როგორ გაცვალეს როლები “ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ” არჩევნების თარიღთან დაკავშირებით

2012-2013 წლებში “ქართული ოცნება” დაახლოებით იმავე არგუმენტებით ითხოვდა არჩევნების არასამუშაო დღეს ჩანიშვნას, რა არგუმენტითაც დღეს გაერთიანებული ოპოზიცია ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია კი უცვლელია — ისინი არჩევნების შაბათ-კვირას დანიშვნას უჭერდნენ მხარს მაშინაც და ახლაც – 2018 წელს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოთხშაბათს ჩანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ითხოვდა, არჩევნები უქმე დღეს გამართულიყო. ამას უჭერდნენ მხარს სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც “ქართული ოცნებისთვის” გადამწყვეტი იყო, 1 ოქტომბერს ჩატარდა — ორშაბათ დღეს. მაშინ “ოცნება” ამბობდა, რომ არჩევნების ორშაბათს, სამუშაო დღეს, დანიშვნა ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობას გაართულებდა.

2012 წლის 30 აგვისტოს “ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიწერილ წერილში ენმ-ს მოუწოდებდა, შექმნილიყო “ყველა პირობა იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა (ამომრჩევლის 25%) მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა”;

2012 წლის 6 სექტემბერს კი “ქართულმა ოცნებამ” თბილისში გამართული საერთაშორისო დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელძღვანელთა შეხვედრის, ამბასადორიალის მონაწილეებს მიმართვა გაუგზავნა. ამ მიმართვაში, სხვა საკითხებთან ერთად, “ოცნება” ამბობს, რომ “განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სწორედ არალეგალურად მყოფ, საკუთარი ქვეყნიდან გაჭირვებასა და უმუშევრობას გაქცეულ ემიგრანტებს სჭირდებათ”.

ამის შემდეგ კი წერია: “ორშაბათ დღეს არჩევნების დანიშვნა კიდევ უფრო ართულებს მათთვის [ემიგრანტებისთვის] არჩევნებში მონაწილეობას. მიუხედავად მათი [დიპლომატიური მისიებიდან დიდი მანძილით დაშორებულ ქალაქებში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეების] თხოვნისა, არც ცესკო და არც საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ითვალისწინებენ საკუთარი მოქალაქეების თხოვნას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ წაართმევთ ჩვენს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას”.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

კენჭისყრის დღის სამუშაო დღეს დანიშვნა სადავო საკითხი იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. ამ დროს “ოცნება” უკვე ფლობდა საპარლამენტო უმრავლესობას, თუმცა თარიღის დანიშვნას მათთან აფილირებული ადამიანები ვერ ახერხებდნენ.

საბოლოოდ, არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდა, კვირადღეს, თუმცა მანამდე თარიღი ორჯერ შეიცვალა.

ნეტგაზეთის არქივის თანახმად, 2013 წლის 1 ივლისს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა გამოაცხადა, რომ სააკაშვილმა არჩევნების თარიღად 27 ოქტომბერ შეარჩია. იმავე დღეს, სამ საათში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ თავდაპირველი თარიღი შეცდომით გამოცხადდა და არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდებოდა. 31 ოქტომბერი ხუთშაბათი იყო.

ამასთან დაკავშირებით ივანიშვილის ნათქვამს ინახავს Civil.ge-ის არქივი: მისი თქმით, ამ ნაბიჯით “სააკაშვილმა არა მხოლოდ შეურაცხყოფა მიაყენა და აჩვენა მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი, არამედ უგულებელყო ქართული ემიგრაციის ინტერესები, რომლებმაც იმის გამო, რომ არჩევნები სამუშაო დღეს დაინიშნა, შესაძლოა საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ხმის მიცემა ვერ შეძლონ.”

ტელეკომპანია “მაესტროს” კადრებში შემონახულია ივანიშვილის შემდეგი სიტყვები:

“არჩევნების დღედ ხუთშაბათი დანიშნა და აქ ეჭვებია, რომ იურიდიულად გამართლებული არა არის საპრეზიდენტო არჩევნების ამ დღეს დანიშვნა, ეს ცალკე თემაა და მე ამაზე არ გავჩერდები… მან მოახერხა საპარლამენტო არჩევნების დროს უარი ეთქვა ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობაზე. ახლა ხუთშაბათსაა დანიშნული, 1.2 მილიონზე მეტი ემიგრანტი გვყავს გარეთ და როგორ მოახერხებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას? არაფერს არ უყურებს ეს კაცი და ამ ქცევით კარგად აჩვენა, რომ პირადულის გარდა არაფერს ანგარიშს არ უწევს”.

2018 წლის არჩევნების მეორე ტური

ცესკომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით 14 ნოემბერს განაცხადა, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები დილის 8-დან საღამოს 8-ის ნაცვლად 12 საათამდე იქნება გახსნილი. თუმცა რჩება კითხვა, თუ რამდენად მოახერხებენ ემიგრანტები კვირის შუაში, თუნდაც 12 საათამდე, ხმის მიცემას.

ამას გარდა, უშუალოდ საქართველოში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, რომლებიც სხვა ქალაქებში არიან ჩაწერილი, შესაძლოა, ვერ მოასწრონ ერთ დღეში ხმის მისაცემად იქ გამგზავრება და უკან დაბრუნება, სადაც ხმის მისაცემად არიან რეგისტრირებული.

ასევე, მართალია, 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოცხადდა, თუმცა კერძო სექტორში დამსაქმებლები არ არიან ვალდებულნი, დასაქმებული დაასვენონ.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ იმ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა, რითაც ცესკო ასაბუთებს ამ გადაწყვეტილებას, — საზღვარგარეთ მყოფი პირებისათვის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცათ, — შესაძლებელი უფრო მეტად იქნებოდა საიას და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი რეკომენდაციით.

სამმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ — “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, “სამართლიანმა არჩევნებმა” და საიამ ცესკოს მოუწოდეს, არჩევნები შაბათს დაენიშნათ.

როგორც პავლიაშვილი გვეუბნება, სხდომაზე ცესკოს არ წარმოუდგენია მნიშნველოვანი არგუმენტი, რომლითაც დაასაბუთებდა, რატომ არ დანიშნა არჩევნები უქმე დღეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com