ახალი ამბები

რატომ იყო პატიმრობაში მყოფი ზუგდიდის ყოფილი მერი რესტორანში – პენიტენციურის განმარტება

22 დეკემბერი, 2019 • 2407
რატომ იყო პატიმრობაში მყოფი ზუგდიდის ყოფილი მერი რესტორანში – პენიტენციურის განმარტება

ზუგდიდის ყოფილი მერი, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება, საპატიმროს ნაცვლად რესტორანში იმყოფებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად odishinews.ge-მა გაავრცელა.

როგორც გამოცემა წერდა, ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია, რომელსაც 2 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის, თავის მეუღლესთან ერთად რესტორანში იმყოფება. აღნიშნულის ამსახველი ფოტო ლაშა გოგიას ცოლმა, საკუთარ fb გვერდზე გამოაქვეყნა.

ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. როგორ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, N16 პენიტენციური დაწესებულება, სადაც გოგია იხდის სასჯელს არის დაბალი რისკის დაწესებულება, სადაც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირებს პატიმრების გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილი.

უწყებაში ამბობენ, რომ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებული, რომლის მიერ ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 1 წელს:

“პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის თანახმად, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით დასვენებისა და უქმე დღეებში შესაძლებელია გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულს მიეცეს პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლება. პატიმრობის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები 2017 წლის ივნისში შევიდა და ამ ცვლილების ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 იანვარი განისაზღვრა” – აცხადებენ პენიტენიურში.

უწყებაში ამბობენ, რომ ნორმის ამოქმედებიდან დღეის ჩათვლით სულ 59-მა მსჯავრდებულმა ისარგებლა უქმე დღეებში პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლებით.

პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ ამჟამად აღნიშნული ნორმით სარგებლობს 10 მსჯავრდებული. მათ შორის, ეს უფლება მინიჭებული აქვთ მსჯავრდებულ ლაშა გოგიას და მის ყოფილ მოადგილეს გია გულორდავას:

“სასჯელის მოხდის პერიოდში მოცემული მსჯავრდებულების მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა და ისინი აკმაყოფილებენ სხვა კრიტერიუმებსაც, რაც ზემოთმოყვანილი უფლებით სარგებლობის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით არის დადგენილი” – აცხადებენ პენიტენციურში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა დააკავა 2018 ქწლს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი