ახალი ამბები

რუმინეთის რეფერენდუმი ოჯახის ცნების შესახებ დაბალი აქტივობის გამო ჩავარდა

8 ოქტომბერი, 2018 • 1982
რუმინეთის რეფერენდუმი ოჯახის ცნების შესახებ დაბალი აქტივობის გამო ჩავარდა

რეფერენდუმი, რომელიც რუმინეთის კონსტიტუციაში ოჯახის ცნების შეცვლისაკენ იყო მოწოდებული, ამომრჩეველთა დაბალი აქტივონის გამო ჩავარდა. ბოლო ცნობებს ამის შესახებ euronews ქვეყნის ეროვნულ საარჩევნო ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.

იმისათვის, რომ რეფერენდუმის შედეგები ვალიდურად ჩათვლილიყო, ამომრჩეველთა აქტივობა, მინიმუმ, 30% უნდა ყოფილიყო. თუმცა, საარჩევნო უბნებზე სულ 20.4% მივიდა. შედეგები ჯერ ცნობილი არაა, თუმცა უკვე ფაქტია, რომ ხმის დათვლის პროცედურას მხოლოდ ფორმალური სახე ექნება.

რუმინეთში საკამათო რეფერენდუმი 6-7 ოქტომბერს იყო ჩანიშნული. ამომრჩეველს უნდა ეპასუხა კითხვაზე, სურდა თუ არა, კონსტიტუციაში ოჯახი ქალისა და კაცის ერთობად ჩაწერილიყო. დადებითი პასუხის გამარჯვების შემთხვევაში, მეტად გართულდრბოდა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას, თუ ეს სამომავლოდ დღის წესრიგში დადგება.

ამჟამად, რუმინეთის კონსტიტუციაში ოჯახი განსაზღვრულია, როგორც “ორი მეუღლის ერთობა”.

რეფერენდუმი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ოჯახის ცნების შეცვლაზე ორიენტირებულმა კონსერვატიულმა ჯგუფებმა 3 მილიონი ხელმოწერა შეაგროვეს. ვარაუდობენ, რომ რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ ცვლილებას მხარი დაუჭირა, ვინაიდან მისი მოწინააღმდეგეები საზოგადოებას პროცესის ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ.

რეფერენდუმის ჩატარებას მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია მხარს უჭერდა. კრიტიკოსები კი დაგეგმილ რეფერენდუმს ლგბტ საზოგადოების დისკრიმინაციად და ადამიანის უფლებათა დარღვევად მიიჩნევდნენ. მათ ასევე მიაჩნდათ, რომ 43 მილიონი ევროს დახარჯვა, რომელიც აღნიშნულისთვის უნდა გამოიყოს, მთავრობას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებისთვისაც შეეძლო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი