„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC) გორის სოციალური საცხოვრისიდან უსახლკარო პირების დაუყოვნებლივ გაყვანას და ღირსეული და უსაფრთხო ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 8 მაისს გაავრცელა.
ცენტრის ცნობით, სოციალურ საცხოვრისში 103 უსახლკარო ადამიანი ნარკოლოგიური კლინიკის ყოფილ შენობაში უკიდურესად მძიმე და ღირსების შემლახველ გარემოში ცხოვრობს. ბენეფიციარებს შორის არიან არასრულწლოვნები, ხანდაზმულები, ვეტერანები და შშმ პირები.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საცხოვრისში არსებული მდგომარეობა არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევა, არამედ სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციით გარანტირებული პრინციპის უგულებელყოფაცაა:
“მუნიციპალიტეტის მხრიდან სრული უგულებელყოფის პირობებში, უსახლკარო პირები იძულებულნი არიან, უკიდურესად მძიმე და ღირსებაშემლახველ პირობებში იცხოვრონ, რადგან საცხოვრისის დატოვება მათთვის ქუჩაში დარჩენას ნიშნავს”, — ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მხრიდან მყისიერ რეაგირებას საჭიროებს:
- შენობის მდგომარეობა, რომლის დაზიანებაც შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია – ირღვევა შენობის უკანა კედელი, საცხოვრისი დანესტიანებულია, ხოლო დეფორმირებული ჭერი და კედლები ინგრევა. ამის გამო უსახლკარო პირები საცხოვრისის ჩამოქცევის მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ;
- ინდივიდუალური სველი წერტილების არარსებობა – ინდივიდუალურ საცხოვრებელ სივრცეში არ არსებობს სველი წერტილი (საპირფარეშო და სასმელი წყალი). საერთო სარგებლობის სველი წერტილები მხოლოდ დერეფნების ბოლოშია (თითოეულ სართულზე 2 სველი წერტილია), რომელიც არაიზოლირებული და იმდენად ავარიულია, რომ საცხოვრისში შეუძლებელია სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მინიმალური დაცვაც კი. დამატებით, მცხოვრებლებს არ მიუწვდებათ ხელი თბილ/ცხელ წყალზე;
- გადატვირთულობა – სოციალური საცხოვრისის ფართობი შეუსაბამოა მასში მცხოვრებელთა სულადობასთან; მაგალითად, 3-სულიანი ოჯახი ცხოვრობს 11 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელში;
- არასათანადო გათბობა – ინდივიდუალურად გამოყოფილ საცხოვრებელ ფართებს ზოგიერთ შემთხვევაში არ აქვს კარები და საცხოვრებელი ფართი საერთო სივრცისგან (დერეფნისგან) იზოლირებულია ნაჭრის ფარდით, რის გამოც ვერ ხერხდება საცხოვრებელი სივრცის სათანადოდ დათბობა;
- შშმ პირებისა და ხანდაზმულებისათვის შენობის მისაწვდომობის არარსებობა – საცხოვრებელი სივრცის მიუწვდომლობის გამო, აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ საცხოვრისის შიდა პერიმეტრზე გადასაადგილებლად, მათი ნაწილი კი საერთოდ ვერ გადაადგილდება.
ორგანიზაციის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული პირობების შესახებ ინფორმირებულია და, როგორც ბენეფიციარები მიუთითებენ, მათი არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ საკითხზე მათ მიმართვებს რეაგირება არ მოჰყოლია.
ამასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა გორის მუნიციპალიტეტის მერიას. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.