ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი: რევოლუცია გრძელდება

23 ოქტომბერი, 2018 • 1526
ფაშინიანი: რევოლუცია გრძელდება

2018 წლის რევოლუციის ლიდერმა სომხეთში, ყოფილმა პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მოქალაქეებს კვლავ აქციებისკენ მოუწოდა. ამ განცხადებით მან გააპროტესტა სომხეთის პარლამენტის მიერ კენჭისყრის ჩაგდება.

22 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული, საარჩევნო კოდექსში შესატანი საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრა ჩააგდო. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკ ლაივით განცხადება გააკეთა და მოქალაქეებს მოუწოდა, არ დანებდნენ –  “რევოლუცია გრძელდება, დეპუტატების საბოტაჟი ვერ გაიმარჯვებს”.

“შეთავაზებული ცვლილებების მიზანი იყო, საარჩევნო კოდექსი უფრო მარტივი და გასაგები ყოფილიყო. ჩემი პოლიტიკური შეფასება ასეთია: ამ კენჭისყრით ეროვნულმა კრებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია და მათ გარეშე ჩვენ ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ.

ეს კენჭისყრა ჭეშმარიტ ვითარებას აჩვენებს, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა და მისი მხარდამჭერები ყველაფერს აკეთებენ საბოტაჟის პოლიტიკის გასატარებლად. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს ორჯერ მოხდა. ისინი იმედოვნებენ, რომ ამგვარად მათ შეუძლიათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რევანშის იარაღად აქციონ. არსებითად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ძველი კოდექსით ჩატარდება, ეს არაფერს ცვლის, რადგანაც გამარჯვება გარდაუვალია და წარსულში აღარ დავბრუნდებით.

მოვუწოდებ სომხეთის მოქალაქეებს, რეალურად მოემზადონ ვადამდელი არჩევნებისთვის და რევოლუცია ბოლომდე მიიყვანონ”, – განაცხადა ფაშინიანმა, რომლის მხარდაჭერაც სომხეთში დიდია.

ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც სომხეთის პრემიერის პოსტი 2018 წლის 8 მაისს, ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ დაიკავა, 16 ოქტომბერს გადადგა. გადადგომის მიზეზი მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და  არსებული კანონმდებლობაა.  გადადგომის მიუხედავად, არჩევნების შემდეგ ფაშინიანი პრემიერის რანგში დაბრუნებას აპირებს.

სომხეთში საპარლამენტო უმრავლესობას დღემდე ყოფილი მმართველი პარტია “რესპუბლიკელები” წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი