ახალი ამბებისამართალი

ზუგდიდის ყოფილ მერთან და ვიცემერთან ერთად დაკავებული 2 პირი გირაოთი გაათავისუფლეს

1 აპრილი, 2019 • 1616
ზუგდიდის ყოფილ მერთან და ვიცემერთან ერთად დაკავებული 2 პირი გირაოთი გაათავისუფლეს

დღეს, პირველ აპრილს, ზუგდიდის ყოფილ მერ ლაშა გოგიასთან და ვიცემერ გია გულორდავასთან ერთად დაკავებული ორი პირი, თენგიზ ქობალია და ხუტა ბაღათურია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდანვე გაათავისუფლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ თენგიზ ქობალია, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, 10 000-ლარიანი გირაოს, ხოლო ხუტა ბაღათურია, რომელსაც ბრალად ცრუ ჩვენება წაუყენეს, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

პროკურორ ბექა ეჟიშვილის განცხადებით, ქობალიამაც და ბაღათურიამაც სრულად აღიარეს სასამართლოში ბრალი, რის სანაცვლოდაც მოსამართლემ მათ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. პროკურორის თქმით, თვითნ ზუგდიდის მერი და ვიცემერი ამ დრომდე არ აღიარებენ ბრალს.

ზუგდიდის ყოფილი მერის და ვიცემერის საქმე

დაკავებამდე თითქმის ორი თვით ადრე, 13 სექტემბერს, ზუგდიდის არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა მიზეზის დასახელების გარეშე დატოვა. ის მერის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე პირველ ნოემბერს დააკავა, ხოლო 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და  რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

გოგიასა და გულორდავას დაკავების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი