ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მიდის იმიტომ, რომ დარჩეს – ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მიზეზები

16 ოქტომბერი, 2018 • 9208
მიდის იმიტომ, რომ დარჩეს – ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მიზეზები

უცხოელებისთვის, რომლებიც სომხეთში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან, სულ უფრო რთულია გაერკვნენ, რა ხდება სომხეთში. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ მსოფლიო მედია საპროტესტო აქციების შედეგად ნიკოლ ფაშიანიანის ხელისუფლებაში მოსვლის საყოველთაო ზეიმის შესახებ წერდა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ნიკოლ ფაშინიანი უნდა გადადგეს. მაშ, რაშია საქმე?

რეალურად, ფაშინიანის გადადგომა მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯია. მეტიც, თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება და პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად დარჩა, გადადგომა პრაქტიკულად ფორმალური ხასიათის იქნება და ფაშინიანი ქვეყნის მმართველობას, როგორც მინიმუმ, დეკემბერში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე გააგრძელებს. სომხეთში ეჭვი არავის ეპარება, რომ ფაშინიანის პოლიტიკური ძალა არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

მიზეზი, რის გამოც ფაშინიანი უნდა გადადგეს, ის კონსტიტუციაა, რომელიც სომხეთს სერჟ სარგსიანისგან მემკვიდრეობით ერგო. 2015 წელს მიღებული კონსტიტუციით, სომხეთი არა მხოლოდ გადაიქცა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად, არამედ შეტანილი იყო ისეთი ცვლილებები, რაც პრემიერის გადადგომისა და პარლამენტის დათხოვნის პროცესს ართულებდა.

საბოლოო ჯამში, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად შემდეგი თანმიმდევრული ქმედებებია საჭირო. პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, რის შემდეგაც პარლამენტს ორჯერ ახალი პრემიერის არჩევის შესაძლებლობა ექნება. თუ პარლამენტმა ახალი პრემიერი აირჩია ორ ცდაზე, ეს ავტომატურად ნიშნავს პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელ არჩევნებს.

საქმის სამართლებრივი დეტალების შესახებ საუბრის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, ფაშინიანის გადადგომა პრაქტიკულად ერთადერთი რეალური საშუალებაა ქვეყანაში იმ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ არსებული პარლამენტი საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობებს არ ასახავს.

იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კონსტიტუციით სომხეთი უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა, შექმნილ ვითარებას ხელისუფლების ჩამოშლა შეუძლია. შესაბამისად, ახალი არჩევნები აუცილებელი და საჭიროა.

თეორიულად, ახალ ხელისუფლებას შეეძლო ძველი პარლამენტის პირობებშიც მუშაობა, თუმცა რიგი მიზეზების გამო პრაქტიკაში ეს შეუძლებელი გახდა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება იმ პოლიტიკურ ძალას ეკუთვნის, რომელსაც პარლამენტში მხოლოდ 9 მანდატი აქვს, საპარლამენტო მართვის  სისტემის პირობებში ეს გარკვეულწილად აბსურდულია.

სურვილის შემთხვევაში, პარლამენტის ამჟამინდელ უმრავლესობას შეუძლია ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ინიციატივის დაბლოკვა, შესაბამისად კი – რეფორმების გატარების შეზღუდვა.

ამასთან, 2017 წლის საპარლამენტო არჩევნები მრავალრიცხოვანი დარღვევებით ჩატარდა, კერძოდ, დაფიქსირებული იყო ამომრჩევლებისთვის ქრთამის მიცემისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები. თუკი 2017 წლის არჩევნებში გამარჯვებულ რესპუბლიკელებს რაიმე რეალური მხარდაჭერა ჰქონდათ, ამჟამად, რევოლუციის შემდეგ, მათი მხარდაჭერის მაჩვენებელი ნულს უტოლდება.

შესაბამისად, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა სომხეთში პოლიტიკური ძალების რეალური გადანაწილება ასახოს. მით უმეტეს, რომ რევოლუციის დღეებში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო.

[blue_box]რამ შეიძლება ამას ხელი შეუშალოს?[/blue_box]

ფაშინიანის გადადგომა ასევე სარისკოა როგორც მისთვის და მისი პოლიტიკური ძალისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის.

საქმე ის არის, რომ რესპუბლიკელებს, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ საპარლამენტო უმრავლესობას, სხვა პრემიერის არჩევა შეუძლიათ. სიტუაციის ასე განვითარების ალბათობა არ არის დიდი, თუმცა ამის სრულიად უგულებელყოფაც არასწორი იქნებოდა.

სომხეთში  დღეს არსებული ვითარების, რევოლუციის თითქმის უნივერსალური მხარდაჭერისა და ძველი ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულების პირობებში ეს ავანტიურა გაუთვალისწინებელი შედეგების მომტანი იქნებოდა. ფაქტიურად, ასეთი ნაბიჯი ფორმალურად  შეესაბამება კანონმდებლობას, თუმცა საზოგადოების მხრიდან აღქმული იქნება როგორც გადატრიალების მცდელობა და ქვეყანაში მასობრივი პროტესტის ახალ ტალღას და დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

ამის მიუხედავად, ბევრ რესპუბლიკელს აღარაფერი აქვს დასაკარგი. დეპუტატის მანდატის დაკარგვით ისინი არა მხოლოდ კარიერულ პერპექტივებს დაკარგავენ, შესაძლებელია, კორუფციულ ფაქტებზე ბრალდებულის სკამებზეც აღმოჩნდნენ. ამასთან, ამ ნაბიჯის გადადგმა მათ შეუძლიათ ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წაქეზებით. რობერტ ქოჩარიანს ასევე ემუქრება პატიმრობა 2008 წლის პირველი მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე.

ფაშიანიანის გადადგომის შემთხვევაში, ზოგიერთი ანალიტიკოსი სომხეთში მოვლენების განვითარების საკმაოდ არსასურველ სურათს ხატავდა: პარლამენტი სხვა პრემიერს ირჩევს, ამასთან, ეს პრემიერი შესაძლოა იყოს ქოჩარიანი ან მისი არაპოპულარობის გათვალისწინებით, რომელიმე ნეიტრალური ფიგურა, თუმცა ქოჩარიანის ან სერჟ სარგსიანის რეალური ხელისუფლების შემთხვევაში.

ასეთი სცენარის ფარგლებში გარდაუვალი მასობრივი პროტესტის ჩასახშობად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, შემოიყვანენ ჯარს, შესაძლოა, სხვა ქვეყნის [გასაგებია, რომ ამ კონტექტსში რუსულ ჯარებზეა საუბარი].  

საბოლოოდ, ყოველივე ეს შესაძლებელია დაემთხვეს შესაძლო პროვოკაციებს მთიან ყარაბაღში, რაც შიდა პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ყურადღებას მოადუნებს. ეს სცენარი შეიძლება ერთი შეხედვით ფანტასტიკას წარმოადგენდეს, თუმცა წინა ხელისუფლების მიმართ დიდი უნდობლობის მიზეზის გამო საკმაოდ ძლიერ მღელვარებას გამოიწვევს როგორც საზოგადოებაში, ასევე აქტივისტებსა და ექსპერტებს შორის.

იმის მიუხედავად, რომ აქ წარმოდგენილი აპოკალიპტური სცენარი ნაკლებ სავრაუდოა, დღეს არსებულ პარლამენტს საკმაოდ ფართო შესაძლებლობები აქვს ფაშინიანისთვის და რევოლუციის მხარდამჭერებისთვის სირთულეების შესაქმნელად და “ზეიმის ჩასაშლელად”.

ამის გამოხატულებად იქცა პარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ართულებს პარლამენტის დათხოვნას და ზღუდავს ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების პარლამენტზე ზეწოლის შესაძლებლობას.

აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის სხდომა დეპუტატებზე “ზეწოლის” შედეგად არ ჩატარდა, ის ჩაითვლება “შეწყვეტილად” და პრაქტიკულად უსასრულოდ შეიძლება გადავადდეს. ამასთან, “ზეწოლის” გაგება კანონში ბუნდოვანია და ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. ამგვარად, ფაშინიანის მომხრეები კარგავენ შესაძლებლობას, ქუჩის აქციების საშუალებით პარლამენტი დაითხოვონ. მეტიც, იქმნება სიტუაცია, სადაც დეპუტატებს შეუძლიათ “ზეწოლის” საბაბით პარლამენტის დათხოვნის პრაქტიკულად უსასრულოდ გადავადება.

 

[red_box]ფაშინიანის საპასუხო დარტყმა[/red_box]

სავარაუდოდ, ცვლილებების მიღებით რესპუბლიკური და სხვა პარტიის წევრები მათთვის მომგებიანი მოლაპარაკებათა პროცესის  უზრუნველყოფას შეეცადნენ და ფაშინიანს აიძულებენ, არჩევნები გადადოს. საკმაოდ რთული წარმოსადგენია, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ და, მით უმეტეს, პარლამენტში წარმოდგენილმა სხვა პარტიებმა, რეალურად მოინდომონ, რომ ფაშინიანის ნაცვლად საკუთარი კანდიდატურა აირჩიონ.

უფრო მეტად რეალისტურია მიზანი, რომლისკენაც ისინი მიისწრაფიან – არჩევნები ჩაატარონ მომავალი წლის მაისში/ივნისში. არგუმენტი, რომელსაც ამ მოთხოვნის დასაცავად იყენებენ, არის ის, რომ თუ არჩევნები ახლა გაიმართება, ფაშინიანის პარტია ხმათა დაახლოებით 70-80%-ს მიიღებს, რასაც, როგორც ფაშინიანის კრიტიკოსები ამბობენ, პოლიტიკური მონოპოლიის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. თუმცა ეს არგუმენტი არდამაჯერებლად ჟღერს რესპუბლიკელების მხრიდან, რომლებიც  ფაქტიურად სომხეთის ხელისუფლებაში მონოპოლისტები იყვნენ ათწლეულების განმავლობაში.  

რაც არ უნდა იყოს, ცვლილებების მიღებამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელები საკუთარ თამაშს აგრძელებენ. პარტიები, აღორძინებული სომხეთი და დაშნაკციუტუნი კი, რომლებიც მმართველ კოალიციაში შედიან, რესპუბლიკელების თამაშს აჰყვნენ. ცვლილებების მისაღებად კენჭისყრის დროს ორივე პარტიამ რესპუბლიკელებს დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი მხოლოდ თავად ფაშინიანის ფრაქცია “ელკი” გამოვიდა. თვითონ კენჭისყრა არასტანდარტულ პირობებში გაიმართა: საღამოს, ვადამდელ საპარლამენტო სესიაზე, გამორთული მიკროფონებით, სადაც ჟურნლისტების შეშვების შეზღუდვასაც შეეცადნენ.

შეიქმნა ისეთი სიტუაცია, სადაც ფაშინიანსა და “სარევოლუციო ბანაკს” ინიციატივის დათმობა შეეძლოთ. ამიტომ ფაშინიანი უკვე გადამწყვეტ ქმედებებზე გადავიდა. კენჭისყრის შედეგების გაგების შემდეგ ფაშინიანმა მხარდამჭერებს ქუჩებსა და ეროვნული კრების შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა. პარლამენტის სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ქუჩებში უკვე ათობით ათასი ადამიანი პარლამენტის დათხოვნას მოითხოვდა. მასობრივი აქციები სომხეთის რეგიონებშიც დაიწყო. გარდა ამისა, ფაშინიანმა აღორძინებული სომხეთისა და დაშნაკციუტუნის პარტიებიდან მთავრობის წევრების დათხოვნის შესახებ გაანცხადა [ მოგვიანებით, დაშნაკციუტუნში განაცხადეს, რომ მათი წევრები მინისტრების პოსტებიდან თავად გადადგნენ].

იმის მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებმა ცვლილებების მიღების წინააღმდეგ საკმაოდ გვიან გამოთქვეს პროტესტი, მიზანს მაინც მიაღწიეს. ფაშინიანმა აჩვენა, რომ ერთი საათის განმავლობაში ათეულობით ათასი მხარდამჭერის შეკრება შეუძლია. 23 სექტემბრის ერევნის მერის არჩევნების შედეგებთან ერთად, პარლამენტის დეპუტატებისთვის ეს იქნება დამატებითი არგუმენტი, თუკი ისინი ფაშინიანის ნაცვლად პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატის გაყვანას შეეცდებიან.

როგორც გაირკვა, პროტესტის შედეგად გაიმართა მოლაპარაკებები ფაშინიანს, აღორძინებულ სომხეთსა და დაშნაკციუტუნს შორის, რომლის წევრებმაც განაცხადეს, რომ ფაშინიანის გადადგომის შემთხვევაში, საკუთარ კანდიდატებს პრემიერის პოსტზე არ წამოაყენებენ.

ფაშინიანსა და აღორძინებული სომხეთის ლიდერს, გაგიკ წარუკიანს შორის შესაბამის მემორანდუმსაც კი მოეწერა ხელი. ასევე, რესპუბლიკელთა ფრაქციიდან დეპუტატების ნაწილმა უკვე გამოთქვა მზაობა, ისე მოიქცნენ კენჭისყრის პროცესში, რომ დეკემბერში არჩევნები ექსცესების გარეშე ჩატარდეს.

თავად რესპუბლიკელთა ფრაქციამ განაცხადა, რომ დეკემბერში არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია, მაგრამ საკუთარ კანდიდატს არ წარადგენენ. თუმცა ეს საკითხი კვლავ ბუნდოვანია.

ყოფილი მმართველი პარტიის მიმართ საზოგადოების უნდობლობა იმდენად დიდია, რომ ხალხი  მათ დაპირებას ვერ ენდობა. რაც არ უნდა იყოს, ნიკოლ ფაშინიანი დღეს გადადგება და არჩევნებამდე ხალხი სულმოუთქმელად დაელოდება ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის განვითარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი