ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2019 წლის ნოემბერში „სირცხვილიას“ ლიდერების, გიგა მაქარაშვილისა და ზუკა ბერძენიშვილის დაკავების საქმეზე სახელმწიფოს არ დაურღვევია ადამიანის უფლებათა კონვენციის რომელიმე მუხლი, თუმცა ორი მუხლის დარღვევა დადგინა კიდევ ერთი დემონსტრანტის, ირაკლი კაჭარავას მიმართ.
საქმის გარემოებები ასეთია: 2019 წლის 19-20 ივნისს, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში სხდომის წაყვანის შემდეგ, მრავალათასიანი დემონსტრაციების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება გასცა.
თუმცა იმავე შემოდგომაზე მმართველმა გუნდმა დაპირება უკან წაიღო და შერეული საარჩევნო სისტემა დატოვა ძალაში, რასაც კვლავ მოჰყვა დემონსტრაციები. ერთ-ერთი დემონსტრაცია გაიმართა 17-18 ნოემბერსაც.
2019 წლის 18 ნოემბერს პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა დემონსტრანტები, რომლებსაც პარლამენტის შესასვლელი და მისკენ მიმავალი გზა ჰქონდათ ბლოკირებული. იმ დღეს, ჯამში, 37 პირი დააკავეს, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებოდნენ. დაკავებულთა შორის იყო სამი მომჩივანი: გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა და ზუკა ბერძენიშვილი.
გიგა მაქარაშვილი დააკავეს 17:20 საათზე, 9 აპრილის ქუჩაზე, ბერძენიშვილიც- ამავე დროს, იქვე, კაჭარავა კი – 19:15 საათზე, რუსთაველის გამზირზე. მათ პოლიცია ედავებოდა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას.
სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის პირველი სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის მიმართ არ დადგინდა არც საქმის სამართლიანი განხილვის უფლებისა და არც შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევა.
რაც შეეხება ირაკლი კაჭარავას, მის მიმართ ორივე ამ მუხლის დარღვევა დადგინდა.
სასამართლოს თანახმად, წარმოდგენილი მასალებით ვერ დადასტურდა, რომ კაჭარავა დემონსტრაციის ორგანიზატორთა შორის იყო, ან ის, რომ პირადად ბლოკავდა პარლამენტის შესასვლელს ან უწევდა წინააღმდეგობას პოლიციელებს, რომლებიც ცდილობდნენ შესასვლელის „გაწმენდას“.
მასალების თანახმად, იგი დააკავეს 2 საათში მას შემდეგ, რაც პოლიციამ პარლამენტის შესასვლელების „გახსნა“ დაიწყო; ამასთან, სასამართლოს თანახმად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ წარმოადგინეს ისეთი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ მისი 4-დღიანი პატიმრობა აუცილებელი და პროპორციული ზომა იყო.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მთავრობამ ირაკლი კაჭარავას უნდა გადაუხადოს 1600 ევრო არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.
მომჩივნებს წარმოადგენდა ედუარდ მარიკაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი.