ახალი ამბები

გორის მერიას გამოძიების დასრულებამდე მაქარაშვილის ინციდენტზე რეაგირება არ ექნება

11 ოქტომბერი, 2018 • 5939
გორის მერიას გამოძიების დასრულებამდე მაქარაშვილის ინციდენტზე რეაგირება არ ექნება

გორის მერიას გამოძიების დასრულებამდე რეაგირება არ ექნება ინციდენტზე, რა დროსაც მერიის თანამშრომელმა აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგავი ჩამოამხო. გადაწყვეტილების შესახებ ნეტგაზეთს მერიის პრესსამსახურმა აცნობა. გამოძიება შსს-მ 126-ე (ძალადობის) მუხლით დაიწყო.

სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც სხვა აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, თავზე ნაგვით სავსე სათლი მერიის მაღალჩინოსანმა დაამხო. შემთხვევა 10 ოქტომბერს მოხდა.

რაც შეეხება თავად აქტივისტების პროტესტს, როგორც გიგა მაქარაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, გორში ქალაქის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადების გასაპროტესტებლად გორის მერიის წინ ნაკელი და ხორბალი დაყარეს.

“ამით გავაპროტესტეთ თავზარაშვილის განცხადება, სადაც მან საქართველო დაადანაშაულა აგვისტოს ომის დაწყებაში. ჩვენ მისგან გამოსვლას და ბოდიშის მოხდას ვითხოვდით. აქცია რომ დასრულდა, ჩვენ მიერ დაყრილ ხორბალსა და ფუნას ვაგროვებდით, რა დროს უკნიდან მომეპარა მერიის თანამშრომელი და ხორბალი თავზე ჩამომამხო”, – უთხრა მაქარაშვილმა ნეტგაზეთს. მისივე განმარტებით, იქვე იმყოფებოდა პოლიცია, რომელმაც რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა და პოლიციის განყოფილებაში გამოკითხა მაქარაშვილი. ის ელოდება, რომ პოლიცია მერიის თანამშრომელსაც გამოკითხავს.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს, კაცი, რომელმაც მაქარაშვილს ნაგავი დააყარა, გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თემურ მანველიშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი