ახალი ამბები

საფუძველი, რომ გამოძიებას არ ვენდო, ამ ეტაპზე არ მაქვს – დეპუტატი გულორდავა მამის დაკავებაზე

2 ნოემბერი, 2018 • 2328
საფუძველი, რომ გამოძიებას არ ვენდო, ამ ეტაპზე არ მაქვს – დეპუტატი გულორდავა მამის დაკავებაზე

სუს-ის მიერ კორუფციის ბრალდებით დაკავებული გია გულორდავას შვილი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გამოძიებას ენდობა. ამის შესახებ კომენტარი მან რ2-თან გააკეთა.

“საფუძველი, რომ გამოძიებას არ ვენდო, ამ ეტაპზე არ მაქვს.  კითხვები ალბათ არსებოდა… ალბათ, დკავებსაც აქვს საფუძველი.  დანარჩენს ალბათ იტყვის გამოძიება”, – აცხადებს გულორდავა, დეპუტატი მმართველი პარტიიდან.

ჟურნალისტის კითხვას, რატომ ენდობა ის გამოძიებას, როცა მამამისი ბრალს არ აღიარებს, დეპუტატი პასუხობს:

“ეს მისი უფლებაა, აღიარებს თუ არა, დაველდოდოთ გამოძიებას და სასამართლოს”.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და  რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

“შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი  განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი – რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის  მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია,” – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას  11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

13 სექტემბერს ზუგდიდის არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა მიზეზის დასახელების გარეშე დატოვა. ის ზუგდიდის მერის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი