ახალი ამბებისაზოგადოება

ვის აწყობს არჩევნები შუა კვირას და ამომრჩევლის დაბალი აქტივობა

16 ნოემბერი, 2018 • 2100
ვის აწყობს არჩევნები შუა კვირას და ამომრჩევლის დაბალი აქტივობა

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გაითვალისწინა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია კენჭისყრის არასამუშაო დღეს დანიშვნის შესახებ. მართალია, არჩევნების დღე საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდება, თუმცა, სამოქალაქო სექტორის აზრით, ეს პრობლემას არ აღმოფხვრის. ვის შეიძლება აწყობდეს ცესკოს ეს გადაწყვეტილება და ვის სასარგებლოდ იმუშავებს ამომრჩევლის დაბალი აქტივობა? – ამის გარკვევას ნეტგაზეთი შეეცადა.

რა კატეგორიის ამომრჩევლისთვის არის პრობლემური არჩევნების შუა კვირაში დანიშვნა?

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის განვითარების საზოგადოების (ISFED) დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ასეთია ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი – ერთი მხრივ, ემიგრანტები და მეორე მხრივ, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი რეგისტრაციის ადგილიდან მოშორებით ცხოვრობენ.

საქმე ის არის, რომ საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 ოქტომბერი უქმე დღე არ იქნება. მიხეილ ბენიძის თქმით, ვითარებას არათუ ამსუბუქებს, არამედ კანდონდარღვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ცესკომ საზღვარგარეთის უბნებზე ხმის მიცემა ღამის 24:00 საათამდე გააგრძელა.

“გაუგებარია, რომელი საკანონმდებლო ნორმა აძლევს საარჩევნო ადმინისტრაციას ამის საშუალებას. ამასთან, კენჭისყრის დროის ოთხი საათით გახანგრძლივება მაინც არ აუმჯობესებს ემიგრანტების მდგომარეობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმ ქალაქისგან მოშორებით ცხოვრობენ, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი”, – აღნიშნა ბენიძემ. ამიტომ, თუ ცესკოს უნდოდა ემიგრანტების ინტერესების გათვალისწინება, არჩევნებს არასამუშაო დღეს, 3 დღის მერე დანიშნავდა”, – ამბობს ბენიძე.

მიხეილ ბენიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შუა კვირაში არჩევნების დანიშვნა უფრო პრობლემურია, ვიდრე თუნდაც ორშაბათს ან პარასკევს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, თბილისში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც რეგიონებში არიან რეგისტრირებულნი, რეგისტრაციის ადგილას ჩასვლა-ჩამოსვლისთვის დასვენების დღეებიც ემატებათ.

“შესაძლებელია სამართლებრივი საფუძველი არსებობდეს იმისთვის, რომ სამუშაო დღესაც დაინიშნოს არჩევნები, მაგრამ ცესკოს, როგორც საარჩევნო ორგანოს, ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ამომრჩევლისთვის საარჩევნო ხმის უფლების გარანტირება. სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთოდ უგულებელყო და იგნორირება გაუკეთა ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილს. აღსანიშნავია ის, რომ კანონი არ აჩქარებდა საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ დაუყოვნებლივ შეეჯამებინა შედეგები და გამოეცხადებინა არჩევნების თარიღი 28-ში და არა 3 დღის შემდეგ”, – უთხრა  ბენიძემ “ნეტგაზეთს” და დასძინა, რომ იმ ფონზე, როდესაც მუდმივად საუბარია აქტივობაზე და მეორე ტურზე, როგორც წესი, გაცილებით ნაკლები ამომრჩეველი მიდის, ვიდრე -პირველზე, არჩევნების ლეგიტიმაციისთვისაც უმჯობესი იქნებოდა, კენჭისყრის დღის ისეთ დროს დანიშვნა, როდესაც მეტი ამომრჩეველი შეძლებდა ხმის მიცემას.

არჩევნების დაბალი ლეგიტიმაცია პრობლემური იქნება იურისტ ლევან ალაფიშვილის აზრითაც.

“ხელისუფლებამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყონ ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზაციის მაქსიმალურად  გამოვლენა. ეს თავისთავად მოიაზრებს არასამუშაო დროს კენჭისყრის დღის დანიშვნას, ან სხვა იმდაგვარ გადაწყვეტას, როდესაც მაქსიმალურ რაოდენობას ამომრჩევლებისა ექნება საშუალება, მივიდნენ და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. მეორე საკითხია პოლიტიკური ლეგიტიმაცია. მეორე ტური თავისთავად ძალიან დაბალ ლეგიტიმაციას გულისხმობს, ვინაიდან ბარიერი არ არის.  ამომრჩევლებისთვის დამატებითი ბარიერების შექმნით კი ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება”, – აღნიშნა ალაფიშვილმა.

ალაფიშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ემიგრანტების და საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული ადამიანების ნაწილი სავარაუდოდ ხმის მიცემას ვერ მოახერხებს, დაბალი აქტივობის წინაპირობა გახდება.

“შუა კვირაში არჩევნების დანიშვნა პრობლემაა თბილისში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც აქ რეგისტრირებულნი არ არიან. მათთვის ხმის მისაცემად რეგიონში წასვლა შეიძლება დაკავშირებულია სამუშაოს გაცდენასთან (თუ კერძო სექტორში მუშაობენ), ასევე დამატებით ხარჯებთან – წასვლა-წამოსვლა იმავე დღეს. პრობლემა შეექმნებათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებსაც. 12 საათამდე ხმის მიცემის გადაწევაც არ არის პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება, ვინაიდან ეს ადამიანები სამუშაო დღეებში 24-საათიან რეჟიმში არიან დაკავებულნი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ალაფიშვილმა.

ვის ინტერესშია დაბალი აქტივობა?

არჩევნების ექსპერტების თქმით, დაბალი აქტივობა, როგორც წესი, ხელისუფლების ინტერესშია, ვინაიდან ის ადმინისტრაციული რესურსის, ანუ მის მიმართ კეთილგანწყობილი ამომრჩევლის მობილიზებას მაინც ახერხებს.

“საარჩევნო სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ დაბალი საარჩვენო აქტივობა ყოველთვის ხელისუფლებაში მყოფი ძალის სასარგებლოდაა. მას ხელი მიუწვდება ბიუჯეტზე, სხვადასხვა პროგრამის დაგეგმვაზე, ჰყავს თავის მიმართ კეთილგანწყობილი დასაქმებულები.  2012 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობდა, აქტივობა ნაკლები ყოფილიყო, სწორედ აქტივობამ განაპირობა ხელისუფლების მარცხი.  ასე რომ, ყველა ხელისუფლება ცდილობს ამ უპირატესობის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და  ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოყენებას”, – აღნიშნა ალაფიშვილმა.

მიხეილ ბენიძე ვარაუდობს, რომ დაბალი აქტივობის პირობებში ხელისუფლება სწორედ საჯარო სექტორის მობილიზებაზე იქნება ორიენტირებული.

“ბევრი სპეკულაციაა იმასთან დაკავშირებით , რომ დაბალი აქტივობა სინამდვლეში მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის ინტერესშია და ამის არგუმენტად  გამოიყენება საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ადამიანების მაღალი მობილიზება. ეს პირველ ტურშიც გამოიკვეთა, ვგულისხმობ მხარდამჭერთა სიების პრაქტიკა და არჩვენების დღეს მათ მობილიზებას, გადაკონტროლებას, მივიდნენ თუ არა ამ სიაში მყოფი ადამიანები.  ასევე, ჩვენ ვიგებთ ახლა სხვადასხვა სქემების და ზეწოლის ფაქტების შესახებ, რომელსაც ვამოწმებთ და მოხდვება ჩვენს ანგარიშში, მაგრამ ინფორმაციები მიუთითებს, რომ კონკრეტულად საჯარო მოხელეების მობილიზებაზე არის  ორიენტირებული მმართვლი პარტია, რამაც დაბალი აქტივობის პირობებში, შეიძლება მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს უპირატესობა მიანიჭოს”, – აღნიშნა ბენიძემ.

არჩევნების მეორე ტური 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. მათ შორის 55 საარჩევნო უბანი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმუშავებს. რაც შეეხება ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე მოქალაქეებს, მათთვის ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2 საარჩევნო უბანზე 26 ნოემბერს გაიმართება.

ამავე თემაზე გთავაზობთ:

დაკარგული ხმები – რატომ ვერ წავა მოქალაქეთა ნაწილი ოთხშაბათს არჩევნებზე

როგორ გაცვალეს როლები “ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ” არჩევნების თარიღთან დაკავშირებით

მასალების გადაბეჭდვის წესი