ახალი ამბები

TI “ძალა ერთობაშიას” ტექნიკური კანდიდატების რეკლამებში კანონდარღვევას ხედავს

11 ოქტომბერი, 2018 • 1590
TI “ძალა ერთობაშიას” ტექნიკური კანდიდატების რეკლამებში კანონდარღვევას ხედავს

“საერთაშორიოს გამჭვირვალობა საქართველო” (TI) გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის სასარგებლოდ ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ უფასო სარეკლამო დროის დათმობაში კანონდარღვევას ხედავს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის უფასო რეკლამები თავიანთი შინაარსით, ფაქტობრივად, პრეზიდენტობის ერთი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რეკლამას წარმოადგენს. ასეთი ქმედება, ორგანიზაციის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ გაღებულ შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს. ქართული კანონმდებლობით კი, ამის უფლება პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ 10-მა პოლიტიკურმა პარტიამ (მათგან ხუთი კვალიფიცური პარტიაა) შექმნა კოალიცია „ძალა ერთობაშია“ და საზოგადოებას პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარუდგინა:

“თუმცა, ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ შეიქმნას საარჩევნო ბლოკი, რომელიც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს წარადგენს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გრიგოლ ვაშაძე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” წარადგინა (#5), ხოლო დანარჩენმა კვალიფიციურმა პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ფორმალურად წარედგინათ საკუთარი კანდიდატები, რითაც უფასო სარეკლამო დრო და საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლის დაფინანსების უფლება მოიპოვეს” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური რეკლამის საკითხებს შესწავლის პროცესში აღმოაჩინეს, რომ ზემოთ ნახსენები 4 საარჩევნო სუბიექტის უფასო სატელევიზიო რეკლამები საკუთარი კანდიდატების აგიტაციაზე უფრო მეტად გრიგოლ ვაშაძის რეკლამირებას ემსახურება.

“ვაშაძე ან პირდაპირ ჩანს ამ რეკლამებში, ან ყოველი რეკლამის ბოლოს რეკლამის დამკვეთთან ერთად ჩნდება წარწერა, სადაც ვაშაძის სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერია მითითებული (იხილეთ თანდართული ფოტოები სარეკლამო ვიდეოებიდან). შედეგად, გამოდის, რომ ერთი პოლიკური პარტია მეორეს უსასყიდლოდ აძლევს გარკვეულ სარგებელს, რაც შემოწირულებას წარმოადგენს. ქართული კანონმდებლობით პოლიტიკურ პარტიებს აკრძალული აქვთ შემოწირულობის განხორციელება”, – აცხადებს TI.

  • ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, შეისწავლონ ეს საკითხი და მიიღონ შესაბამისი ზომები;
  • ზემოთ აღნიშნულ ოთხ საარჩევნო სუბიექტს, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეკლამებს უკანონო შემოწირულობად მიიჩნევს, შეწყვიტონ მსგავსი რეკლამების განთავსება.

მასალების გადაბეჭდვის წესი