ახალი ამბები

სუბელიანი მზად იყო, სააკაშვილი მოეკლა — ახალი ჩანაწერი რუსთავი2-ზე

17 ოქტომბერი, 2018 • 2555
სუბელიანი მზად იყო, სააკაშვილი მოეკლა — ახალი ჩანაწერი რუსთავი2-ზე

ტელეკომპანია “რუსთავი2” აქვეყნებს ახალ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, არხის თანახმად, საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან — ვიქტორ ჯაფარიძე — და სუბელიანის ნდობით აღჭურვილი პირი დავით ცუხიშვილი.

ტელეკომპანიის ცნობით, სუბელიანი ახსენებს სხვადასხვა ადამიანს, რომელთა მაკომპრომატირებელი მასალებიც აქვს.

ერთ-ერთი ასეთია სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახი კახიშვილი, რომლისგანაც სუბელიანი, ჩანაწერის თანახმად, მოითხოვდა განსაკუთრებულ პირობებს ციხეში და ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებდა.

რუსთავი2-ის თანახმად, სუბელიანი, სანამ პოლიციას ჩაბარდებოდა, მინისტრ კახა კახიშვილს შეხვდა და  საკანში განსაკუთრებული პირობების შექმნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 2013 წელს გაკეთებული ჩანაწერის გამოქვეყნებით დაემუქრა.

ჩანაწერში ადამიანი, რომელსაც რუსთავი2 მირზა სუბელიანად ასახელებს, ამბობს, რომ მზად არის “ქართული ოცნებისთვის” მიხეილ სააკაშვილი “გაანეიტრალოს” :

“გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ …. ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა და მაგასთან შეკვრა არ მინდა, ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე”.

ჩანაწერში ისმის სოზარ სუბარის გვარიც — რუსთავი2-ის თანახმად, სუბელიანი ამბობს, რომ სუბარია ის პიროვნება, რომელიც სუბელიანს “აკონტროლებდა”, თუმცა სუბელიანი ამბობს, რომ მათი გზები “გაიყრება”:

“ერთადერთი ფაქტორი, ძმაო, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს. არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე მივალ და ამ კაცს ავუხსნი. ის თვითონ გულგატეხილია, ის ჩემზე მეტს ნერვიულობდა და ვეტყვი, რომ სოზარ, შენ ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება. მე რასაც გავაკეთებ, მე ვიცი”…


წინა ჩანაწერების შესახებ წაიკითხეთ “ნეტგაზეთზე”:

რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები

პროკურატურა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ახალ ჩანაწერს აქვეყნებს

6 ივლისს რუსთაველზე არაფერი ხდებოდა და სუბელიანი სარალიძეზე ინფორმაციას ვერ მიიღებდა – გვარამია

მასალების გადაბეჭდვის წესი