ზიადინ ჰუსეინლი ერთ-ერთია იმ ეთნიკური აზერბაიჯანელებიდან, რომლებმაც ქართული ენის სწავლისთვის ფული გადაიხადა 1+4 პროგრამაში, რათა შემდგომ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა.
ამიტომ 2024 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ფაქტობრივად იცრუა, როცა ტყუილი უწოდა იმ ფაქტს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო ენის სწავლებაში თანხას იხდიან.
1+4 პროგრამით სახელმწიფო აქამდე მხოლოდ 100 აზერბაიჯანელ სტუდენტს უფინანსებდა სწავლას, 15 მარტს განათლების სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით კი, 2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე(1+4) ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდება და სწავლა ყოველწლიურად 100 სომხურენოვანი და 100 აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200-200 სტუდენტს დაუფინანსდება.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა განცხადებით, ძალიან დაბალი რიცხვია აბიტურიენტთა გაზრდილი რაოდენობის ფონზე და ეს კვოტაც უნდა გაიზარდოს.
ზიადინ ჰუსეინლი, რომელმაც სკოლა მარნეულში დაამთავრა და ახლა აპირებს, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ქართული ასწავლოს, “ნეტგაზეთს” თავის გამოცდილებას უზიარებს – როგორ ისწავლა სახელმწიფო ენა და როგორ ჩააბარა სახელმწიფო უნივერსიტეტებში იურიდიულ ფაკულტეტზე.
“ვუახლოვდები იმ ადგილს, სადაც მინდა, რომ ვიყო”
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კირიხლოდან ვარ. ამჟამად თარჯიმნად ვმუშაობ, ვთარგმნი აზერბაიჯანულიდან ქართულ ენაზე. სტაჟირება გავიარე სამოქალაქო საზოგადოების ფონდში, სადაც განვახორციელეთ პროექტი „საკვირაო სკოლა“. ამ პროექტის ფარგლებში ყველა ჩადის და თავისი სოფლის სკოლაში ატარებს არაფორმალურ ლექციებს.
მე ჩავდივარ და ახალი მეთოდებით ვატარებ გაკვეთილებს ჩემს სოფელში – თამაშით, დიალოგით და ა.შ. მე-7 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით ბავშვებს ჩავუტარე გაკვეთილები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე. მასალა შეიძლება თავიდან გაუგებარი იყო მათთვის, მაგრამ მეგობრული გარემო გვქონდა და გაუგებარ თემებს ერთად განვიხილავდით.
სკოლაში რომ ვსწავლობდი, სამწუხაროდ, ასეთი პროექტები არ იყო, არადა ძალიან დაგვეხმარებოდა ენის უკეთ სწავლაში. მე ვცხოვრობდი სოფელში, სადაც საკუთარი თავის განვითარების შესაძლებლობა არ მქონდა.
ყოველთვის მინდოდა, რომ მესწავლა და სოფლიდან გავსულიყავი. ერთადერთი შანსი ის იყო, რომ ჩამებარებინა უნივერსიტეტში და ამესრულებინა ჩემი ოცნებები. ჩავაბარე. ვისწავლე 5 წელი. რთული იყო, მაგრამ მაინც შევძელი. ახლა ჯერ იმ ადგილას არ ვარ, სადაც მინდა, მაგრამ უფრო ახლოს ვარ, ვიდრე ვიყავი ადრე და ვუახლოვდები იმ ადგილს, სადაც მინდა, რომ ვიყო.
“მე ვუთარგმნი ხოლმე მამაჩემს, როცა ვერ იგებს ქართულს”
ორი და მყავს, მაგრამ არცერთმა არ იცის ქართული. ჩემზე დიდები არიან და მათ არ მოუწიათ ქართული ენის მოსამზადებელი კურსები და წავიდნენ აზერბაიჯანში. რომ ჰქონოდათ ეს შესაძლებლობა, არ წავიდოდნენ და აქ შეძლებდნენ სწავლას.
დედაჩემმა საერთოდ არ იცის სახელმწიფო ენა. მამაჩემმა იცის ცოტათი, კომუნიკაციის დონეზე, რადგან მუშაობს ქართველებთან ერთად. სჭირდება ქართული ენა, მაგრამ არ ჰქონდა პირობები, რომ ესწავლა. მერიას და სახელმწიფო უწყებებს მომსახურებისთვის არ ჰყავთ თარჯიმანი, რომელიც აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას დაეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის ქართული კარგად. მე ვუთარგმნი ხოლმე მამაჩემს, როცა ვერ იგებს ქართულს.
ჩემს მშობლებს სულ დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი სწავლის მიმართ და უნდოდათ, რომ მესწავლა.
როგორ ვისწავლე ქართული
წესით, სწავლა საბავშვო ბაღში სიარულით უნდა დავიწყოთ, მაგრამ ჩვენთან თითქმის არ არსებობს საბავშვო ბაღები. მე პირადად ვერ ვიარე ფიზიკურად საბავშვო ბაღში იმიტომ, რომ ჩემს სოფელში არ იყო.
თითქმის არ მქონდა ქართველებთან და ქართულ ენასთან შეხება “პროექტის მასწავლებლის” ჩვენს სოფელში ჩამოსვლამდე. ასე ვეძახდით ხოლმე მარნეულში პროექტის ფარგლებში ჩამოსულ ქართული ენის მასწავლებლებს.
მე-6 კლასში ბანაკში ვიყავი ქართველებთან ერთად, მაგრამ საერთოდ არ მქონია კომუნიკაცია მათთან იმიტომ, რომ ქართული არ ვიცოდი და ვერ ვამყარებდი მათთან კონტაქტს.
მეექვსე კლასში ვსწავლობდი, როცა პირველად ჩამოვიდა ის “პროექტის” მასწავლებელი. ზოგადად, კარგად იყო ყველაფერი ჩემს შემთხვევაში – კარგად მასწავლიდა, მის დახმარებით ვისწავლეთ, რაც ვისწავლეთ, და იმის მერე გავაგრძელეთ 1+4 პროგრამაში სწავლა. თუმცა ყველა აზერბაიჯანულენოვან სკოლაში ასე არ უმართლებს ყველას.
სკოლაში ქართული, როგორც უცხო ენა, ეგრე ისწავლებოდა. ყოველდღე ვსწავლობდი. ხუთი დღე კვირაში, მეექვსე კლასიდან. ჩვენ კი დავიწყეთ მეექვსე კლასში ქართულის სწავლა, მაგრამ მეთორმეტე კლასში ვსწავლობდით მერვე კლასის სახელმძღვანელოდან. გვიან რო დავიწყეთ, იმის გამო, ალბათ.
არაფორმალური განათლება ქართული ენის სწავლისას
მე-9 კლასში რომ ვიყავი, მოსწავლეთა ბანაკში წავედი და ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ვინაიდან გვიწევდა კომუნიკაცია ქართულად და ეს გვეხმარებოდა სწავლაში. ეს იყო 12- დღიანი ბანაკი ბაკურიანში. ესეების კონკურსში გავიმარჯვე და იქ ვიყავით ამ კონკურსის გამარჯვებულები. იქ იყვნენ ქართველი ტრენერები და ლიდერები, რომელთანაც გვიწევდა ქართულად საუბარი. ჯგუფში მხოლოდ ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები ვიყავით და სომხებთან და ტრენერებთან ქართულად ვლაპარაკობდით. ასეთი ბანაკები მეხმარებოდა, ენა დამეხვეწა და პრაქტიკაში გამომეყენებინა, რისი საშუალებაც არ მქონდა ჩემს სოფელში.
არაფორმალური განათლებაც რომ იყოს, ქართული ენის სწავლის პროცესში ძალიან დაგვეხმარებოდა. მაგალითად, გაკვეთილების გარდა, რომ იყოს სხვა რესურსი, მაგალითად, ფილმებს რომ ვუყუროთ მეგობრულ გარემოში, ან ტრენინგები და ა.შ .
სკოლის გარდა არ იყო ასეთი შესაძლებლობა ჩემს სოფელში. ამიტომ მარნეულში დავდიოდი განათლების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ენის შემსწავლელ ცენტრში. სკოლის შემდეგ მივდიოდი და იქ გავდიოდით ქართული ენის კურსს.
სკოლაში ოთხი კომპონენტიდან სამს ვსწავლობდით- ვკითხულობდით, ვწერდით და ვლაპარაკობდით, მაგრამ არ გვქონდა შესაძლებლობა მოსმენის. ზურაბ ჟვანიას სახელობის ენის სწავლების ცენტრში უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იყო სწავლა. იქ ეთნიკურად სომხებიც იყვნენ და მათთან ორი საათის განმავლობაში ვლაპარაკობდით ქართულად. ერთხელ მე-11 კლასში წავედით ქუთაისში, სადაც არის ამ ცენტრის მთავარი ფილიალი. სამ -ვირიანი კურსი იყო, დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე ვმეცადინეობდით ქართულ ენას. ეს იყო კარგი შესაძლებლობა და გამოცდილება.
ჩემი აზრით, ქართულის სწავლება ჯერ სკოლებში უნდა იყოს მაღალ დონეზე, რადგან შემდეგ თუ უნივერსიტეტში მივდივართ, იქაც ვიცოდეთ და თუ არ მივდივართ, აღარ გვინდა სწავლის გაგრძელება, ამ შემთხვევაშიც ვიცოდეთ ქართული, რადგან ქართულის ცოდნა გვჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
1+4 პროგრამა
აზერბაიჯანული სკოლის დასრულებისთანავე ჩავაბარე უნივერსიტეტში.
ეროვნული გამოცდა ეთნიკური უმცირესობებისთვის მხოლოდ ზოგადი უნარებია. ამ გამოცდის ქულის მიხედვით ვხვდებით უნივერსიტეტში. ამის შემდეგ არის 1+4 პროგრამა, რომელიც ქართული ენის სწავლა-გაუმჯობესებაში გვეხმარება და შემდეგ პირველ კურსზე ვირიცხებით.
მე უნარებში 28 ქულა ავიღე, რაც ძაან დაბალია და ვერ მოვხვდი იმ 100 ადამიანში, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოსგან. ყოველ წელს მხოლოდ ას აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს გრანტი, არადა ასი ძალიან ცოტაა. ვფიქრობ, რომ მეტი ადამიანი უნდა ფინანსდებოდეს. როცა 1+4 პროგრამა დაინერგა, მაშინ ძალიან ცოტა აბარებდა, ასი კარგი ციფრი იყო, ახლა ძალიან ბევრს უნდა უნივერსიტეტში ჩაბარება.
თუ სკოლაში რამე ისწავლე ქართულად, თუ ქართული ენის რაღაც დონეზე ხარ, უფრო ადვილია, რომ ისწავლო მოსამზადებელ კურსზე. თუ ძალიან დაბალ დონეზე ხარ, სკოლაში ვერ ისწავლე ქართული ენა, მაშინ ძალიან რთულია ამ პროგრამაშიც სწავლა. ზოგადად რთულია ამ ერთი წლის განმავლობაში სწავლა და უფრო მეტი დრო გინდა, რომ დახარჯო მეცადინეობაზე და სწავლაზე.
მინისტრმა თქვა, სიცრუეა, რომ ენის სწავლებაში ეთნიკური უმცირესობები ფულს იხდიანო. ეს არ არის სიმართლე – ჩვენ, ეთნიკურ უმცირესობებს გვიწევს საფასურის გადახდა ქართულის სწავლებაში. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში – მე თან ვმუშაობდი მაღაზიაში, რომ ქართული ენის სწავლის საფასური გადამეხადა. ღამის ცვლაში ვმუშაობდი მაღაზიაში და მერე ლექციაზე მივდიოდი და ძაან რთული იყო. ღამის ცვლიდან მივდიოდი უნივერსიტეტში, ან უნივერსიტეტიდან სამსახურში და მიჭირდა თან სწავლა და თან მუშაობა.
უნივერსიტეტი
წარმატებულად დავამთავრე 1+4 პროგრამის ქართული ენის კურსი, შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თუმცა ეს იურიდიული ტერმინოლოგიები ძალიან უცხო იყო ჩემთვის. ჩემი კურსელები ერთხელ ან ორჯერ კითხულობდნენ ერთ მასალას. მე ვკითხულობდი ათჯერ, რომ გამეგო რამე, შემდეგ ვთარგმნიდი, შემდეგ უნდა დამეზეპირებინა. რამდენიმე პროცესი იყო ჩემთვის, ალბათ, სხვებთან უფრო განსხვავებულად იყო.
პირველ კურსზე დაბალი ქულები მქონდა, კმაყოფილი არ ვიყავი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა – ვიცოდი, რომ ვერ ვწერდი და უნდა გამეუმჯობესებინა. სადღაც მეორე-მესამე სემესტრში გამიადვილდა უფრო წერა და ვიგებდი, რასაც ვკითხულობდი. ლექციების პარალელურად ლიტერატურასაც ვკითხულობდი ქართულად, რომ მივჩვეოდი ენას.
კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ, ეთნიკური უმცირესობები, ვერ ვსარგებლობთ უფასო ფაკულტეტებით. თუ უკვე ისარგებლე 1+4 პროგრამით, სახელმწიფო აღარ გაძლევს შესაძლებლობას უფასოდ ისწავლო ისეთ ფაკულტეტებზე, რომლებიც უფასოა. მაგალითად, ჩემ გარშემო ეთნიკური ქართველები რომ სწავლობენ ფიზიკის ან ქართული ფილოლოგიის მიმართულებით უფასოდ, ჩვენს შემთხვევაში ვიხდით ამაში ფულს. ეს, ჩემი აზრით, არის უსამართლობა.
მე მოსამზადებელი კურსი რომ დავამთავრე, არ ვიცოდი, სად გავაგრძელებდი- სამართალზე თუ ფილოლოგიაზე. მერე ვთქვი, რომ რახან ორივეში ფული უნდა გადავიხადო, იურიდიულზე ჩავაბარებ. უფასო რომ ყოფილიყო ქართულ ფილოლოგიაზე სწავლა 1+4 პროგრამის სტუდენტებისთვის, აუცილებლად ქართულ ფილოლოგიაზე ჩავაბარებდი. ახლა ვაპირებ ჩავაბარო მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდა და გავიარო კურსები და გავხდე ქართულის მასწავლებელი და ვასწავლო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.