საზოგადოება

იქნებ გვინდა ქართულის სწავლა და სახელმწიფო არ გვასწავლის?- აიჰან ჰასანლის ამბავი

20 მარტი, 2024 • 4334
იქნებ გვინდა ქართულის სწავლა და სახელმწიფო არ გვასწავლის?- აიჰან ჰასანლის ამბავი

ავტორი: რაფიელ მესხიძე


“ამ საზოგადოების მიმართ ერთი თხოვნა მაქვს –  როცა ამბობენ, რომ ეთნიკური უმცირესობები სახელმწიფო ენას არ სწავლობენო,  იქნებ ჩვენ მართალნი ვართ? იქნებ ჩვენ გვინდა ენის სწავლა, მაგრამ სახელმწიფო არ გვასწავლის?” – ამბობს აიჰან ჰასანლი, რომელიც უკვე მრავალი წელია იბრძვის ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის. 

ის იურისტია და “ნეტგაზეთს” თავის ამბავს უყვება – როგორ ისწავლა ქართული ენა, როგორ გაოცდა, როცა აღმოაჩინა, რომ წყარო მხოლოდ წყლის შეიძლება არ იყოს. ასევე, ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების გარიყულობის შესახებ. 


იორმუღანლოდან ვარ, პროფესიით იურისტი. უკვე ჩაბარებული მაქვს ადვოკატთა გამოცდა და მალე გავხვდები ლინცენზირებული ადვოკატი. ვმუშაობ არასამათავრობო ორგანიზაციაში სტაჟიორ-ადვოკატად. ვსწავლობ სამაგისტროს მეორე კურსზე. ჩემი სამაგისტრო ნაშრომის თემაა პრეზიდენტის საგარეო უფლებამოსილება საპარლამენტო რესპუბლიკებში. ასევე, ვმუშაობ და ჩართული ვარ აქტივიზმში და ვმუშაობ სამოქალაქო სექტორში.  აქტიურად ვაყენებთ დღის წესრიგში ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს და ვითხოვთ მათ მოგვარებს. ვითხოვთ ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე და გამოწვევებზე მორგებული პოლიტიკის შექმნას.

წლებია დგას ეთნიკური უმცირესობებს შორის ქართული ენის ცოდნის საკითხი და, სამწუხაროდ, ეს დისკურსი ვერ გასცდა კითხვას, რატომ არ სწავლობენ უმცირესობები სახელმწიფო ენას? მაგრამ არასდროს დასმულა ეს შეკითხვა იმგვარად, რომ იქნებ ჩვენ გვინდა ვისწავლოთ და სახელმწიფო არ გვასწავლის?  აქცენტი იმაზე უნდა გაკეთდეს, რატომ ვერ ვსწავლობთ სახელმწიფო ენას.

ჩვენ გვინდა ენის სწავლა და ამ საზოგადოების მიმართ თხოვნა მაქვს –  როცა ფიქრობენ, რომ ეთნიკური უმცირესობები სახელმწიფო ენას არ სწავლობენ, დაფიქრდნენ,  იქნებ ჩვენ მართალნი ვართ? იქნებ ჩვენ გვინდა ენის სწავლა, მაგრამ სახელმწიფო არ გვასწავლის?

იძულებული გავხდი სკოლა ბაქოში დამემთავრებინა 

საბავშვო ბაღში სახელმწიფო ენის სწავლის შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან უბრალოდ არ გვაქვს საბავშვო ბაღები. მერე შევდივართ სკოლაში, სადაც სულ სხვა რეალობა და პრობლემებია. მაგალითად, კადრების პრობლემა, როცა ერთი მასწავლებელი ასწავლის ხან ოთხ საგანს, ხან ხუთ საგანს, იმიტომ, რომ არ არის შესაბამისი კადრი. სტატისტიკები აჩვენებს, რომ ეთნიკური უმცირესობების სკოლებში მასწავლებლების რაოდენობა ორჯერ ნაკლებია დომინანტური ჯგუფების სკოლებთან შედარებით.

ბავშვობაში მომიწია ბაქოში წავსულიყავი და იქ მესწავლა სკოლაში. ჩემს დასთან ერთად წავედი. მაშინ საქართველოში არ იყო ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ მამაჩემს იმდენი ფული ეშოვაა, ჩვენთის ხარისხიანი განათლება მოეცა. თუ ქართული სკოლა არ გქონდა დამთავრებული, ან ძალიან შეძლებული ოჯახის შვილი არ იყავი, ვერ ჩააბარებდი უნივერსიტეტში.

დედაჩემმა ძალიან კარგად იცის ქართული ენა, მამაჩემმა საერთოდ არა. მამაჩემს ენის ცოდნა განსაკუთრებით მაშინ სჭირდება,  როცა სახელმწიფო უწყებებთან უწევს შეხება. თუმცა ძალიან უნდა, რომ იცოდეს ქართული და ამბობს, ნეტავ მქონოდა ენის სწავლის შესაძლებლობაო.  მესიჯიც რომ მისდის ტელეფონში, მე მიგზავნის, რომ ვუთარგმნო.

მე ბაქოში წასვლის დროსვე ვიცოდი, რომ საქართველოში გავაგრძელებდი სწავლას. უბრალოდ იმაზე მიდიოდა საუბარი, რომ რანაირად ვისწავლიდი ქართულ ენას. 1+4 პროგრამა რომ გაჩნდა, ეს კითხვაც მოიხსნა ჩემს ოჯახში და სკოლა როგორც კი დავამთავრე, ეგრევე ჩამოვედი საქართველოში და ჩავაბარე 1+4 პროგრამაში.

უნივერსიტეტი და 1+4 პროგრამა 

ეროვნული გამოცდები რომ ჩავაბარე, მოვიპოვე გრანტი და ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩემი შეფასებით, ეთნიკური უმცროსების განათლების პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯია 1+4 პროგრამა. თუმცა, როგორც ამ პროგრამის ბენეფიციარს, შემიძლია გითხრათ, რომ უკვე საჭიროებს რეფორმას და განახლებას. ის ყველასთვის უფასო უნდა იყოს.

მოსამზადებელ კურსზე რომ ვიყავი, მინდოდა მემუშავა. როცა რეგიონიდან გადმოდიხარ საცხოვრებლად თბილისში, იმატებს  ხარჯები – ბინის ხარჯი, ჯიბის ფულის, კვების..  აქედან გამომდინარე, გიწევს მუშაობა და რეალურად იმისათვის, რომ ეს დრო და ენერგია დახარჯო  ენის სწავლაში, გიწევს, რომ გადაანაწილო, ან უფრო მეტი დრო დახარჯო ფულის შოვნაში. თავიდან  ენის ბარიერის გამო ვერ დავიწყე მუშაობა ვერსად. ელემენტარულად კომუნიკაციის დონეზე მაინც უნდა იცოდე ენა, რომ მუშაობა შეძლო. ზოგ სუპერმარკეტს ჰქონდა 4 -საათიანი გრაფიკი და მინდოდა მუშაობა, მაგრამ რადგან ქართული ენა არ ვიცოდი, ვერ დავსაქმდი. მეორე კურსიდან დავიწყე მხოლოდ მუშაობა. ვიყავი ღამის ცვლაში – მუშაობა ღამის 9 საათიდან მიწევდა დილის 9- მდე და მერე მქონდა ლექციები დღის განმავლობაში. ვითიშებოდი, როცა გეძინება ლექციაზე, ეს გავლენას ახდენს განათლების ხარისხზე.

რეალურად, რთულია, ერთ წელში ისე ისწავლო ქართული, რომ მერე განათლების მიღება შეძლო შესაბამის ფაკულტეტზე.  სკოლაში ან სხვადასხვა საფეხურებზე კარგად რომ გქონდეს ქართული ენა ნასწავლი და შემდეგ მოხვდე 1+4 პროგრამაზე, შესაძლებელია, რაღაც დონეზე დააკმაყოფილო ენის დონე, მაგრამ უმრავლესობისთვის ეს პროგრამა საკმარისი არ არის.

მე მოსამზადებელზე ჩაბარებიდანვე ჩავები აქტივიზმში და მიწევდა ქართველებთან ურთიერთობა. მარტო სახელმძღვანელოებით ვერ ვისწავლიდი ქართულს. უფრო პრაქტიკით ვისწავლე ქართული ენა. წიგნები მეხმარებოდა, მაგრამ პრაქტიკაში გამოყენებამ ბევრად უფრო გამიადვილა სწავლა. ხანდახან არის, რომ წიგნს კითხულობ და გგონია, რომ კარგად იცი, თუმცა ლაპარაკის დროს კომპლექსი გაქვს და ვერ ლაპარაკობ.

1+4 პროგრამა როცა დაინერგა, მაშინ 100 ეთნიკური აზერბაიჯანელი იყო აბსოლუტურად მისაღები ციფრი, იმიტომ, რომ მაგ პერიოდში, პირველი სამი წელიწადი, უმაღლეს სასწავლებლებში აბარებდა დაახლოებით 200-250 ეთნიკური აზერბაიჯანელი. ახლა უკვე აბარებს 1100-1200 და აქედან მხოლოდ 100-ის დაფინანსება, რაც 10 %-ია,  ძალიან ცოტაა.  2016 წლის შემდეგ სახელმწიფოც ხედავს, რომ ამის საჭიროების წინაშე დგას.

სამართლის წყაროო – მე ვიცოდი წყლის წყარო 

მთელი ზაფხული ვკითხულობდი სამართლის წიგნებს, როცა ენის მოსამზადებელი კურსი დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავირიცხე, რომ რაღაცნაირად მივჩვეოდი მასალას.  პირველ ლექციაზე რომ შევედი, სამართლის ფაკულტეტის ლექტორი საუბრობდა სამოქალაქო სამართლის წყაროებზე და ასე შემდეგ. მეთქი, სად ვარ, რაზე საუბრობენ? მე წყარო ვიცი წყლის წყარო და სამოქალაქო სამართლის წყარო რა შუაშია?  ახალგაზრდისთვის, რომელიც მოსამზადებელი პროგრამიდან სამართლის სფეროში მოხვდა, ძალიან რთულია, რომ რაღაც გაიგოს. პირველი ლექციიდან უკვე მომდევნო კვირისთვის ას ოცდაათი გვერდი უნდა წამეკითხა. ერთხელ, ერთ საგანში ყუთლუ-არსლანის დასის შესახებ უნდა მესწავლა. ასჯერ წავიკითხე. ბოლოს და ბოლოს, დავიზეპირე თემა, იმიტომ, რომ გამოცდაში შედიოდა ეს ბილეთი და უნდა დამეწერა. დავიზეპირე სიტყვა-სიტყვით როგორც ეწერა და ეგრე დავწერე, როგორც იყო წიგნში. შინაარსი ვერ გამოვიტანე, ძალიან რთული ენით ეწერა წიგნში.

ვერ ვსაუბრობდი სემინარებზე, მიუხედავად იმისა, რომ მასალა ვიცოდი. ვერ ვაბარებდი  ნასწავლ მასალასაც კი, იმიტომ, რომ კომპლექსი მქონდა ქართველებთან ერთად საუბრის. ერთ-ერთი ლექტორთან ვსაუბრობდი იმაზე, რომ კომპლექსი მაქვს, ვერ ვაბარებ მასალას-მეთქი და ლექტორმა პირდაპირ მითხრა, რომ ძალიან ცუდია და ქულას დამაკლებდა. მთელი ღამე მიტრიალებდა თავში, რომ ქულას დამაკლებდა. მერე უკვე ჩავაბარე, იმიტომ, რომ სხვა გზა არ მქონდა.

ოთხი წლის განმავლობაში ღამეებს ვათენებდი, რომ სახელმწიფო ენა მესწავლა. ან სამართალს ვსწავლობდი, ან სახელმწიფო ენას, იმიტომ, რომ გამორიცხულია, ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ მოსამზადებელ პროგრამაზე მიღებული ცოდნით გააგრძელო სამართალზე სწავლა.   ქართველებისთვის ორი-სამი საათი იყო საკმარისი, რომ რაღაც მასალა ესწავლათ, მე  რვა – ცხრა საათი მჭირდებოოდა, რომ ეს მასალა რაღაც დონეზე დამემუშავებინა და საკმარისად გამეგო. დღეს უკვე მაგისტრატურის სტუდენტი ვარ და თავიდან მიწევს ზოგიერთი მასალის დამუშავება და სწავლა, იმიტომ,  რომ ენის ბარიერიდან გამომდინარე ბაკალავრიატის დონეზე კარგად არ მქონდა ეს საკითხი გაგებული.

ჩვენ არ გვაქვს თანაცხოვრების კულტურა

პრობლემა ისიც არის, რომ მაგალითად, ჩემს ეთნიკურ წარმომავლობაზე ჩემმა  კურსელებმაც არაფერი იცოდნენ. ჩვენ არ გვაქვს თანაცხოვრების კულტურა, ერთმანეთის შესახებ არაფერი არ ვიცით.

ჩვენ, ეთნიკური უმცირესობები, არ ვწერივართ არც ისტორიის წიგნებში, არსად არ ვწერივართ.  ხანდახან ეს არის რაღაც ლოზუნგის სახით, რომ საქართველო არის მრავალფეროვანი ქვეყანა. არადა, ამ ქვეყანაში ხომ გაგვიკეთებია რაღაცა ჩვენც? მარტო კი არ გვიცხოვრია, ჩვენს დედ-მამებს  რაღაცა ხომ გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის?  ფარიხან სოფიევა, პირველი საკრებულოს  დეპუტატი მუსლიმი ქალი ხომ იყო?  ადვოკატირების და შრომის შედეგად გახდა ამ ქალის შრომა ცნობილი. არც ერთ ისტორიის წიგნში, არსად არ ვწერივართ ჩვენ. აქედან გამომდინარე, არც გვიცნობდნენ.

როცა ჩვენი ტრადიციის, ჩვენი დღესასწაულის შესახებ ვსაუბრობდი, გაკვირვებული მიყურებდნენ: მართლაც ასეა?!  დღემდე არის ეს მიდგომა, რომ ნოვრუზ ბაირამი რელიგიური დღესასწაულია, არადა, არანაირი კავშირი აქვს რელიგიასთან. ეს არის სახალხო დღესასწაული, მაგრამ იმდენად არსად ვართ და იმდენად გამქრალი ვართ, რომ არ იციან.

მასალების გადაბეჭდვის წესი