ახალი ამბები

“საფრთხეს უქმნის კულტურასა და ტრადიციებს” – რატომ მიიჩნევენ მრავალფეროვნებას ნეგატიურად

16 ნოემბერი, 2018 • 3527
“საფრთხეს უქმნის კულტურასა და ტრადიციებს” – რატომ მიიჩნევენ მრავალფეროვნებას ნეგატიურად

“კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC-საქართველო) კვლევის მიხედვით, რომელიც ევროპის საბჭოს დაკვეთით მომზადდა, რესპონდენტთა უმრავლესობა (56%) ფიქრობს, რომ მრავალფეროვნება ქვეყნისთვის დადებითი მოვლენაა, თუმცა ნაკლებად პოზიტიურია დამოკიდებულება რელიგიურ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ამ შემთხვევაში მრავალფეროვნების მომხრეთა მაჩვენებელი 46%-ს უტოლდება.

კითხვაზე, თუ რატომ არის მრავალფეროვნება პოზიტიური ან ნეგატიური, ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მრავალფეროვნება ქვეყანაზე უარყოფითად აისახება, უფრო ხშირად აცხადებენ, რომ  „კულტურასა და ტრადიციებს უქმნის საფრთხეს“.

გამოკითხულები, რომლებიც მრავალფეროვნებას პოზიტიურ მოვლენად აღიქვამენ ძირითადად იმის გამო, რომ ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის ან თავისთავად ფასეულია. ამის საპირისპიროდ კი, კვლევის მიხედვით, რესპონდენტებს მრავალფეროვნება ქვეყნისთვის ნეგატიურ მოვლენად მიაჩნდათ იმის გამო, რომ ის საფრთხეს უქმნის „ჩვენს კულტურას და ტრადიციებს“.

კვლევის ავტორების განცხადებით, იგივე ზოგადი ტენდენცია შეინიშნება რესპონდენტების პასუხებში ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ. რაც შეეხება რელიგიურ მრავალფეროვნებას, უმრავლესობა (38%) მიიჩნევს, რომ ის საფრთხეს უქმნის მათ რელიგიას, ხოლო რესპონდენტთა თითქმის იგივე რაოდენობა ფიქრობს, რომ საფრთხეს უქმნის „ჩვენს კულტურას და ტრადიციებს“.

საქართველოში მოსახლეობის მესამედი (38%) მიიჩნევს, რომ რელიგიური უმცირესობები საქართველოში პრობლემებს არ აწყდებიან, ხოლო 19% აცხადებს, რომ მათ ასეთი პრობლემების შესახებ არაფერი იციან.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 57%-მა ვერ დაასახელა რომელიმე კონკრეტული პრობლემა, რომელიც მნიშვნელოვანია რელიგიური უმცირესობებისთვის, ხოლო მათ, ვინც კონკრეტული პრობლემა მიუთითა, ყველაზე ხშირად დაასახელა სიძულვილის ენა (15%) და ის, რომ დამსაქმებლებს ურჩევნიათ, არ დაასაქმონ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები.

“რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან ჩატარებული ფოკუსჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების დროს გამოიკვეთა, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, უფრო მეტ პრობლემას აწყდებიან, ვიდრე მართლმადიდებელი ქრისტიანები. გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, რელიგიური უმცირესობები და უმრავლესობები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ იმ საკითხებს, რომლებიც რელიგიური უმცირესობებისთვის პრობლემურია”, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის შედეგების მიხედვით, მუსლიმებსა (17%) და არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან (20%) შედარებით, ორჯერ მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანი (44%) მიიჩნევს, რომ რელიგიური უმცირესობები პრობლემებს არ აწყდებიან. სხვა ქრისტიანული ჯგუფები ასევე შედარებით ხშირად მიიჩნევენ, რომ რელიგიურ უმცირესობებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი რელიგიურ დაწესებულებებზე (15%) და სამართალდამცავი ორგანოები სათანადოდ არ იცავენ მათ უფლებებს (14%). საინტერესოა, რომ მუსლიმების 33%-მა არ იცის, რომელია რელიგიური უმცირესობებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები.

მსგავსი შედეგები აჩვენა კვლევამ ეთნიკური უმცირესობების პრობლემებისადმი ცნობადობის კუთხითაც.


“CRRC-საქართველომ” კვლევა შერეული მეთოდების გამოყენებით ჩაატარა. თვისებრივი მონაცემების შესაგროვებლად კვლევა ითვალისწინებდა ჩაღრმავებულ ინტერვიუებსა და ფოკუსჯგუფებს უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფისა და ეთნიკური ქართველების მონაწილეობით.

რაც შეეხება რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებას, ამ მიზნით, “CRRC-საქართველომ” ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა წარმომადგენლობითი კვლევა, რომლის მიღწეული შერჩევის ზომაც იყო 2 205 რესპონდენტი, ხოლო საშუალო ცდომილების ზღვარი – 2.9%. შერჩევა მოიცავდა საქართველოს იმ ტერიტორიების წარმომადგენლობით სამიზნე ჯგუფებს, სადაც მოსახლეობის ძირითადი ენაა სომხური ან აზერბაიჯანული.

კვლევა, წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით. გამოკითხვა 2018 წლის აგვისტოში ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი