ახალი ამბები

ზუგდიდის ყოფილი მერი უქმეებზე საპატიმროს ვეღარ დატოვებს

27 დეკემბერი, 2019 • 1223
ზუგდიდის ყოფილი მერი უქმეებზე საპატიმროს ვეღარ დატოვებს

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელიც სასჯელს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით იხდის, უქმეებზე საპატიმროს ვეღარ დატოვებს.

ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს. როგორც პენიტენციურში განმარტავენ, ლაშა გოგიამ ვერ გამოავლინა ის ქცევა, რაც გულისხმობს დანაშაულის გაცნობიერებას და, შესაბამისად, გარეთ გასვლის შეღავათი აქვს გაუქმებული.

ზუგდიდის ყოფილი მერი, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით პატიმრობაშია, საპატიმროს ნაცვლად რესტორანში იმყოფებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად odishinews.ge-მა გაავრცელა.

როგორც გამოცემა წერდა, ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია, რომელსაც 2- წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის, თავის მეუღლესთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა. აღნიშნულის ამსახველი ფოტო ლაშა გოგიას ცოლმა, საკუთარ fb გვერდზე გამოაქვეყნა.

მაშინ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ  N16 პენიტენციური დაწესებულება, სადაც გოგია იხდის სასჯელს, არის დაბალი რისკის დაწესებულება, რომელშიც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირებს პატიმრების გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილი.

უწყებაში აცხადებდნენ, რომ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებული, რომლის მიერ ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 1 წელს:

“პატიმრობის კოდექსის 716-ე მუხლის თანახმად, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, დასვენებისა და უქმე დღეებში შესაძლებელია გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულს მიეცეს პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლება. პატიმრობის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები 2017 წლის ივნისში შევიდა და ამ ცვლილების ამოქმედების ვადად 2018 წლის პირველი იანვარი განისაზღვრა” – აცხადებენ პენიტენციურში.

უწყებაში ასევე აღნიშნავდნენ, რომ ნორმის ამოქმედებიდან დღეის ჩათვლით სულ 59-მა მსჯავრდებულმა ისარგებლა უქმე დღეებში პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლებით.

პენიტენციურ სამსახურში ამბობდნენ, რომ აღნიშნული ნორმით სარგებლობდა 10 მსჯავრდებული და მათ შორის, ეს უფლება მინიჭებული ჰქონდა მსჯავრდებულ ლაშა გოგიას და მის ყოფილ მოადგილეს, გია გულორდავას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა  2018 წლს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი