმედო გეგმაზე და სტრატეგიაზე, მაგრამ აქვე შემიძლია გითხრათ ისიც, რომ პარტიის სამოქმედო სტრატეგიაში არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის და არ იქნება ისეთი ტიპის მოქმედებები, რომელიც გამოიწვევს სამართალდამცავი სისტემის, პოლიციის და ჯარის დაუმორჩილებლობას და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ, ‘’ევროპული საქართველოსთვის ‘’ ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა და სიმშვიდე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში სტაბილურობას და სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის პირველ რიგში ივანიშვილის ხელისუფლება და ის მეთოდები, რა მეთოდებითაც გუშინ ჩაატარა არჩევნები. სწორედ აქედან გამომდინარე მთელი პასუხისმგებლობით მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან ინტერესს ‘,’ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან