ახალი ამბები

6 ივლისს რუსთაველზე არაფერი ხდებოდა და სუბელიანი სარალიძეზე ინფორმაციას ვერ მიიღებდა – გვარამია

16 ოქტომბერი, 2018 • 1836
6 ივლისს რუსთაველზე არაფერი ხდებოდა და სუბელიანი სარალიძეზე ინფორმაციას ვერ მიიღებდა – გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ  პროკურატურის მიერ 16 ოქტომბერს მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერი დადგმულია.

გვარამიას თქმით, ორ პირს შორის დიალოგი, თუ ისინი წინასაწარ დაწერილ ტექსტს არ კითხულობენ, ერთ ტონალობაში არ მიმდინარეობს. საუბრებს შორის არსებობს ე.წ ტეხილი, რაც ხმის ტონალობის ცვლილებას გულისხმობს.

“ამ საუბარში რომელიმე მხარის მიერ ინტონაციის აწევა ან დაწევა საერთოდ არ ისმის. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საუბარში მონაწილე ორივე მხარემ იცის, რომ მათ იწერენ. განსხვავებით ჩვენი ჩანაწერისგან, სადაც ხან ჩურჩულებენ და ხანაც ყვირიან. ნებისმიერი კრიმინალისტი და ფსიქოლოგი გეტყვით, რომ საუბრები მიმდინარეობს ე.წ გადაფარვებით. ორი პირის საუბარი არასდროს არ მიმდინარეობს ისე, რომ ჯერ ერთმა თქვას სათქმელი, ამ დროს მეორე ელოდება და როცა დაასრულებს, მერე ის პასუხობს. ასე ცოცხალ ადამიანებს შორის საუბრები არ მიმდინარეობს” ,– აცხადებს ნიკა გვარამია.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მათ მიერ გასაჯაროებული ჩანაწერი 6 ივლისს არის გაკეთებული. როგორც გვარამია ირწმუნება, ამ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ყველაფერი იცის, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება. მირზა სუბელიანი შსს-მ 9 ივნისს დააკავა, გვარამიას თქმით, რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციები 11 ივნისს დასრულდა.

“6 ივლისს რუსთაველის გამზირზე არაფერი ხდებოდა. მირზა სუბელიანს რუსთაველის გამზირიდან ინფორმაცია მისაღები არ ჰქონდა, ანუ ვერაფერ ახალს ის ვერ შეიტყობდა”, – აცხადებს ნიკა გვარამია.


დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, უწყების რწმუნებით, მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერი 2018 წლის 6 ივლისსაა მომზადებული, მანამ, სანამ მეორე საუბარი შედგებოდა, რომლის ჩანაწერიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” ეთერში 14 ოქტომბერს გაუშვა.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ეუბნება, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი და მზადაა, ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ განცხადებები გააკეთოს.

პროკურატურის ჩანაწერის გამოქვეყნებას წინ უძღოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები, რომელიც ციხეშია ჩაწერილი. ტელეარხის ცნობით, ჩანაწერებში საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ. ინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი