ახალი ამბები

რელიგიის სააგენტო ადიგენზე: ვგმობთ რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისთვის

10 მარტი, 2024 • 2201
რელიგიის სააგენტო ადიგენზე: ვგმობთ რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისთვის

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენში 8 მარტს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია ნებისმიერი მიზანმიმართული დესტრუქცია და გმობს რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „სააგენტო არ მიესალმება ძალადობას და იმედოვნებს, რომ საკითხი უსწრაფესად იქნება დარეგულირებული“.

განცხადების ავტორები წერენ, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება დაცულია საქართველოში და ამის ხმამაღლა აღიარება არაერთხელ მომხდარა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების რელიგიის საკითხებზე მომუშავე მაღალი რანგის პირების მიერ:

„სააგენტო მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და იმოქმედონ საქართველოს ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად. ამავდროულად, მოუწოდებს მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა არ გადავიდეს მრევლში“ — ვკითხულობთ განცხადებაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, სისტემატური კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მისი რეგიონული კოორდინატორი აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ საკითხში:

„სააგენტო მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისაგან, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და იმოქმედონ სეკულარიზმის პრინციპების შესაბამისად.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დასაწყის ეტაპზევე აქტიურად იყო ჩართული ზემოხსენებული საკითხის დარეგულირებაში და მომავალშიც მზადაა იმოქმედოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა რელიგიური კონფესიის ინტერესების დასაცავად,“ — წერია განცხადებაში.

ადიგენის ცენტრში მუსლიმებს კერძო საკუთრებაში პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ. „გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავ თუ არ დაგტოვო კოჭლი“, – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა. სახლის გარეთ, ათობით პოლიციელი და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი