საზოგადოება

რატომ შეიძლება სჯეროდეს მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს ანტიდასავლური კონსპირაციების

9 მაისი, 2023 • 775
რატომ შეიძლება სჯეროდეს მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს ანტიდასავლური კონსპირაციების

საქართველოს მოქალაქეებს შორის პროდასავლური განწყობები დომინირებს, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს სჯერა კონსპირაციული თეორიების, როგორიცაა საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა დასავლეთის მხრიდან.

ეს სურათი ჩანს საზოგადოებრივი აზრის კვლევიდან, რომელიც „CRRC საქართველომ“ 2023 წლის იანვარში ჩაატარა, შედეგები კი 8 მაისს გამოქვეყნდა.

კვლევის მიხედვით, გაზრდილია მერყევ მოქალაქეთა რიცხვიც, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, ვინ არის საქართველოსთვის საიმედო პარტნიორი — დასავლეთი თუ რუსეთი.

უფრო კონკრეტულად: რას ვიგებთ კვლევიდან

კვლევა USAID-ის მხარდაჭერით და „ზინქ ნეთვორქის“ დაკვეთით 2023 წლის იანვარში ჩატარდა და მოიცავს როგორც საზოგადოების განწყობებს დასავლეთისა და რუსეთის მიმართ, ისე ხედვებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკისა და ქართული მედიისადმი.

კიდევ ერთი კვლევა 2023 წლის მარტში, ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების შემდეგ ჩაატარეს, თუმცა ის სატელეფონო გამოკითხვის გზით მომზადდა და, შესაბამისად, იმაზე ნაკლები კითხვა დაისვა, ვიდრე იანვრის კვლევისას.

მარტის კვლევიდან ვიგებთ, რომ ევროინტეგრაციის საჭიროებაზე საზოგადოების დიდი ნაწილი, 81% თანხმდება. ეს მაჩვენებელი 9%-ით მეტია ამავე კომპანიის დაკვეთით მიმდინარე წლის იანვარსა და 2021 წლის ნოემბერში ჩატარებულ კვლევებთან შედარებით, როცა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას 72% უჭერდა მხარს.

წყარო: “ზინქ ნეთვორქ” 

თუმცა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ სხვა კითხვებზე მოქალაქეთა პოზიციები უფრო მეტად კომპლექსურია.

ევროკავშირისგან განსხვავებით, NATO-ში გაწევრების მომხრეთა რიცხვი შემცირებულია: 2023 წლის იანვარში  ეს მაჩვენებელი 53% იყო, რაც 6%-ით ნაკლებია 2021 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი(46%) საქართველოს პარტნიორად მკაფიოდ ირჩევს დასავლეთს, რუსეთის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი სულ 14%-ია, 2021 წელთან შედარებით დაკლებულია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ჩამოყალიბებული აზრი გააჩნია ამ საკითხზე.

“როცა ადამიანებს ვეკითხებით, ვინ არის საქართველოსთვის უკეთესი პარტნიორი, რუსეთი თუ დასავლეთი? აქ საუბარია ზოგად ღირებულებებსა და საერთო იდეალებზე, ანდა იმაზე, თუ სად უფრო იქნება დაცული საქართველოს ტრადიციები და ღირებულებები, ვისთან პარტნიორობის შემთხვევაში.

ასეთ კითხვებზე ვხედავთ, რომ მოკლებულია როგორც პრორუსული განწყობები და იმ ხალხის წილი, ვინც რუსეთს აღიქვამს პარტნიორად, ისე იმ ხალხის წილი, ვინც მკაფიოდ დასავლეთს აღიქვამს პარტნიორად…

უფრო მეტი ადამიანია შუალედურ პოზიციაზე, როცა ან არ იცის, ან არცერთს მიიჩნევს პარტნიორად”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” მიხეილ ბენიძე, “ზინქ ნეთვორქის” ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის დირექტორი.

წყარო: ზინქ ნეთვორქი

გამოკითხულთა პოზიცია უფრო ცალსახაა, როცა საქმე ეროვნული უსაფრთხოების საკითხს ეხება. აქ 59% ასახელებს დასავლეთს უფრო სანდო მოკავშირედ, რუსეთს — 13%, სხვებს კი ან პასუხი არ აქვთ, ან არცერთს განიხილავენ სანდო მოკავშირედ.

კვლევის კიდევ ერთი მიგნებაა, რომ დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩართვის შესახებ კონსპირაციას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი(29%) მიიჩნევს სარწმუნოდ. 38%-ს ამის არ სჯერა, 16% — ნეიტრალურია, 19%-ს კი — პასუხი არ აქვს.

უკრაინაში ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი თვალშისაცემი მიგნებაა მოქალაქეთა 31%, რომელსაც სჯერა, რომ უკრაინაში ომი ფაქტობრივად დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული.

გააქტიურებული პროპაგანდა, როგორც სავარაუდო ფაქტორი

რთული სათქმელია, რას ფიქრობდნენ მოქალაქეები ზემოთ მოცემულ ზოგიერთ საკითხზე 6 თვის ან 1 წლის წინ, რადგან კვლევის ავტორებს ეს კითხვები აქამდე არ დაუსვამთ.

თუმცა კვლევა ნათელს ჰფენს, როგორც მინიმუმ, ორი გარემოებას: მომატებულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც საქართველოს საგარეო კურსზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს კი ანტიდასავლური გზავნილების სჯერა.

რატომ?

მიხეილ ბენიძე ხაზს უსვამს, რომ კვლევა ცალსახა პასუხს არ შეიცავს, თუმცა, მისი აზრით, ზოგიერთი შედეგი შეიძლება უკავშირდებოდეს “მიზანმიმართული ანტიდასავლური პროპაგანდის” გაძლიერებას საქართველოში — განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

“დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩართვის [მცდელობა] თუ სხვა საკითხები, რომლებიც ძირითადად კონსპირაცია და პროპაგანდისტული დეზინფორმაციაა, ჩემი აზრით, გარკვეულწილად აისახება მოქალაქეთა ნაწილზე”, — დასძენს ის.

კვლევის ავტორებმა საქართველოში აშშ-ის როლზეც ჰკითხეს მოქალაქეებს. წყარო: “ქინქ ნეთვორქ” 

კონსპირაციულ თეორიას გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელსაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, უშუალოდ “ქართული ოცნების” ხელისუფლება და მისი მოკავშირეები ავრცელებენ კრიტიკოსთა მიმართ.

ისინი ცდილობენ, მოსახლეობას დააჯერონ, რომ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა აქვთ ქართულ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თუ უცხოური მედიასაშუალებებს ისევე, როგორც საქართველოს დასავლელ მეგობრებს.

კვლევის ავტორებმა ხალხს ისიც ჰკითხეს, სჯერათ თუ არა, რომ უკრაინის ოფიციალური პირები ან ქართული ოპოზიცია ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას. პირველი მტკიცების 40%-ს სჯერა, რაც მეტია იმ მოქალაქეთა პროცენტულ წილზე, ვისაც სწამს, რომ დასავლეთი ცდილობს თბილისის ომში ჩართვას. ქართული ოპოზიციის მხრიდან ამავე მცდელობის 33%-ს სჯერა, 35%-ს კი — არა.

ბენიძე ანტიდასავლური პროპაგანდის კონტექსტში განიხილავს ნატოში გაწევრებისადმი მხარდაჭერის კლებასაც:

“მიმდინარე ომის ფონზე გააქტიურებული ნარატივები თავიდან სწორედ იმას უკავშირდებოდა, რომ ის ნატოს მიერ იყო პროვოცირებული… გარკვეულ ნაწილზე ეს კონსპირაცია და პროპაგანდა მუშაობს და შეიძლება, გარკვეულწილად ამანაც მოახდინა გავლენა ნატოსადმი მხარდაჭერის მცირე კლებაზე”.

კვლევის მიხედვით, ალიანსის წევრობის მომხრეთა 78%-ს სჯერა, რომ ეს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მოუტანს, მოწინააღმდეგეთა 41% კი ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრება რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს.

ნატოში გაწევრებას მეტად უჭერენ მხარს 18-დან 34 წლამდე მოქალაქეები(61%), ვიდრე 35-54 და 55+ ასაკის ადამიანები(49-49%). ამასთან, ალიანსის წევრობის იდეა უფრო პოპულარულია დედაქალაქში (58%). სხვა ქალაქებში ეს მაჩვენებელი 53%-ია, სოფლად — 48%.

კიდევ რით აიხსნება მოქალაქეთა ხედვები და რა მოქმედებს მათზე?

საყურადღებოა, რომ სხვა კომპანიის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI)-ის კვლევით, რომლის შედეგებიც გასულ თვეს გამოქვეყნდა, ნატოში გაწევრებას სრულად ან ნაწილობრივ ემხრობა გამოკითხულთა 80%. ეს გაცილებით დიდი შედეგია „ზინქ ნეთვორქის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, რომელიც 8 მაისს გასაჯაროვდა.

განსხვავების სავარაუდო მიზეზებზე საუბრისას მიხეილ ბენიძე ხაზს უსვამს, რომ ორი კვლევის ავტორთა მიერ დასმული კითხვების ფორმულირება სხვადასხვა იყო.

„ზინქ ნეთვორქისის“ შემთხვევაში, მოქალაქეებს ჰკითხეს:

საქართველო უნდა გაწევრიანდეს ნატოში, გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი თუ შეუერთდეს რუსეთის მიერ დაფუძნებული “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას”(CSTO).

უკანასკნელ ვარიანტს სულ 5% მიემხრო, რაც 2021 წლის შედეგთან შედარებით 4%-ით ნაკლებია, თუმცა გაზრდილია ნეიტრალიტეტის მომხრეთა რიცხვი (21%-დან 26%-მდე) ისევე, როგორც პასუხის არცოდნის ან პასუხზე უარის მაჩვენებელი(10%-დან 16%-მდე).

რაც შეეხება IRI-ის კვლევას, იქ მოქალაქეებს ჰკითხეს, ემხრობიან თუ არა საქართველოს გაწევრებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, სხვა ვარიანტების შეთავაზების გარეშე.

ამასთან, ეს ორი კვლევა სხვადასხვა დროს ჩატარდა: „ზინქ ნეთვორქისის“ დაკვეთით მომზადებული კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ჩაატარეს, IRI-სა კი — მარტში.

მიხეილ ბენიძე 

დროის გარემოებას მიხეილ ბენიძე განსაკუთრებით უსვამს ხაზს და მაგალითად მოჰყავს „ზინქ ნეთვორქის“ დაკვეთით ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვა მარტში, სადაც ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერა, იანვართან შედარებით, გაზრდილი იყო. ნატოს შესახებ ამ კვლევის ავტორებს აღარ უკითხავთ.

“ჩვენ ვხედავთ, რომ იანვარში უფრო მაღალი იყო დეზინფორმაციისადმი მოწყვლადობა და შეიძლება, შედარებით ნაკლები იყო პროდასავლური პოზიციები, თუმცა მარტის თვეში უკვე ტენდენციის ცვლილებას ვხედავთ. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ როდისაა ჩატარებული კვლევა, შეიძლება განსხვავებული შედეგები იყოს”, — დასძენს ის.

რა შეიძლება განაპირობებდეს საზოგადოებრივ აზრში სხვაობებს სულ რამდენიმე თვის ინტერვალით? ბენიძის სიტყვებით, დროის ამა თუ იმ მონაკვეთში განვითარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები გავლენას ახდენს მოქალაქეთა ხედვებზე.

მაგალითად, „ზინქ ნეთვორქის“ მარტის კვლევა, რომელშიც ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მაჩვენებლის ზრდა ჩანს, ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო, პროდასავლური დემონსტრაციების შემდეგ ჩატარდა.

“ყველაფერი ის, თუ რა ხდება ქვეყანაში, სხვადასხვა დოზით აისახება მოსახლეობის განწყობებზე”, — დასძენს ბენიძე.

“მნიშვნელოვანია პროდასავლური მუხტის შენარჩუნება”

მიხეილ ბენიძის შეფასებით, მოსახლეობის ნაწილის მოწყვლადობა კონკრეტული დეზინფორმაციების მიმართ ქმნის ფანჯარას “სხვადასხვა მავნე აქტორისთვის”, რომ მსგავსი გზავნილებით სამომავლოდაც იმოქმედოს საზოგადოებაზე. მისი თქმით, კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომელ საკითხებზეა მოქალაქეებთან სამუშაო.

ბენიძე დასავლური კურსის მხარდაჭერის კუთხით მარტის კვლევის პოზიტიურ შედეგზე მიანიშნებს და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია “პროდასავლური აქტივობების მუხტის შენარჩუნება”, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და სხვათა მონაწილეობით.

მისივე თქმით, ცხადია, კარგი იქნება, თუ პროცესში სახელმწიფოც ჩაერთვება.

თუმცა ომის დაწყების შემდეგ”ოცნება” საპირისპოროს უფრო აჩვენებს.

“არავისთვისაა სიახლე, რომ სამწუხაროდ, ხელისუფლება და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებიც არიან ამ დეზინფორმაციებში შემჩნეული”, — აღნიშნავს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი