ახალი ამბები

მაქარაშვილი: აქციის მონაწილეები რუსთაველზე მთელი ღამე დავრჩებით

3 ივლისი, 2022 • 1447
მაქარაშვილი: აქციის მონაწილეები რუსთაველზე მთელი ღამე დავრჩებით

3 ივლისის აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება. ამის შესახებ აცხადებს მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი – გიგა მაქარაშვილი.

დღეს პარლამენტის წინ სამოქალაქო სექტორი აქციას სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ მართავს. როგორც ნეტგაზეთთან საუბარში გიგა მაქარაშვილი განმარტავს, აქცია ბოლომდე დარჩება მშვიდობიანი, ღამისთვის კი ორგანიზატორებს არაერთი ღონისძიება აქვთ დაგეგმილი.

„ისევე როგორც ყოველთვის, ყველა ჩვენს აქციაზე ბოლომდე მშვიდობიანებად ვრჩებით და იქნება ძალიან საინტერესო. მოეწყობა რამდენიმე საინტერესო კუთხე, ასევე ეკრანი, სადაც ფილმების ჩვენება არის დაგეგმილი. ასევე გვექნება რამდენიმე კუთხე, სადაც იქ მყოფი ადამიანები ცნობილ პირებს გაესაუბრებიან, იქნებიან მწერლები, მუსიკოსები.. გვექნება კვების რამდენიმე ობიექტი, სადაც შესაძლებელი იქნება, ცხელი სასმელი და საჭმელი მთელი ღამის განმავლობაში.

ვფიქრობ, რომ იქნება მუსიკაც, რომელიც გვჭირდება ხოლმე ღამე, კლუბების თაობას განსაკუთრებით. მოკლედ, ახლა რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მთელი ღამე იქნება ძალიან საინტერესო. ეს არის კარგად დაგეგმილი, ევროპული სახის ღამის „ივენთი“. ძალიან გვინდა კარგად ვაჩვენოთ ევროპას, რომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნები დავამძიმეთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მიუხედავად ყველა უბედურებისა, რომელიც დაგვმართა ამ ხელისუფლებამ – ვაპირებთ, რომ ბოლომდე ვიყოთ კონსტრუქციულები, ვიყოთ ევროპული კულტურის ნაწილი, არამხოლოდ სიტყვითა და საქმით.

როდესაც უკვე კარგად გათენდება, ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც დარჩება მთელი ღამის განმავლობაში – გადავწყვეტ, როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი პროტესტი დილით,“ – აცხადებს ის.

ნეტგაზეთის კითხვაზე, მიიღებს თუ არა ღამით გამზირზე დარჩენა პერმანენტულ სახეს, მაქარაშვილი ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია როგორც აქციის მონაწილეთა პოზიციაზე, ასევე „ქართული ოცნების“ პასუხზე დღევანდელი აქციის მიმართ. კითხვაზე, აპირებენ თუ არა აქციის მონაწილეები, რომ რუსთაველზე კარვები გაშალონ, მაქარაშვილი გვპასუხობს, რომ ეს ინდივიდუალურ სურვილზე იქნება დამოკიდებული.

გარეკანი ფოტო: გიგა მაქარაშვილის პირადი ფეისბუკ გვერდი


აქცია „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით იმართება და მას უერთდებიან ძირითადი ოპოზიციური პარტიები.

მანამდე, აქციები გაიმართა 20 და 24 ივნისს, ამ უკანასკნელის დროს, აქციის მონაწილეებმა რა დროსაც წამოაყენეს მთავარი მოთხოვნები:

„ერთი კვირის ვადაში გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკავშირის 12 მოთხოვნას, სანამ ზამთარი მოვა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი