ახალი ამბები

სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების დრო ხალვაშზეა დამოკიდებული – წულუკიანი

18 ივლისი, 2019 • 1546
სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების დრო ხალვაშზეა დამოკიდებული – წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ქიბარ ხალვაშზეა დამოკიდებული, როდის აღსრულდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი2”-ის საქმეზე შეჩერების ღონისძიების მოხსნის შესახებ. ამის შესახებ მან სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების ერთადერთი პუნქტი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შეჩერების ღონისძიების მოხსნაა: სტრასბურგის იმ მექანიზმისა, რომლის ძალითაც 2017 წლიდან დღემდე – 18 ივლისამდე – საქართველოს სამივე ინსტანციის გადაწყვეტილება იყო შეჩერებული ტელეარხის ქიბარ ხალვაშისათვის მიკუთვნების შესახებ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის აღსრულდება აღნიშნული მექანიზმის მოხსნის გადაწყვეტილება, წულუკიანმა უპასუხა:

“სახელმწიფოს გადასაწყვეტი არაა, როდის შეიძლება შეჩერების მოხსნის გადაწყვეტილება აღსრულდეს. ეს მთლიანადაა დამოკიდებული იმ მესაკუთრეზე ტელეკომპანიისა, რომელიც უზენაესი სასამართლოს 2 მარტის  გადაწყვეტილებით არის ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია”, – თქვა მან.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს.

რა გადაწყვიტა სტრასბურგმა რ2-ის საქმეზე | საიას ანალიზი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი