ახალი ამბები

ვაშაძე: ქალიშვილი მყავს დაფიცებული, შიდა პოლიტიკაზე სიტყვას არ ვამბობ

11 ნოემბერი, 2022 • 875
ვაშაძე: ქალიშვილი მყავს დაფიცებული, შიდა პოლიტიკაზე სიტყვას არ ვამბობ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე ტელეკომპანია „პირველისთვის” მიცემულ კომენტარში აცხადებს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე „სიტყვას არ ამბობს“. აღნიშნული კომენტარი ვაშაძემ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

გრიგოლ ვაშაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გეგმავდა თუ არა ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას:

„წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მელაპარაკები. შენს ოჯახში რა ხდება, ვიცი? ისე არ ვიცი, იქ რა ხდება. არ მაინტერესებს, არ მკითხოთ. ქალიშვილი მყავს დაფიცებული, სიტყვას არ ვამბობ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე“, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პარლამენტში ენმ-ის სიით შევიდა, ის პარტიის თავმჯდომარეც იყო, თუმცა 2020 წლის 15 დეკემბერს განაცხადა, რომ პარტიას და თანამდებობას ტოვებდა. პარტიის დატოვების მიზეზებს შორის იგი ასახელებდა პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენას, ასევე, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებულ თავდასხმასა” და სხვა უთანხმოებებს. როგორც ის წერდა, “უაღრესად უძნელდება” აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი